კომპანია Anthropic-მა სააგენტო Mother London-თან თანამშრომლობით ახალი სარეკლამო რგოლი გამოუშვა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიმართ საზოგადოებაში არსებულ ორჭოფულ დამოკიდებულებას ასახავს.
ვიდეო იწყება მძიმე კითხვებით ტექნოლოგიის სანდოობაზე, სამუშაო ადგილების დაკარგვასა და შრომის მომავალზე, თუმცა შუა ნაწილში ტონი რადიკალურად იცვლება და ყურადღება მახვილდება იმაზე, თუ როგორ შეიძლება AI დაგვეხმაროს ადამიანური კავშირების გაღრმავებაში, სხვადასხვა დაავადების განკურნებასა და საზოგადოების პოზიტიურ ტრანსფორმაციაში. მიუხედავად იმისა, რომ კამპანია ეფუძნება ფართომასშტაბიან კვლევას, რომელშიც 120 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, რგოლმა მაინც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
საზოგადოების ნაწილისთვის რეკლამის მესიჯები ფარისევლურად ჟღერს, რადგან ტექნოლოგიურ რისკებზე საჯაროდ სწორედ ის კომპანია საუბრობს, რომელიც თავად მიუძღვის წინ ამ სწრაფ და ხშირად დაუნდობელ ცვლილებებს. ეს სიტუაცია ნათლად აჩვენებს იმ გამოუვალ მდგომარეობას, რომელშიც AI ბრენდები იმყოფებიან: ზედმეტად სახალისო რეკლამა რეალურ პრობლემებს აკნინებს, ხოლო სერიოზული ტონი მომხმარებლებისთვის არაგულწრფელად აღიქმება. ამ სკეპტიციზმს კიდევ უფრო ამძაფრებს Anthropic-ის აღმასრულებელი დირექტორის, დარიო ამოდეის ბოლოდროინდელი განცხადებებიც – მან ცოტა ხნის წინ კომპანიის უახლეს მოდელ Mythos-ში აღმოჩენილ უსაფრთხოების რისკებზე გაამახვილა ყურადღება და ინდუსტრიის განვითარების დროებითი შეჩერების იდეასაც კი დაუჭირა მხარი.
ნეგატიური გამოხმაურება მხოლოდ რეკლამას არ უკავშირდება და ინდუსტრიის ბევრად ღრმა პრობლემაზე მიუთითებს. სტატისტიკის თანახმად, შეერთებულ შტატებში მაისის თვეში სამუშაო ადგილების შემცირების 43 პროცენტი სწორედ ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდებოდა. ამას ემატება ახალი მონაცემთა ცენტრების მშენებლობითა და მათი უზარმაზარი რესურსებით გამოწვეული უკმაყოფილება.
მილიარდერი ინვესტორის, მარკ კუბანის აზრით, ტექნოლოგიური გიგანტების მიმართ არსებული საყოველთაო ბრაზის განეიტრალება მხოლოდ სარეკლამო კამპანიებით უკვე შეუძლებელია. ის მიიჩნევს, რომ კომპანიებმა პრიორიტეტი არა AI-ს უპირატესობების ახსნას, არამედ სამუშაოს დაკარგვით დაზარალებული თემების უშუალო დახმარებას უნდა მიანიჭონ, რადგან საზოგადოების სიძულვილი, საბოლოო ჯამში, ყველაზე მეტად თავად ბიზნესს დააზარალებს.
წყარო: Fast Company

