ვირტუალური შეხვედრების დროს ხელოვნური ინტელექტის (AI) ასისტენტის გამოყენება, რომელიც მნიშვნელოვან დეტალებს იწერს და აჯამებს, ერთი შეხედვით ძალიან მიმზიდველია. საათიანი ვიდეოკონფერენციის დასრულებიდან რამდენიმე წამში ის მონაწილეებს მთავარი საკითხების შეჯამებასა და სამომავლო დავალებების სიას უგზავნის. მიუხედავად ამ მოხერხებულობისა, ტექნოლოგია შეხვედრაზე ნათქვამ ყველა სიტყვას მონაცემად აქცევს, რის გამოც ბევრი პროფესიონალი მას თავს არიდებს. კონფიდენციალური ინფორმაცია თანამშრომლებზე, კორპორატიული სტრატეგიები, კომერციული საიდუმლოებები და ისეთი რეპლიკებიც კი, რომლებიც შესაძლოა მოგვიანებით თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ – ეს ყველაფერი მარტივად შეიძლება არასწორ ხელში მოხვდეს. ორგანიზაციებისთვის რისკები იმდენად დიდია, რომ ადამიანური რესურსების ექსპერტები კომპანიებს საერთოდ ურჩევენ, უარი თქვან მათ გამოყენებაზე.
ყველაზე დიდ შეშფოთებას იწვევს გაურკვევლობა იმის შესახებ, თუ სად და რა ვადით ინახება შეგროვებული მონაცემები. კონფიდენციალურობის დამცველები შიშობენ, რომ AI კომპანიები მომხმარებელთა თანხმობის გარეშე მათ ხმის ანაბეჭდებს ქმნიან. ხმის ანაბეჭდი ბიომეტრიული პროფილის ისეთივე უნიკალური ფორმაა, როგორიც თითის ანაბეჭდი და მისი მეშვეობით ბოროტმოქმედებს კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, მათ შორის საბანკო ანგარიშებზეც კი შეუძლიათ წვდომის მიღება.
გარდა ამისა, ზოგიერთი ტექნოლოგიური კომპანია ამ ხელსაწყოებიდან მიღებულ მონაცემებს ყიდის ან კონფიდენციალურ ტრანსკრიპტებს საკუთარი AI მოდელების გასაწვრთნელად იყენებს. საფრთხის ქვეშ დგება იურიდიული პრივილეგიებიც. მაგალითად, თებერვალში ნიუ-იორკის ფედერალურმა მოსამართლემ ბრალდებულს დაავალდებულა პროკურორებისთვის იმ დოკუმენტების გადაცემა, რომლებიც მან თავისი ადვოკატებისთვის შექმნა, რადგან ეს ინფორმაცია მანამდე უკვე გაზიარებული იყო მესამე მხარისთვის – კერძოდ, Anthropic-ის Claude-ისთვის. შესაბამისად, როდესაც არ იცით სად მიდის თქვენი მონაცემები, ადვოკატსა და კლიენტს შორის დაცული კომუნიკაციაც კი კარგავს იურიდიული კონფიდენციალურობის სტატუსს.
შეხვედრაზე შეერთებისთანავე პირველი ნაბიჯი ყოველთვის ბოტების არსებობის შემოწმება უნდა იყოს. ის შეიძლება გამოჩნდეს, როგორც შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე (ხშირად მას AI Notetaker აწერია), ან ეკრანზე ამოხტეს შეტყობინება, რომ მიმდინარეობს ჩაწერა. პლატფორმები, როგორებიცაა Zoom და Google Meet, მომხმარებლებს ჩაწერის შესახებ აფრთხილებენ, თუმცა ზოგიერთი პროგრამა ამას ფარულად აკეთებს, ამიტომ სენსიტიური საუბრის დაწყებამდე მონაწილეებისთვის თანხმობის თხოვნა ყველაზე სწორი და თავაზიანი მიდგომაა.
თუ არ გსურთ, რომ საუბარი ჩაიწეროს, უარის თქმის საუკეთესო გზა კომპანიის პოლიტიკის მოშველიებაა. შეგიძლიათ უბრალოდ თქვათ, რომ თქვენი კომპანიის წესები ამ შეხვედრის ჩაწერას კრძალავს. ეს მიდგომა გარიდებთ უხერხულობას, არ წარმოგაჩენთ „ცუდ ტიპად“ და პასუხისმგებლობას ორგანიზაციაზე გადაიტანს. ალტერნატიული ვარიანტია, მოითხოვოთ ჩამწერის გათიშვა შეხვედრის იმ ნაწილში, როდესაც საუბარი შედარებით დელიკატურ თემებს ეხება.
ზოგიერთ იურისდიქციაში კანონი მკაცრად არეგულირებს ხმის ანაბეჭდების შექმნასა და შენახვას. მაგალითად, აშშ-ში, ილინოისის შტატში ხმის ანაბეჭდი ბიომეტრიულ იდენტიფიკატორად ითვლება და მისი შეგროვება მხოლოდ წინასწარი წერილობითი თანხმობისა და მონაცემების შენახვა-განადგურების მკაფიო პოლიტიკის არსებობის შემთხვევაშია დასაშვები. თუ ასეთი გარანტიები არ არსებობს, ადამიანებს სრული უფლება აქვთ, უარი თქვან მსგავს შეხვედრებში მონაწილეობაზე, სანამ ზუსტად არ ეცოდინებათ, რატომ ინახება მათი მონაცემები და როდის წაიშლება ის.
აუცილებელია ზუსტად იცოდეთ, რჩება თუ არა ტრანსკრიპტები და მეტამონაცემები სისტემაში განუსაზღვრელი ვადით. მაშინაც კი, როცა ძირითადი კონტენტი იშლება, შეხვედრის შესახებ მეტამონაცემები შეიძლება მაინც დარჩეს პროვაიდერის სერვერზე. ამასთან, ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ აუდიო და ვიდეო ფაილებისგან განსხვავებით, ტექსტური ტრანსკრიპტების შენახვა გაცილებით იაფი ჯდება, ხოლო მათში სასურველი ინფორმაციის მოძებნა – ბევრად მარტივია, რაც კონფიდენციალური ბიზნესინფორმაციის გაჟონვის საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის.
წყარო: Fast Company

