ორშ, 1 ივნ, 2026
გრაფიკული დიზაინი

Canva-ს სრული ექსპანსია: დიზაინი ყველასთვის და ყველგან

19 მაისს ცნობილმა პლატფორმა Canva-მ Google Gemini-სთან პარტნიორობა დააანონსა. ამ გადაწყვეტილებით კომპანიამ წამყვანი ენობრივი მოდელების სრული ათვისება დაასრულა და ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ...

19 მაისს ცნობილმა პლატფორმა Canva-მ Google Gemini-სთან პარტნიორობა დააანონსა. ამ გადაწყვეტილებით კომპანიამ წამყვანი ენობრივი მოდელების სრული ათვისება დაასრულა და ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ დიზაინს ინდუსტრიის განუყოფელ სტანდარტად აქცევს.

Gemini-ს მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ, პირდაპირ აპლიკაციიდან მოძებნონ თავიანთი Canva-ს კონტენტი, ჩატის კონტექსტზე დაყრდნობით შექმნან ახალი ვიზუალები და შემდგომი დამუშავებისთვის მარტივად გადაიტანონ ისინი თავად დიზაინის პლატფორმაზე. ამ ნაბიჯით Canva ახლა უკვე AI ბაზრის ყველა მთავარ მოთამაშესთან – Claude-თან, ChatGPT-ისთან, Copilot-სა და Gemini-სთან არის ინტეგრირებული.

ახალი სტრატეგია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დიზაინზე იქ იმუშაონ, სადაც ისედაც ატარებენ დროს. ადამიანებს აღარ უწევთ სასურველი ვიზუალის შესაქმნელად სპეციფიკურ პლატფორმებზე (მაგალითად, Figma-სა ან Adobe Firefly-ში) გადასვლა.

კომპანიებისთვის ამ ინტეგრაციის მთავარი კოზირი Canva-ს საფირმო Brand Kit ფუნქციაა. ის უზრუნველყოფს, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მასალები ზუსტად ერგებოდეს ბრენდის არსებულ ვიზუალურ სტანდარტებს.

Canva-ს ეკოსისტემის ხელმძღვანელი, ანვარ ჰანიფი განმარტავს, რომ აქამდე კომპანიებისთვის ყველაზე დიდ ბარიერს სწორედ AI-ის მიერ დაგენერირებულ სურათსა და გამოსაყენებლად გამზადებულ, ბრენდირებულ მასალას შორის არსებული სხვაობა წარმოადგენდა. გუნდებს უწევდათ შავი ვერსიის აღება და მასზე შრიფტების, ფერებისა და ვიზუალური სტანდარტების ხელით მორგება.

ახლა ეს რუტინა წარსულს ჩაბარდა. Gemini-სა თუ სხვა ჩატბოტებში შექმნილი ნებისმიერი დიზაინი პირველივე მოთხოვნიდან (Prompt) ავტომატურად ითვალისწინებს ორგანიზაციის ვიზუალურ გაიდლაინებს და დამღლელ კორექტირებას აღარ მოითხოვს.

მომხმარებლების უმეტესობა საწყის მონახაზს პირდაპირ პარტნიორი აპლიკაციებიდან ქმნის, რის შემდეგაც დეტალებს უკვე უშუალოდ Canva-ში აზუსტებს. ჰანიფის სიტყვებით, პლატფორმის მიზანია, გახდეს AI-ით მართული შემოქმედებითი პროცესების მთავარი კრეატიული ძრავი.

ეს ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ბრენდირებული ვიზუალების შექმნა გაცილებით მასობრივი და რუტინული გახდება – განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც დიზაინერის პროფესიული განათლება არ აქვს, მაგრამ ტელეფონში რომელიმე თანამედროვე ჩატბოტი უწერია.

ასეთმა უნივერსალურმა ხელმისაწვდომობამ Canva-ს შთამბეჭდავი კომერციული შედეგები უკვე მოუტანა. ხელოვნური ინტელექტის ასისტენტების გავლით პლატფორმას მილიონობით ახალი მომხმარებელი დაემატა. საერთო ჯამში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში Canva-ს AI პროდუქტების მოხმარება გასამმაგდა, ხოლო დამაკავშირებელი აპლიკაციების გამოყენების მაჩვენებელი ყოველთვიურად 30%-დან 40%-მდე იზრდება.