ხელოვნური ინტელექტი იმდენად დაიხვეწა, რომ რეალური და გენერირებული ფოტოების ერთმანეთისგან გარჩევა სულ უფრო რთული ხდება. წარსულში AI ხშირად უშვებდა თვალშისაცემ შეცდომებს, მაგალითად, ადამიანს ექვს თითს ან უცნაურ საყურეს უხატავდა. თუმცა ტექნოლოგია საკუთარ შეცდომებზე სწავლობს და მსგავსი ხარვეზები უკვე იშვიათობაა. ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორმა, ემი დაუელმა და აბერდინის უნივერსიტეტის მკვლევარმა, დოქტორმა კლერ საზერლენდმა გადაწყვიტეს შეესწავლათ, შესაძლებელია თუ არა ადამიანების გაწვრთნა ყალბი სახეების ამოსაცნობად.
ექსპერიმენტისთვის, რომელშიც სუპერ-რეალისტური გენერატორის (StyleGAN3) მიერ შექმნილი ათასობით ფოტო გამოიყენეს, მკვლევრებმა მონაწილეების ყურადღება ექვს ძირითად მახასიათებელზე გაამახვილეს:
- პირველი არის სიმეტრია – AI იშვიათად იმეორებს ადამიანურ ბუნებრივ უზუსტობებს და თუ სახე ზედმეტად სრულყოფილია, ის სავარაუდოდ ყალბია.
- მეორეა პროპორციულობა, რადგან ზედმეტად დიდი ცხვირი ან გამოკვეთილი ყურები გენერირებულ სურათებში თითქმის არ გვხვდება.
- მესამე მახასიათებელი მიმზიდველობაა, ვინაიდან ხელოვნური ინტელექტი ძირითადად ესთეტიკურად სასიამოვნო სტანდარტებს ირჩევს.
- მეოთხე ნიშანია ინდივიდუალურობის ნაკლებობა, რადგან სურათები ხშირად საშუალო მაჩვენებლისკენ იხრება და ნაკლებად გამოირჩევა.
- მეხუთეა გამომსახველობა – შექმნილი სახეები ბევრად ნაკლებ ემოციას გამოხატავს.
- ბოლო, მეექვსე მახასიათებელი კი დამახსოვრებადობაა, რადგან ასეთი ფოტოების გონებაში აღბეჭდვა რთულია.
ამასთან, აღმოჩნდა, რომ AI სისტემებს უჭირთ ხანდაზმული, ძალიან ახალგაზრდა ან არათეთრკანიანი ადამიანების სახეების გენერირება, რადგან მათი საწვრთნელი ბაზა ძირითადად ახალგაზრდა თეთრკანიანი ადამიანების ფოტოებისგან შედგება.
ეს მახასიათებლები შეიძლება ოდნავ ბუნდოვნად ჟღერდეს, მაგრამ მთავარი მიზანი ინტუიციის გამომუშავებაა. კვლევამ აჩვენა, რომ ტრენინგის შემდეგ ადამიანების სიზუსტის მაჩვენებელი 40%-დან 80%-მდე გაიზარდა, ზოგიერთმა კი 100%-იან შედეგსაც მიაღწია.
ეს უნარი თანამედროვე სამყაროში უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ყალბი სურათებისა და ვიდეოების მთავარი საფრთხე თაღლითობა და პოლიტიკური ჯაშუშობაა. კომპანია Deloitte-ის პროგნოზით, მხოლოდ აშშ-ში მომავალ წელს Deepfake თაღლითობით მიყენებული ზარალი 40 მილიარდ ფუნტს მიაღწევს. მაგალითად, ჰონგ-კონგში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც თანამშრომელმა გაყალბებულ დირექტორთან ვიდეოზარის შემდეგ თაღლითებს 25 მილიონი ფუნტი გადაურიცხა. პოლიტიკური ჯაშუშობის კუთხით კი, ჯერ კიდევ 2019 წელს გაირკვა, რომ LinkedIn-ზე არსებული კეტი ჯონსის პროფილი რეალურად რუსული დაზვერვის მიერ შექმნილი Deepfake იყო, რომელმაც აშშ-ის ეროვნული უშიშროების მაღალჩინოსნებთან კავშირის დამყარება მოახერხა.
მიუხედავად საფრთხეებისა, კლერ საზერლენდი ტექნოლოგიის პოზიტიურ მხარეებსაც ხედავს. მისი აზრით, AI შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს დაკარგული ბავშვების საძიებო პროცესში, რადგან ტექნოლოგიას შეუძლია სწრაფად გვიჩვენოს, თუ როგორ იცვლება ადამიანის გარეგნობა ასაკის მატებასთან ერთად. საბოლოო ჯამში, ჩვენ ჯერ არ ვცხოვრობთ დისტოპიურ სამყაროში, სადაც რეალობისა და კომპიუტერული გრაფიკის გარჩევა შეუძლებელია. თუმცა საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ხელოვნური ინტელექტი მუდმივად ვითარდება და შესაძლოა, ეს აკადემიური კვლევებიც კი უკვე „წაკითხული“ ჰქონდეს, რათა მომავალში საკუთარი შეცდომები გამოასწოროს.
წყარო: BBC

