ამერიკული ინდუსტრიის მშვიდ ავტორიტეტსა და კომპეტენტურობას არაფერი გამოხატავს ისე ზუსტად, როგორც IBM-ის ლოგო. 1956 წელს, როდესაც კომპანია ჯერ კიდევ ოთახის ზომის, ვაკუუმურ მილაკებზე მომუშავე კომპიუტერებს აწარმოებდა, პოლ რენდმა შექმნა დიზაინი, რომელიც დღემდე უცვლელად გამოიყენება. ეს ლოგო, თავისი პირდაპირობითა და სიმკაცრით, ერთგვარად Apple-ის ფილოსოფიის ანტიპოდს წარმოადგენს. დიზაინერი პოლ რენდი, რომელმაც სარეკლამო ინდუსტრიაში წარმატებისთვის თავდაპირველი სახელი (პერეც როზენბაუმი) შეიცვალა, ევროპული ავანგარდით იყო შთაგონებული. მან ჟურნალების არტ-დირექტორობიდან კორპორატიული იდენტობის შექმნაზე გადაინაცვლა და IBM-ის სახით ნამდვილი კომერციული ოქრო იპოვა.
თავად კომპანიის ისტორია 1911 წლიდან იწყება, თუმცა სახელი International Business Machines მან 1924 წელს მიიღო. პერფობარათების ტექნოლოგიიდან დაწყებული, 1940-იანი წლების ელექტრომექანიკური და ტრანზისტორული კომპიუტერებით გაგრძელებული, IBM გლობალურ იმპერიად იქცა. 1964 წელს გამოშვებული მოდულური კომპიუტერების სერია System/360, რომლის მკაცრი ფუტურისტული დიზაინი ინდუსტრიულ დიზაინერ ელიოტ ნოიესს ეკუთვნოდა, რენდის ლოგოს იდეალურ დამატებად იქცა.

მარტივმა, სამასოიანმა სიმბოლომ გიგანტურ კორპორაციას უნიკალური მთლიანობა შესძინა და თანაბრად ეფექტური აღმოჩნდა როგორც მცირე ზომის სავიზიტო ბარათებზე, ისე უზარმაზარი ბიზნეს ცენტრების ფასადებზე. დროთა განმავლობაში დიზაინერმა ლოგო დახვეწა – 1960 და 1972 წლებში რენდმა დიზაინი განაახლა და შექმნა ჩვენთვის კარგად ნაცნობი, ზოლიანი ვერსია, რომლის სისქეც გამოყენების მასშტაბის მიხედვით იცვლებოდა.
გამორჩეული, თამამი და გრაფიკული ლოგო მსოფლიოს უდიდესი კომპიუტერული მწარმოებლისთვის ზედგამოჭრილი აღმოჩნდა. უნდა ითქვას, რომ IBM მაღალი დონის დიზაინთან თანამშრომლობის კუთხით ნამდვილი პიონერი იყო. კომპანია წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდა ისეთ გამოჩენილ შემოქმედებთან, როგორებიც იყვნენ ჩარლზ და რეი იმზები, ისამუ ნოგუჩი, ჯორჯ ნელსონი და არქიტექტორები – დენის ლასდუნი და ეერო საარინენი. ამ უმდიდრესი ისტორიისა და ტექნოლოგიური ცვლილებების ფონზე, პოლ რენდის მიერ შექმნილი ლოგო დროის გამოცდას წარმატებით უძლებს და დღესაც ამაყად იკავებს მთავარ ადგილს კომპანიის ვებგვერდზე.
წყარო: Wallpaper

