ხუთ, 11 ივნ, 2026

SpaceX-ის მოსალოდნელი IPO: რეკორდული შეფასება და ინვესტორთა სკეპტიციზმი

ორ კვირაზე ოდნავ მეტ დროში SpaceX საჯარო კომპანია გახდება (გავა IPO-ზე) და 75 მილიარდი დოლარის მოზიდვას გეგმავს. კომპანიის შეფასება არნახულ 1.75 ტრილიონ...

ორ კვირაზე ოდნავ მეტ დროში SpaceX საჯარო კომპანია გახდება (გავა IPO-ზე) და 75 მილიარდი დოლარის მოზიდვას გეგმავს. კომპანიის შეფასება არნახულ 1.75 ტრილიონ დოლარს შეადგენს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი შეიძლება 2 ტრილიონამდეც გაიზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ SpaceX-მა NASA-ს მთვარეზე დაბრუნების მისიაში საკვანძო როლი დაიმკვიდრა და მას ილონ მასკის AI სტარტაპი – xAI-ც შეერწყა, ანალიტიკოსები შიშობენ, რომ კომპანია მასშტაბურად გადაფასებულია და მისი აქციების ყიდვა, შესაძლოა, საშინელი საინვესტიციო გადაწყვეტილება აღმოჩნდეს.

Morningstar-ის ანალიტიკოსების აზრით, ინვესტორებს აქციების უფრო მიმზიდველ ფასად შეძენის შესაძლებლობა IPO-ს შემდეგ მიეცემათ. მათი ვარაუდით, კომპანიის რეალური ღირებულება დაახლოებით 780 მილიარდი დოლარია, რაც კერძო ბაზრის 1.5-ტრილიონიან შეფასებაზე 48 პროცენტით ნაკლებია. სკეპტიციზმს კომპანიის ფინანსური მაჩვენებლებიც ამყარებს: მხოლოდ 2025 წელს SpaceX-მა თითქმის 5 მილიარდი დოლარი იზარალა, მიმდინარე წლის (2026) პირველ კვარტალში კი წმინდა ზარალმა 4 მილიარდი შეადგინა.

ფინანსურ არასტაბილურობას კიდევ უფრო ამწვავებს xAI-ის შემოერთება, რადგან ხელოვნური ინტელექტის სეგმენტი კაპიტალტევადია, სწრაფად ხარჯავს რესურსებს და, Morningstar-ის შეფასებით, კომპანიის ღირებულების განადგურების სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. თავად SpaceX-იც 20 მაისს მარეგულირებელთან (SEC) წარდგენილ დოკუმენტაციაში აღიარებს, რომ ისტორიულად ზარალზე მუშაობს, შესაძლოა ვერც ვერასდროს გახდეს მომგებიანი და დიდწილად არის დამოკიდებული აშშ-ის მთავრობის კონტრაქტებზე, რომლებიც კონკურენტული ტენდერების საფუძველზე გაიცემა.

მიუხედავად ამ რისკებისა, მოკლევადიან პერსპექტივაში ინვესტორთა დიდმა ენთუზიაზმმა, მსოფლიო საინვესტიციო ბანკების მხარდაჭერამ და IPO-დან 15 სავაჭრო დღეში Nasdaq 100-ის ინდექსში მოსალოდნელმა ჩართვამ აქციების ფასი შეიძლება მაინც გაზარდოს.

თუმცა საცალო ინვესტორები ფრთხილობენ და ტრილიონობით დოლარად შეფასებულ კომპანიას ეჭვის თვალით უყურებენ. როგორც ერთ-ერთი ინვესტორი, ნილ როზენბაუმი აღნიშნავს, კომპანიის რეალურ შემოსავალსა და მოგებასა და მის შეფასებას შორის სხვაობა არალოგიკურია. ბევრი მასკის კიდევ ერთი კომპანიის, Tesla-ს გამოცდილებას იხსენებს, რომლის აქციების გადაჭარბებული ფასიც ხშირად ბიზნესის ფუნდამენტურ მონაცემებზე მეტად, უშუალოდ აღმასრულებელი დირექტორის პერსონის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერას ასახავს. ამ ყველაფრის ფონზე, ინტერნეტსივრცეში ზოგიერთი მომხმარებელი უკვე იმასაც ურჩევს სხვებს, რომ ფულის საშოვნელად ფსონი SpaceX-ის წინააღმდეგ განათავსონ.

წყარო: Futurism