ჩინეთმა, შანხაის სანაპიროსთან, მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი აამოქმედა. ეს ნაბიჯი ხელოვნური ინტელექტის ბუმით გამოწვეული ენერგეტიკული გამოწვევების გადაჭრას ემსახურება. შანხაის ლინგანგის სადემონსტრაციო პროექტი, რომლის სიმძლავრეც 24 მეგავატია, მაისში გაეშვა და ის კომპანია HiCloud Technology-ისა და სახელმწიფო კორპორაცია China Communications Construction-ის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.
მონაცემთა ცენტრი შანხაის სანაპიროდან 10 კილომეტრის დაშორებით, წყლის ზედაპირიდან 10 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს და იქვე არსებული ოფშორული ქარის ელექტროსადგურიდან მარაგდება ენერგიით. ჩინეთის მთავრობის განცხადებით, სახმელეთო ცენტრებთან შედარებით, ის ელექტროენერგიის მოხმარებას 20%-ზე მეტით ამცირებს.
ეს ეფექტიანობა განპირობებულია როგორც განახლებადი ენერგიის გამოყენებით, ისე ზღვის წყლის ბუნებრივი გამაგრილებელი ეფექტით. ტრადიციულ ცენტრებში ელექტროენერგიის 25-დან 40%-მდე სწორედ სერვერების გადახურებისგან დასაცავად, წყლის გაგრილების მილსადენ სისტემებზე იხარჯება.
ენერგიის გარდა, პროექტი მტკნარი წყლის უზარმაზარ რესურსსაც ზოგავს. ტრადიციული მონაცემთა ცენტრები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ფიზიკურ ხერხემალს წარმოადგენენ, წყლის დიდი მოხმარების გამო ხშირად ხვდებიან კრიტიკის სამიზნეში. გაეროს გაფრთხილებით, 2030 წლისთვის მონაცემთა ცენტრების მიერ წყლის მოხმარებამ შესაძლოა 9.3 ტრილიონ ლიტრს მიაღწიოს – ეს რაოდენობა სუბსაჰარული აფრიკის 1.3 მილიარდი მაცხოვრებლის წლიურ საყოფაცხოვრებო მოთხოვნას უტოლდება. წყალქვეშა განთავსება კი მტკნარ წყალზე დამოკიდებულებას საგრძნობლად ამცირებს.
მსგავსი ექსპერიმენტი ჯერ კიდევ 2018 წელს Microsoft-მაც ჩაატარა შოტლანდიაში, თუმცა მათი პროგრესი მოგვიანებით შეფერხდა. ექსპერტების აზრით, ჩინეთმა კომერციულ დანერგვაში კონკურენტებს იმიტომ აჯობა, რომ ბაზრის მოთხოვნა, ინდუსტრიული შესაძლებლობები, საზღვაო ინჟინერია და სამთავრობო პოლიტიკა ერთ პროექტში სწრაფად გააერთიანა.
ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერა ჩინეთის ეკონომიკური სტრატეგიის მთავარი საყრდენია. მთავრობის გეგმით, 2030 წლისთვის AI ინფრასტრუქტურისთვის სუფთა ენერგიის მიწოდება მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს, რასაც 1.6 მილიარდი იუანის ღირებულების შანხაის პროექტიც მოწმობს. (აღსანიშნავია, რომ HiCloud-მა მსოფლიოში პირველი კომერციული წყალქვეშა ცენტრი 2023 წელსაც გაუშვა კუნძულ ხაინანზე, თუმცა შანხაის პროექტი პირველია, რომელიც უშუალოდ ქარის ენერგიაზე მუშაობს).
რაც შეეხება ეკოლოგიურ რისკებს, წყალქვეშა ცენტრებმა შეიძლება გამოიწვიოს ნალექების შეშფოთება ან ზღვის წყლის ლოკალური გათბობა. თუმცა საზღვაო ბიოლოგების, კერძოდ, პროფესორ რიკ სტაფორდის შეფასებით, ეს რისკები მართვადია. ზღვის წყლით გაგრილება მართლაც იწვევს ტემპერატურის ლოკალურ მატებას, მაგრამ მას ფართომასშტაბიანი გავლენა არ ექნება, რაც წყალქვეშა მონაცემთა ცენტრების იდეას საბოლოო ჯამში პერსპექტიულსა და უსაფრთხოს ხდის.
წყარო: The Guardian

