Wi-Fi ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ხშირად ყველაზე მოულოდნელმა ნივთებმა შეიძლება მისი სიგნალი სერიოზულად შეაფერხოს. ალექს ჰილსმა, რომელიც 1993 წელს ერთ-ერთი პირველი დიდი ქსელის შექმნას ხელმძღვანელობდა, ასეთ დამაბრკოლებელ ფაქტორებს „რადიოს ცუდი ბიჭები“ უწოდა.
ალბათ, რთული წარმოსადგენია, მაგრამ ინტერნეტის კავშირს ხშირად ჩვეულებრივი მიკროტალღური ღუმელი უშლის ხელს. მიზეზი ის არის, რომ ეს საყოფაცხოვრებო ტექნიკა და Wi-Fi მოწყობილობების უმეტესობა ერთი და იმავე, 2.4 GHz სიხშირეზე მუშაობს. მართალია, თანამედროვე ტექნიკა უკეთ არის დაცული, მაგრამ თუ სახლში ძველი მიკროტალღური ღუმელი გაქვთ, ან მის კარს მომზადების დასრულებამდე აღებთ, რადიოტალღების გაჟონვამ შეიძლება სიგნალი სრულად ჩაახშოს. პრობლემის მოგვარება უბრალოდ 5 GHz სიხშირეზე მომუშავე როუტერზე გადასვლითაა შესაძლებელი.
კიდევ ერთი სრულიად მოულოდნელი დაბრკოლება წყლით სავსე აკვარიუმია. ზოგადად, რადიოსიგნალი მანძილის ზრდასთან ერთად ისედაც სუსტდება, თუმცა წყლის მოლეკულები მას დამატებით შთანთქავს და ენერგიას ართმევს, რასაც ტექნოლოგიურ ენაზე „დაჩრდილვას“ უწოდებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენსა და როუტერს შორის მოთავსებულმა წყალმა შეიძლება სრულიად მკვდარი ზონა შექმნას. ზუსტად ანალოგიურად მოქმედებს სქელი, ბეტონის ან აგურის კედლებიც, რომლებიც ტალღებს მარტივად არ ატარებს. სიტუაციის გამოსასწორებლად საუკეთესო გზა როუტერის სახლის ცენტრში, რაც შეიძლება მაღლა მოთავსება, ან სპეციალური სიგნალის გამაძლიერებლისა და Mesh ქსელის გამოყენებაა, რათა საწყალი თევზების შეწუხება და აკვარიუმის გადაადგილება არ მოგიწიოთ.
არანაკლებ პრობლემურია სარკეები და სხვა ბრტყელი, ამრეკლავი ზედაპირები, მაგალითად, დიდი ტელევიზორები. ვინაიდან რადიოტალღა სინათლის ერთ-ერთი ფორმაა, ის სარკიდან ზუსტად ისევე აირეკლება, როგორც ჩვეულებრივი სხივი. ამან კი მარტივად შეიძლება გამოიწვიოს სიგნალის არასწორი მიმართულებით გაფანტვა და სახლში ინტერნეტის გარეშე დარჩენილი წერტილების გაჩენა.
და ბოლოს, კავშირის ხარისხზე გავლენას ამინდიც ახდენს. მართალია, წვიმა უშუალოდ სიგნალს არ აფერხებს, მაგრამ ექსტრემალურმა სიცივემ, ყინვამ ან დიდმა თოვლმა შესაძლოა გარე ინფრასტრუქტურა, კაბელები ან სატელიტური კავშირები დააზიანოს. ამას ემატება ისიც, რომ უამინდობისას თითქმის ყველა სახლშია, შესაბამისად, ქსელი ერთდროულად ზედმეტად იტვირთება და ინტერნეტის სიჩქარე საგრძნობლად ვარდება.
წყარო: BBC

