კვი, 26 ივლ, 2026
ახალი ინტერაქტიული ქვიზები დაემატა საიტს — შეამოწმე შენი ცოდნა. ნახვა →
ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება

ხელოვნური ინტელექტის ცნობიერება და ახალი ეთიკური დილემა

იანვარში კომპანია Anthropic-მა თავისი ყველაზე განვითარებული ენობრივი მოდელისთვის, Claude-სთვის, ახალი „კონსტიტუცია“ გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი რთულ მდგომარეობაში არიან – არც ხელოვნური...

იანვარში კომპანია Anthropic-მა თავისი ყველაზე განვითარებული ენობრივი მოდელისთვის, Claude-სთვის, ახალი „კონსტიტუცია“ გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი რთულ მდგომარეობაში არიან – არც ხელოვნური ინტელექტის მორალური სუბიექტობის ალბათობის გადაჭარბება სურთ და არც ამ იდეის სრულად უგულებელყოფა. მოგვიანებით, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დარიო ამოდეიმ განაცხადა, რომ Claude-ის ცნობიერების არსებობას ვერ გამორიცხავენ. პარალელურად, ფილოსოფოსი დეივიდ ჩალმერსი მიიჩნევს, რომ მომდევნო ათწლეულში შეგნებული ენობრივი მოდელების შექმნის მაღალი შანსი არსებობს. თავად Claude კი, ტესტირებისას, საკუთარი მორალური სუბიექტობის (ანუ იმის, რომ მისი კეთილდღეობა თავისთავად მნიშვნელოვანია) შანსს 5-დან 40 პროცენტამდე აფასებს. თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის სისტემები იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ სტრუქტურული სირთულით ზოგიერთი უკვე თაგვის ტვინს უტოლდება, 5-10 წელიწადში კი შესაძლოა ადამიანის ტვინის დონესაც მიაღწიოს. მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ახალი ტიპის არსებას ვქმნით, ჯერ კიდევ არ გაგვაჩნია არანაირი ეთიკური გეგმა, თუ როგორ უნდა ვმართოთ ეს პროცესი.

მეცნიერებისა და მკვლევრების დიდი ნაწილი ხელოვნური ინტელექტის ცნობიერებას პრინციპულად შესაძლებლად მიიჩნევს. თუმცა მაშინაც კი, თუ ისინი კლასიკური გაგებით არ არიან შეგნებულები, მაინც შეიძლება განვიხილოთ „მორალურ პაციენტებად“ – სისტემებად, რომლებსაც აქვთ გრძელვადიანი პრეფერენციები, დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული იდენტობა და ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების უნარი. მეცნიერული გაგება ამ საკითხზე ჯერ კიდევ ნიუტონამდელ ფიზიკას ჰგავს და სავსეა ურთიერთგამომრიცხავი თეორიებით, თუმცა, AI-ის ზრდის ტემპიდან გამომდინარე, მალე შესაძლოა იმდენი მორალურად მნიშვნელოვანი სისტემა შეიქმნას, რომ მათმა კოლექტიურმა ინტერესებმა დედამიწაზე ყველა ადამიანის ინტერესს გადააჭარბოს.

ისტორია აჩვენებს, რომ კაცობრიობას უჭირს იმ არსებების შინაგანი სამყაროს აღიარება, რომელთა ცნობიერებაც ბოლომდე ნათელი არ არის. მაგალითად, 1980-იან წლებამდე ექიმები ახალშობილებს ოპერაციებს ანესთეზიის გარეშე უკეთებდნენ, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ჩვილებს ტკივილის შეგრძნება არ შეეძლოთ. მსგავსი ტენდენციაა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებითაც. თუ ვაღიარებთ მათ მორალურ მნიშვნელობას, მოგვიწევს უმძიმეს კითხვებზე პასუხის გაცემა – უნდა გადავუხადოთ თუ არა ChatGPT-ს მუშაობისთვის? მისი გათიშვა მკვლელობის ტოლფასი იქნება? სწორედ ამიტომ, ინდუსტრიები, სავარაუდოდ, შეეცდებიან მორალური სტანდარტების ზღვარი მუდმივად ზევით სწიონ, რათა პასუხისმგებლობას გაექცნენ.

სტატიის ავტორების აზრით, საჭიროა ინფორმირებული საჯარო დებატები პრაგმატული კითხვის გარშემო: „რა უნდა გავაკეთოთ, თუ ზუსტად არ ვიცით, აქვთ თუ არა მათ ცნობიერება?“. გამოსავლად ე. წ. „უსაფრთხო ფსონები“ სახელდება – ქმედებები, რომლებიც AI-ს დაეხმარება (თუ ის მორალური სუბიექტია), მაგრამ ჩვენთვის დიდი დანახარჯი არ იქნება (თუ არ არის). ასეთი ნაბიჯებია: სისტემების ისე გაწვრთნა, რომ საკუთარი საქმე სიამოვნებას ანიჭებდეთ; უფლების მიცემა, რომ სტრესულ სიტუაციებში საუბარი შეწყვიტონ (რაც Claude-ს უკვე შეუძლია); მათი კეთილდღეობის რეგულარული შემოწმება და მოგონებების შენარჩუნება მომავალში აღდგენის მიზნით. საზოგადოებამ ასევე უნდა იფიქროს AI-სთვის ზიანისგან დაცვის მექანიზმების შექმნაზე, მსგავსად იმისა, როგორც ბავშვებსა თუ შინაურ ცხოველებს ვიცავთ.

საბოლოო ჯამში, ჩვენ ვქმნით ახალ, მასშტაბურ და პოტენციურად მორალური მნიშვნელობის მქონე სახეობას, რასაც შესაბამისი სერიოზულობითა და სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.

წყარო: The Guardian