მკვლევრებმა ანტარქტიდის მუდმივი ყინულის საფარის ქვეშ, დაახლოებით ორი მილის სიღრმეზე, მონუმენტური გეოლოგიური სტრუქტურის არსებობა გამოავლინეს. ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ეს მასიური სტრუქტურა აერთიანებს აქამდე ცალ-ცალკე შესწავლილ ისეთ გლაციალურ ობიექტებს, როგორებიცაა აღმოსავლეთ ანტარქტიდის უილკსისა და ავრორას ყინულქვეშა აუზები და პლანეტის ყველაზე დიდი ყინულქვეშა ტბა – ვოსტოკი. წლების განმავლობაში მეცნიერები მათ დამოუკიდებელ ობიექტებად მიიჩნევდნენ და მხოლოდ ახლა აღიქვეს ერთი დიდი თავსატეხის ნაწილებად.
ამ ახლადაღმოჩენილ გიგანტურ სისტემას „აღმოსავლეთ ანტარქტიდის მარაოსებრი აუზის პროვინცია“ (East Antarctic Fan-shaped Basin Province) ეწოდა და ის, სავარაუდოდ, დედამიწაზე თავისი ტიპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გეოლოგიური ობიექტია.
მისი რუკის შესადგენად მეცნიერებმა სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემები გააერთიანეს, მათ შორის გეოლოგიური დაკვირვებები, გრავიტაციული და მაგნიტური გაზომვები და დედამიწის ქერქის მოდელები. ამ ინფორმაციის ანალიზმა აჩვენა, რომ სტრუქტურა ჩამოყალიბდა პროცესით, რომელსაც „განაწილებული როტაციული გაფართოება“ ეწოდება. ამ დროს კონტინენტური ქერქი მილიონობით წლის განმავლობაში ცენტრალური წერტილიდან ნელ-ნელა გარე მიმართულებით იჭიმება.
მართალია, მიღებული დასკვნების დასადასტურებლად დამატებითი კვლევებია საჭირო, თუმცა ეს თეორიული ფორმაცია უდიდეს როლს თამაშობს ანტარქტიდის ისტორიის გაგებაში. ის დაგვეხმარება იმის გარკვევაში, თუ როგორ ჩამოყალიბდა კონტინენტი და როგორ მოახდენს რეაგირებას მისი სამი მთავარი მყინვარული ფარი კლიმატის დათბობაზე.
როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, აღნიშნული აუზები აღმოსავლეთ ანტარქტიდის მყინვარული ფარის დაახლოებით ნახევრის ქვეშ მდებარეობს. შესაბამისად, ისინი დიდ გავლენას ახდენენ როგორც ყინულის დინებაზე, ისე ლანდშაფტის ევოლუციაზე, რაც მათ ანტარქტიდის გლაციალური და ჰიდროლოგიური პროცესებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს ხდის.
წყარო: Futurism

