კვი, 26 ივლ, 2026
ახალი ინტერაქტიული ქვიზები დაემატა საიტს — შეამოწმე შენი ცოდნა. ნახვა →
გრაფიკული დიზაინი

xAI ახლა უკვე SpaceXAI-ია: ილონ მასკის ხელოვნური ინტელექტი SpaceX-ს უერთდება

ილონ მასკის ხელოვნური ინტელექტის კომპანია ახალ ეტაპზე გადადის – xAI-მ რებრენდინგი განიცადა და ოფიციალურად SpaceXAI გახდა. ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს მასკის სტრატეგიას,...

ილონ მასკის ხელოვნური ინტელექტის კომპანია ახალ ეტაპზე გადადის – xAI-მ რებრენდინგი განიცადა და ოფიციალურად SpaceXAI გახდა. ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს მასკის სტრატეგიას, აეროკოსმოსური და AI ბიზნესები ერთი ქოლგის ქვეშ გააერთიანოს. სოციალურ ქსელ X-ზე კომპანიამ უკვე წარადგინა ახალი ლოგო და მომხმარებლის სახელი (@SpaceXAI) შეიცვალა.

მაისში დაანონსებული გეგმის შესაბამისად, კომპანია დამოუკიდებელ არსებობას წყვეტს და SpaceX-ის ხელოვნური ინტელექტის განყოფილებად ყალიბდება. შესაბამისად, Grok ჩატბოტი და სხვა პროდუქტები უკვე SpaceXAI-ის ბრენდის ქვეშ გაერთიანდება. რაც შეეხება ახალ ლოგოს, ინტერნეტმომხმარებლებმა მასსა და Reebok-ის ცნობილ ვექტორულ ემბლემას შორის ვიზუალური მსგავსება უკვე შენიშნეს.

2026 წელი მასკის ბიზნესიმპერიისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. წვრილმანი ცვლილებების ნაცვლად, კომპანიამ მასშტაბური ნაბიჯები გადადგა. SpaceX-მა სრულად შთანთქა xAI, რითაც ერთმანეთს დაუკავშირა Grok, სუპერკომპიუტერი Colossus და სოციალური პლატფორმა X. ამასთან, კომპანიამ რეკორდული საჯარო შეთავაზებით მოიზიდა დამატებითი კაპიტალი, რითაც ხელოვნური ინტელექტი აეროკოსმოსური მიმართულების თანაბარ პრიორიტეტად აქცია. სტრატეგია კიდევ უფრო შორს მიდის – SpaceXAI გეგმავს, 2028 წლისთვის ორბიტაზე ე. წ. „AI გამოთვლითი თანამგზავრები“ განათავსოს, რათა ხელოვნური ინტელექტის მზარდი ენერგეტიკული მოთხოვნები უშუალოდ კოსმოსური ინფრასტრუქტურით დააკმაყოფილოს.

ამას გარდა, კომპანიამ უკვე გააფორმა მსხვილი ხელშეკრულებები Anthropic-სა და Google-თან, რითაც ის ერთდროულად AI დეველოპერადაც და ინფრასტრუქტურის მიმწოდებლადაც პოზიციონირდება.

პროგრამული უზრუნველყოფის გაფართოება

სახელის ცვლილებასთან ერთად, იზრდება კომპანიის პროგრამული ამბიციებიც. SpaceX-მა ცოტა ხნის წინ შეიძინა სტარტაპი Anysphere, რომელიც პოპულარული კოდირების ასისტენტის, Cursor-ის შემქმნელია. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია მათთან ერთად ახალი AI მოდელის გამოსაშვებად ემზადება.

საბოლოო ჯამში, ილონ მასკი ცალკეული, იზოლირებული ბიზნესების ნაცვლად, ერთიან გიგანტურ ეკოსისტემას ქმნის, რომელიც ჩეთბოტებიდან და პროგრამული უზრუნველყოფიდან დაწყებული, ორბიტალური თანამგზავრებით დამთავრებული, ტექნოლოგიური სფეროს თითქმის ყველა მიმართულებას ფარავს.

წყარო: Design Taxi