კვი, 26 ივლ, 2026
ახალი ინტერაქტიული ქვიზები დაემატა საიტს — შეამოწმე შენი ცოდნა. ნახვა →
ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება

Gemini-ის პერსონალიზებული სურათების გენერირების ფუნქცია უფასო ხდება

ამ კვირიდან Gemini-ის პერსონალიზებული სურათების გენერირების ფუნქცია აღარ არის მხოლოდ აშშ-ში AI Plus, Pro და Ultra გამომწერთა ექსკლუზივი. Google-ის Nano Banana მოდელზე...

ამ კვირიდან Gemini-ის პერსონალიზებული სურათების გენერირების ფუნქცია აღარ არის მხოლოდ აშშ-ში AI Plus, Pro და Ultra გამომწერთა ექსკლუზივი. Google-ის Nano Banana მოდელზე მომუშავე ეს სიახლე Gemini-ის ნებაყოფლობითი „პერსონალური ინტელექტის“ სისტემით ფუნქციონირებს. ის ჩატბოტს საშუალებას აძლევს, დაუკავშირდეს Google-ის სერვისებს (Gmail, Google Photos, YouTube, Search) და მომხმარებლის პრეფერენციებზე მორგებული სურათები ვრცელი და დეტალური აღწერის გარეშე შექმნას.

ახალი სისტემის დახმარებით, მომხმარებლებს აღარ უწევთ მოთხოვნის ყველა დეტალის ჩამოწერა, რადგან Gemini მათ პერსონალურ კონტექსტს თავად აანალიზებს. მაგალითად, მოთხოვნაზე – „შექმენი ჩემი და ჩემი საყვარელი ნივთების ილუსტრაცია“ – ხელოვნურმა ინტელექტმა (თუ მას შესაბამისი ნებართვა აქვს მიცემული) შესაძლოა დააგენერიროს სურათი, რომელშიც მომხმარებლის ჰობი, ინტერესები ან Google-ის ანგარიშში შენახული ფოტოები იქნება ასახული. გარდა ამისა, Gemini პირდაპირ იყენებს Google Photos-ში არსებულ სურათებს, რაც მათ ხელით ატვირთვის აუცილებლობას ხსნის.

Google ხაზს უსვამს, რომ ამ ფუნქციის გამოყენება სრულად ნებაყოფლობითია. მომხმარებელი თავად ირჩევს, თუ რომელ აპლიკაციებზე ექნება წვდომა Gemini-ს, ხოლო „პერსონალური ინტელექტის“ სისტემის ჩართვა ან გამორთვა ნებისმიერ დროს, ხელსაწყოების მენიუდანაა შესაძლებელი. კომპანია ასევე განმარტავს, რომ თავის AI მოდელებს მომხმარებელთა პირად ფოტოებზე პირდაპირ არ ატრენინგებს, თუმცა სერვისის გასაუმჯობესებლად გარკვეული მოთხოვნებისა და პასუხების მონაცემები შესაძლოა მაინც იქნას გამოყენებული.

ფუნქციის უფასოდ და გლობალურად გაშვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც Gemini-ის ყოველთვიურმა აქტიურმა მომხმარებელთა რაოდენობამ 750 მილიონს გადააჭარბა. ეს სიახლე წინ უსწრებს დაგეგმილ მასშტაბურ განახლებებს, რომლებიც მოიცავს Daily Brief ფუნქციას, ახალ დიზაინს, Gemini Omni ვიდეომოდელზე წვდომასა და სრულიად ახალ პერსონალურ AI ასისტენტს – Gemini Spark-ს.

წყარო: Wired