პარ, 5 ივნ, 2026
ინდუსტრიის სიახლეები

სკანდალი ჰოლივუდში: მარტინ სკორსეზე ხელოვნურ ინტელექტს იყენებს

ლეგენდარული რეჟისორი მარტინ სკორსეზე ჰოლივუდში მიმდინარე მწვავე დებატების ეპიცენტრში აღმოჩნდა. ის AI კომპანია Black Forest Labs-ის მრჩეველი გახდა და ღიად უჭერს მხარს...

ლეგენდარული რეჟისორი მარტინ სკორსეზე ჰოლივუდში მიმდინარე მწვავე დებატების ეპიცენტრში აღმოჩნდა. ის AI კომპანია Black Forest Labs-ის მრჩეველი გახდა და ღიად უჭერს მხარს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს, რომლებმაც, მისი თქმით, პრე-პროდუქციის პროცესში შემოქმედებითი თავისუფლება მოუტანა.

83 წლის ოსკაროსანმა რეჟისორმა განაცხადა, რომ ყოველთვის უჭირდა საკუთარი ხედვის გადამღები ჯგუფისთვის სთორიბორდების, ანუ კადრების ესკიზების საშუალებით ზუსტად გადაცემა. კომპანიამ უკვე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც სკორსეზე ხელოვნურ ინტელექტს იყენებს პერსონაჟების, ლოკაციებისა და სცენების მომენტალური ვიზუალიზაციისთვის. როგორც თავად აღნიშნავს, კინო დაახლოებით 125 წლის ახალგაზრდა მედიუმია, ამიტომ მისი ევოლუციის მიმართ ღია უნდა ვიყოთ.

მან ერთ-ერთ სცენაზე ტექნოლოგია უკვე დატესტა და აღნიშნა, რომ ესკიზების მომენტალურად გაზიარების შესაძლებლობამ შემოქმედებითად გაათავისუფლა. სკორსეზეს თქმით, პრე-პროდუქციის დროს დრო ფულია, ეს კი საშუალებას აძლევთ, ხარისხის დათმობის გარეშე უფრო სწრაფად იმოძრაონ. რეჟისორმა ასევე გაიხსენა, რომ ყოველთვის ღია იყო ახალი ტექნოლოგიებისადმი, რასაც მოწმობს 3D ფორმატის გამოყენება 2011 წლის ფილმში „Hugo“ და მსახიობების გაახალგაზრდავების ტექნოლოგია 2019 წლის ნამუშევარში „The Irishman“.

რეჟისორის ენთუზიაზმს კინოინდუსტრიის ნაწილისა და არტისტებისგან მწვავე კრიტიკა მოჰყვა, რადგან ისინი სამუშაო ადგილების განადგურებასა და შემოქმედებითი პროცესის დაზიანებას შიშობენ. კარლა ორტიზმა, რომელიც ფილმებზე „Avengers: Endgame“ და „Black Panther“ მუშაობდა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სკორსეზემ ყველა ის სთორიბორდის არტისტი, ვისთანაც ოდესმე უმუშავია, გასწირა. მისი თქმით, რეჟისორი არტისტების შემოსავლის წყაროს ანადგურებს მოდელებით, რომლებიც, დიდი ალბათობით, სწორედ ამ ადამიანების ნამუშევრებზეა გაწვრთნილი. ორტიზმა საკუთარი გავლენისა და მემკვიდრეობის ამისთვის გამოყენებას ამაზრზენი უწოდა.

ანიმაციურმა რეჟისორმა სამუელ დიტსმა კი დაამატა, რომ კადრის დახატვას პირდაპირი გაგებით წამები სჭირდება და მილიონობით არტისტის მოპარულ ნამუშევრებზე გაწვრთნილი ტექნოლოგიის გამოყენებას გამართლება არ აქვს. მან რეჟისორს კოლეგების პატივისცემისკენ მოუწოდა. მეორე მხრივ, სოციალურ ქსელებში ნაწილი სკორსეზეს იცავს. მათი არგუმენტით, AI უბრალოდ მორიგი სპეციალური ეფექტი და ინსტრუმენტია, როგორც CGI, რომელიც კრეატიულ პროცესს აჩქარებს და არა ანაცვლებს.

სკორსეზე არ არის ერთადერთი მაღალი რანგის კინემატოგრაფიი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის პოტენციალით დაინტერესდა. მაგალითად, დარენ არონოფსკის სტუდიამ ამერიკის რევოლუციის შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმებისთვის ეს ტექნოლოგია გამოიყენა, სტივენ სოდერბერგმა კი ის ჯონ ლენონის ახალ დოკუმენტურ ფილმში ვიზუალური სცენების შესაქმნელად ჩართო. გარდა ამისა, გარდაცვლილი მსახიობი ვალ კილმერი ახალ ფილმში სწორედ ამ ტექნოლოგიის დახმარებით გამოჩნდება, რაზეც თანხმობა გარდაცვალებამდე, 2025 წლის აპრილში თავად გასცა.

რაც შეეხება სტივენ სპილბერგს, ის მიიჩნევს, რომ ტექნოლოგიას შეუძლია შავი სამუშაოს შესრულება და დროის დაზოგვა, მაგალითად, ლოკაციების შერჩევისას, მაგრამ ის მხოლოდ ერთ-ერთი ინსტრუმენტი უნდა იყოს დიდ არსენალში და შემოქმედებით პროცესში გადამწყვეტი სიტყვა არ უნდა ეთქმოდეს. გილიერმო დელ ტოროს პოზიცია კი რადიკალურია და აცხადებს, რომ AI-ის გამოყენებას სიკვდილი ურჩევნია.

მსგავსი ინსტრუმენტების გამოყენება კატეგორიულად უარყო რეჟისორმა ადამ შენკმანმაც თავის ახალ ფილმში „Stop! That! Train!“. მან ხაზი გაუსვა, რომ ფილმში არცერთი კადრი არ შექმნილა ხელოვნური ინტელექტით და ასობით ანიმატორისა და არტისტის შრომით ადამიანებისთვის არცერთი სამუშაო ადგილი არ წაურთმევიათ.

წყარო: BBC