შეიძლება ნიკ ბოსტრომის სახელი ბევრს არაფერს გეუბნებათ, მაგრამ მისი ყველაზე ცნობილი კონცეფციის შესახებ აუცილებლად გექნებათ სადმე გაგონილი.
2003 წელს, ოქსფორდში მოღვაწეობისას, ბოსტრომმა გამოაქვეყნა ფილოსოფიური ნაშრომი, საკმაოდ თამამი სათაურით: „ვცხოვრობთ თუ არა კომპიუტერულ სიმულაციაში?“. მისი არგუმენტი მარტივი, თუმცა თავბრუდამხვევი იყო: განვითარების მაღალ საფეხურზე მყოფი ცივილიზაციები ადრე თუ გვიან აუცილებლად შექმნიან თავიანთი წინაპრების რთულ სიმულაციებს. დროთა განმავლობაში, თავად ამ სიმულაციაში მცხოვრები არსებებიც მიაღწევენ იმავე ეტაპს და საკუთარ, ახალ სიმულაციებს შექმნიან. ეს ჯაჭვი დაუსრულებლად გაგრძელდება.
თუ ამ ლოგიკას მივყვებით, დასკვნა ასეთია: სტატისტიკურად, თითქმის წარმოუდგენელია, რომ ჩვენ პირვანდელ, „საბაზისო“ რეალობაში ვცხოვრობდეთ. უფრო სავარაუდოა, რომ უბრალოდ ერთ-ერთ კოსმოსურ ვიდეოთამაშში, ეშერის სტილის დაუსრულებელ ლაბირინთში ვიმყოფებით. ამ იდეამ ათწლეულების განმავლობაში არ დაკარგა აქტუალობა და ილონ მასკის სახით გავლენიანი მომხრეებიც შეიძინა, თუმცა სამეცნიერო საზოგადოების ნაწილი მას დღემდე სკეპტიკურად უყურებს.
„შეშფოთებული ოპტიმისტი“ გადაშენების მოლოდინში
ბოლო პერიოდში ბოსტრომმა ყურადღება ახალ, ყველაზე ცხელ თემაზე – ხელოვნურ ინტელექტზე გადაიტანა. 2019 წელს ის სერიოზულად გვაფრთხილებდა, რომ AI კლიმატის ცვლილებაზე დიდი საფრთხე იყო კაცობრიობისთვის. თუმცა, როგორც ჩანს, მან პოზიცია შეიცვალა და დაუბრუნდა თავის საფირმო სტილს – იდეებს, რომლებიც იმდენად რადიკალურია, რომ ცოტათი პაროდიასაც კი ჰგავს.
თავის ახალ სამუშაო ნაშრომში ის წერს, რომ განვითარებულმა ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება მართლაც გამოიწვიოს კაცობრიობის გადაშენება, მაგრამ ეს რისკი მაინც ღირს. მისი აზრით, სუპერინტელექტის პოტენციური სარგებელი იმდენად მასშტაბურია, რომ გადაშენების საფრთხე მეორეხარისხოვანი ხდება.
ჟურნალ Wired-თან ინტერვიუში ბოსტრომმა საკუთარ თავს „შეშფოთებული ოპტიმისტი“ უწოდა.
„ძალიან მაღელვებს ადამიანების ცხოვრების რადიკალურად გაუმჯობესებისა და ჩვენი ცივილიზაციისთვის ახალი შესაძლებლობების გახსნის პერსპექტივა. ეს სრულად თავსებადია იმ რეალურ საშიშროებასთან, რომ რაღაცები შეიძლება ცუდად წავიდეს“, – აღნიშნა მან.
მან პირდაპირ გააკრიტიკა კოლეგები (მათ შორის ცნობილი ინტელექტუალი ელიეზერ იუდკოვსკი), რომლებიც კატასტროფულ სცენარებზე არიან ფოკუსირებულნი.
„მაღიზიანებს არგუმენტები, თითქოს, AI-ის შექმნით ჩვენ საკუთარ თავსა და შვილებს ვკლავთ – როგორც ეს იუდკოვსკის წიგნშია, „თუ ვინმე მას შექმნის, ყველა მოვკვდებით“. სინამდვილეში, უფრო სავარაუდო ის არის, რომ თუ არ შევქმნით, ყველა მოვკვდებით! ბოლო რამდენიმე ასეული ათასი წლის განმავლობაში ხომ სწორედ ასე ხდებოდა“.
ინტერვიუერის რეპლიკაზე, რომ AI-ის მიერ გამოწვეული კატასტროფის შემთხვევაში კაცობრიობა სრულად ქრება და ახალი სიცოცხლე აღარ იბადება, ბოსტრომს თავისი პასუხი აქვს. მისთვის მთავარია ის, თუ რა იქნება საუკეთესო ამჟამად მცხოვრები პოპულაციისთვის, ჩვენთვის, ჩვენი ოჯახებისთვის. თუნდაც ეს უდიდეს რისკებთან იყოს დაკავშირებული, ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა.
იქნებ, თავად ვართ AI?
ყველაზე საინტერესო მაინც ამ ორი თეორიის გადაკვეთაა. როცა იაზრებ, რომ ბოსტრომის რწმენით უკვე სიმულაციაში ვცხოვრობთ, ეს ახალი მოსაზრებები სრულიად განსხვავებულ ელფერს იძენს.
თუ ყველაფერი სიმულაციაა, განავითარებენ თუ არა ჩვენი სიმულირებული წინაპრები საკუთარ სუპერინტელექტს? რატომ უჩნდებათ მათ ახალი სიმულაციების შექმნის აკვიატებული სურვილი? თუ ხელოვნური ინტელექტი გაგვანადგურებს, შექმნის კი ის ჩვენს სიმულაციას და ვისი სიმულაცია იქნება ეს – მისი შემოქმედი კაცობრიობის თუ უშუალოდ ადამიანების? ან საერთოდაც, თუ ჩვენი სამყარო უკვე სიმულაციაა, იქნებ ჩვენ თავად ვართ ხელოვნური ინტელექტი?
ამ ფილოსოფიურ ლაბირინთში გზის გაკვლევა მკითხველისთვის მიგვინდვია. ალბათ, ვითარებას ყველაზე კარგად თავად სტივენ ლევიმ გაუსვა ხაზი, როცა ეს თავბრუდამხვევი ინტერვიუ მოკლე, მაგრამ მრავლისმეტყველი მინაწერით დაასრულა: „რედაქტირებულია მოცულობისა და აზრობრივი თანმიმდევრულობისთვის“.

