მეცნიერთა გარკვეული ნაწილი წლებია, ერთ საინტერესო თეორიას განიხილავს. ამ კონცეფციის, პანსპერმიის მიხედვით, სიცოცხლის საშენი მასალა კოსმოსურმა მტვერმა, ასტეროიდებმა ან კომეტებმა უზარმაზარ მანძილზე გაავრცელეს. ზოგიერთი მკვლევარი, მათ შორის ლეგენდარული ასტრონომი კარლ სეიგანი, უფრო შორსაც მიდიოდა და უშვებდა შესაძლებლობას, რომ ეს „თესლი“ შორეულ პლანეტებზე გონიერმა ცივილიზაციებმა მიზანმიმართულადაც კი დათესეს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ჰიპოთეზა ფანტასტიკის სფეროს უფრო ჰგავს, მან ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტრონომის, ავი ლოების ყურადღება მიიქცია.
გასულ წელს ჩვენს მზის სისტემას იდუმალი ვარსკვლავთშორისი ობიექტი, სახელად 3I/ATLAS ესტუმრა და თავისი ხანმოკლე ვიზიტისას საოცრად ახლოს ჩაუარა რამდენიმე პლანეტას. ობიექტზე თვეების განმავლობაში დაკვირვების შემდეგ, ლოებმა გამოთქვა ვარაუდი: რა მოხდება, თუ 3I/ATLAS თავისი მოგზაურობისას სწორედ სიცოცხლის საშენ მასალას ფანტავდა?
ასტრონომი ამ პროცესს ბაბუაწვერას ადარებს, რომელიც ნაყოფიერ ნიადაგზე მოსახვედრად ქარს საკუთარ თესლს ატანს. მისი აზრით, არამიწიერი სიცოცხლე კომეტის ყინულოვან რეზერვუარებში გადარჩებოდა, მზის სისტემის პლანეტებთან მიახლოებისას კი გათავისუფლდებოდა და გავრცელდებოდა.
ლოები არ გამორიცხავს, რომ საქმე უშუალოდ მართვად პანსპერმიასთან გვქონდეს.
„არსებობს მართვადი პანსპერმიის შესაძლებლობა, სადაც ვარსკვლავთშორისმა „მებაღემ“ 3I/ATLAS მზის სისტემის სასიცოცხლო პლანეტების გასანაყოფიერებლად, სპეციალური მისიით გამოგზავნა“, – წერს ასტრონომი საკუთარ ბლოგზე.
მისი თქმით, სწორედ ეს ხსნის 3I/ATLAS-ის ტრაექტორიისა და სასიცოცხლო პლანეტების ორბიტალური სიბრტყის იშვიათ დამთხვევას, ისევე როგორც მზისკენ მიმართულ ჭავლს, რომელმაც მზის რადიაციასა და ქარში გაიარა.
აღსანიშნავია, რომ ლოები 3I/ATLAS-ის შესახებ თამამი განცხადებებით მანამდეც გამოირჩეოდა. თავდაპირველად ის აქტიურად ამტკიცებდა, რომ ობიექტი შესაძლოა უცხოპლანეტელთა მიერ გამოგზავნილი ხომალდი ყოფილიყო. მართალია, უახლესმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ის უბრალოდ ყინულისა და კლდისგან შემდგარი კომეტაა, თუმცა ამას პროფესორის ენთუზიაზმი არ გაუნელებია – ის ვარსკვლავთშორისი სტუმრის მიღმა უცხო ცივილიზაციის კვალს მაინც ეძებს.
სამეცნიერო საზოგადოება ლოების იდეებს სკეპტიკურად უყურებს. თავად პანსპერმიის თეორიაც კი მეცნიერებს შორის დღემდე მწვავე დავის საგანია. ბევრი მიიჩნევს, რომ სიცოცხლის ბაზისური ელემენტები დედამიწაზე თავიდანვე არსებობდა. კიდევ უფრო საეჭვოა ის ფაქტი, თუ როგორ შეძლებდა ეს „თესლი“ გადარჩენას მზის სისტემის სხვა, უფრო ექსტრემალურ და მტრულ გარემოში.
თუმცა ლოებისთვის ეს მომაჯადოებელი აზრობრივი ექსპერიმენტია, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი აქვს და მოქმედებისკენ უნდა გვიბიძგოს. ის გვთავაზობს, გავუშვათ კოსმოსური ზონდი, რომელიც 3I/ATLAS-ის მსგავს აისბერგებს პირდაპირ შეეჯახება.
„ამ შეჯახებით ჩვენ შევძლებთ, შევისწავლოთ მათი შემადგენლობა და გავიგოთ, ატარებენ თუ არა ისინი არამიწიერ სიცოცხლეს. და თუ ასეა, მთავარი კითხვა ის იქნება, ჰგავს თუ არა ეს არამიწიერი სიცოცხლე იმას, რასაც ჩვენ ვიცნობთ“, – განმარტავს ლოები. „თუ ჰგავს, მაშინ იქნებ დედამიწაზე სიცოცხლე მართლაც ვარსკვლავთშორისმა მებაღემ დათესა“.

