ორშ, 1 ივნ, 2026
გაჯეტები

Apple-ის იმერსიული ვიდეოს ახალი სტანდარტი

Apple-ის იმერსიული ვიდეოს (AIV) წარმოება ექსპერიმენტულ ფაზას გასცდა და რეალურ სამყაროში ინაცვლებს. ამ პროცესში მთავარ გამოწვევად მონაცემთა კოლოსალური მოცულობა რჩება. ბუნებრივია, ჩნდება...

Apple-ის იმერსიული ვიდეოს (AIV) წარმოება ექსპერიმენტულ ფაზას გასცდა და რეალურ სამყაროში ინაცვლებს. ამ პროცესში მთავარ გამოწვევად მონაცემთა კოლოსალური მოცულობა რჩება. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: როგორ უნდა მივიტანოთ მაღალი ხარისხის იმერსიული კონტენტი სტრიმინგ პლატფორმებამდე ისე, რომ მონაცემთა ოკეანეში არ დავიხრჩოთ?

Main Course Films-თან თანამშრომლობით, მოკლემეტრაჟიანი ფილმის, The Dobos Connection-ის მაგალითზე სრულიად ახალი მიდგომა დაიტესტა. მიზანი თეორიული მსჯელობა კი არა, ისეთი პრაქტიკული სამუშაო პროცესის შექმნა იყო, რომელიც რეალური წარმოების მკაცრ მოთხოვნებს გაუძლებდა და, ამავდროულად, იმერსიული თხრობისთვის აუცილებელ ვიზუალურ სიზუსტეს შეინარჩუნებდა.

ოქროს შუალედი სტრიმინგისთვის

ეს ახალი მეთოდი სპეციალურად სტრიმინგისთვისაა შექმნილი. რა თქმა უნდა, Apple Vision Pro-ზე ლოკალური დაკვრისთვის კვლავ AIVU ინსტრუმენტებია საჭირო, ხოლო გრძელვადიანი არქივირებისთვის – დაუმუშავებელი ProRes ფორმატი. თუმცა კონტენტის სტრიმინგ სერვისებამდე მისატანად ტრადიციული გზები არაეფექტურია.

უზარმაზარი ProRes ფაილების ან, პირიქით, დაბალხარისხიანი პრევიუების ნაცვლად, სამუშაო პროცესი DaVinci Resolve-ის არსებულ ინსტრუმენტებს იყენებს. ამ გზით იქმნება MV-HEVC ფორმატის შუალედური ფაილი, რომელიც ProRes-თან შედარებით დაახლოებით ათჯერ მცირე ზომისაა, მაგრამ სრულად ინარჩუნებს HLS (HTTP Live Streaming) ენკოდინგისთვის საჭირო უმაღლეს ხარისხს.

რეჟისორ კლარა ჩონგის ფილმის, The Dobos Connection-ის შემთხვევაში, ამან რადიკალური პრაქტიკული სხვაობა მოგვცა: 1.3-ტერაბიტიანი მასალის ნაცვლად, ასატვირთი ფაილის მოცულობა 83 გიგაბაიტამდე შემცირდა. მარტივად რომ ვთქვათ, მონაცემები 16-ჯერ დაპატარავდა. მასშტაბურ პროექტებში მსგავსი სხვაობა მხოლოდ კომფორტის საკითხი აღარ არის – სწორედ ეს წყვეტს, პროექტი განხორციელებადია თუ ტექნიკურად შეუძლებელი.

ტექნიკური კულისები: ლიმიტებს მიღმა

ამ მეთოდის ბირთვში MV-HEVC (H.265) დგას, რომელიც მომხმარებლისთვის განკუთვნილ სტანდარტულ ლიმიტებს სცდება. მასალა სრული 8160 x 7200 რეზოლუციით, 90 fps-ით, სტერეოსკოპულ ფორმატში მუშავდება, მონაცემთა გადაცემის სიჩქარე (data rate) კი 2,000 Mbps-ს აღწევს. ეს რიცხვი ბევრად აღემატება visionOS-ში დასაკრავად საჭირო 150 Mbps-ს. მთელი არსიც სწორედ იმაშია, რომ საბოლოო ადაპტირებულ სტრიმინგ-ენკოდინგამდე ხარისხი იდეალურად შენარჩუნდეს.

სრული რეზოლუციის გამოყენება ასევე იძლევა SpatialGen-ის დაუნსქეილინგის გამოყენების საშუალებას, რომელიც ზუსტად Apple-ის იმერსიულ ფორმატზეა მორგებული. პრაქტიკაში ეს გაცილებით სუფთა ვიზუალს უზრუნველყოფს, განსაკუთრებით წვრილ დეტალებსა და მოძრაობის სტაბილურობაში. MV-HEVC ფორმატი ProRes-ზე ბევრად ეფექტურია და თავისუფლად უმკლავდება იმაზე დიდ რეზოლუციებსა და მონაცემებს, ვიდრე უშუალოდ ჰედსეტებში დასაკრავად არის გათვლილი.

ხედვა მომავლისკენ

ინდუსტრიაში დიდი ხანია საუბრობენ, რომ მომავალში DaVinci Resolve-ს კიდევ უფრო მძლავრი იმერსიული ენკოდერი დაემატება. თუ ეს გამართლდა, მსგავსი სამუშაო პროცესები უფრო დაიხვეწება. მიუხედავად ამისა, დღევანდელი ტექნოლოგიური მოცემულობითაც კი, ეს მიდგომა უზარმაზარი ნახტომია როგორც გამოსახულების ხარისხის, ისე მიწოდების ეფექტურობის კუთხით.

საბოლოო ჯამში, ვიღებთ პრაგმატულ გამოსავალს, რომელიც ითვალისწინებს დღეს არსებული ხელსაწყოების რეალობას და მაქსიმალურად უახლოვდება იმერსიული ვიზუალის შესაძლებლობების პიკს.