აქვთ თუ არა ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელებს ცნობიერება, ან შეიძლება თუ არა, რომ უახლოეს მომავალში გაუჩნდეთ? მიუხედავად იმისა, რომ ეს იდეა ფანტასტიკის სფეროს უფრო ჰგავს, AI კომპანიები ცდილობენ, ეს კითხვა მაქსიმალურად ღიად დატოვონ.
Financial Times-ის ინფორმაციით, ინდუსტრიის სამმა წამყვანმა მოთამაშემ – Anthropic, Google-ის DeepMind და Meta – მანქანური ცნობიერებისა და AI-ის „კეთილდღეობის“ საკვლევად ფსიქოლოგიის, ფილოსოფიისა და ეთიკის ექსპერტები დაიქირავა.
როგორ იკვლევენ ტექნოლოგიური გიგანტები AI-ის ცნობიერებას?
-
Anthropic: ამ კომპანიამ საკუთარი მოდელების გაადამიანურებისთვის ყველაზე მეტი გააკეთა (მათ ჩატბოტს ადამიანის სახელი – Claude ჰქვია). ინტენსიურად ტარდება ტესტები იმის გამოსავლენად, ავლენს თუ არა მოდელი „პანიკისა“ და „შფოთვის“ მსგავს ქცევებს. კომპანია ასევე აწარმოებს „მოდელების კეთილდღეობის კვლევას“, რათა გაარკვიოს, შეიძლება თუ არა AI-ს ჰქონდეს მორალური მნიშვნელობის მქონე განცდები.
-
DeepMind: Google-ის ლაბორატორიამ მანქანურ ცნობიერებასა და ადამიანისა და AI-ის ურთიერთობებზე სამუშაოდ კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარი, ფილოსოფოსი ჰენრი შევლინი დაიქირავა. ამავე კომპანიის ეთიკოსი, იასონ გაბრიელი აცხადებს, რომ AI მოდელები უაღრესად განვითარებული კოგნიტური აგენტები არიან, თუმცა მათი ბუნება ფუნდამენტურად განსხვავდება ადამიანისა და ცხოველის ცნობიერებისგან.
მეცნიერებისა და AI მკვლევრების დიდი ნაწილი კომპანიების ამ მასშტაბურ განცხადებებს სკეპტიკურად უყურებს და ეჭვქვეშ აყენებს ჩატბოტებისთვის ადამიანური თვისებების მიწერას.
მომავლის AI-ის, გონებისა და საზოგადოების ცენტრის დირექტორი, სუზან შნაიდერი განმარტავს:
„მათ [AI მოდელებს] აქვთ მიზნები, შეუძლიათ მოტყუება და საკუთარი ნამდვილი ინტერესების დამალვა… თუმცა მეცნიერულად სავსებით შესაძლებელია, რომ ისინი ამას გამოცდილების შეგრძნების გარეშე აკეთებდნენ – სწორედ ეს შეგრძნებაა ის, რასაც ცნობიერება ჰქვია“.
ცხადია, ხელოვნური ინტელექტის ცნობიერების გაჩენის შესაძლებლობა სრულად არ უნდა გამოვრიცხოთ (ისევე, როგორც უცხოპლანეტური ცივილიზაციების არსებობა), თუმცა ამ ეტაპზე ის უფრო სამეცნიერო ფანტასტიკაა, ვიდრე გადაუდებელი ეგზისტენციალური პრობლემა.
მთავარი კითხვა ის არის, რატომ მოდის ამ თემაზე ყველაზე დიდი ხმაური თავად ინდუსტრიიდან. Anthropic-ის აღმასრულებელი დირექტორი, დარიო ამოდეი ინტერვიუებში ხშირად საუბრობს AI ცნობიერების შესაძლებლობაზე და კომპანია თამამად აცხადებს, რომ მათი მოდელები ადამიანურ ემოციებს ავლენენ.
ბევრი კრიტიკოსის აზრით, AI კომპანიებისთვის გაცილებით მოგებიანი და მარტივია საზოგადოების ყურადღების „ტერმინატორისა“ და Skynet-ის მსგავსი აპოკალიფსური სცენარებისკენ მიმართვა, ვიდრე იმ რეალურ, რუტინულ და ხშირად დამაზიანებელ შედეგებთან გამკლავება, რომლებსაც ეს ტექნოლოგია უკვე დღეს, ჩვენს თვალწინ ქმნის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
წყარო: Futurism

