ხელოვნური ინტელექტის განვითარების პროცესში დიდი ხნის განმავლობაში მთავარ როლს ადამიანი ასრულებდა: თავად წერდა კოდს, გეგმავდა ექსპერიმენტებს, ამოწმებდა შედეგებს და წყვეტდა, როგორი უნდა ყოფილიყო სისტემის შემდეგი ვერსია. Anthropic-ის ახალ პუბლიკაციაში კი ნათქვამია, რომ ეს მოცემულობა სწრაფად იცვლება — კომპანია თავად AI სისტემების განვითარებისთვის საჭირო სამუშაოს სულ უფრო დიდ ნაწილს ხელოვნურ ინტელექტს ანდობს.
Anthropic-ის შეფასებით, თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა და სისტემებს საკმარისი გამოთვლითი რესურსი ექნებათ, შესაძლოა მივიდეთ იმ ეტაპამდე, როცა ხელოვნური ინტელექტი საკუთარი მომდევნო თაობის შექმნას სრულად დამოუკიდებლად შეძლებს. ამ პროცესს „რეკურსიული თვითსრულყოფა“ ეწოდება. კომპანია ხაზს უსვამს, რომ ეს ჯერ არ მომხდარა და არც გარდაუვალია, თუმცა მსგავსი რეალობა შესაძლოა იმაზე ადრე დადგეს, ვიდრე ამისთვის სახელმწიფოები, ინსტიტუტები და თავად ტექნოლოგიური ინდუსტრია იქნებიან მზად.
Anthropic Institute-ის მონაცემებით, ხელოვნური ინტელექტი საკუთარ განვითარებას უკვე თავადვე აჩქარებს. მაგალითად, დღეს Anthropic-ის ინჟინრები კვარტალში საშუალოდ რვაჯერ მეტ კოდს ქმნიან და ნერგავენ, ვიდრე 2021-2025 წლებში. კომპანიის განმარტებით, ეს მხოლოდ ადამიანთა შრომისუნარიანობის ზრდის შედეგი არ არის — კოდის მნიშვნელოვან ნაწილს უკვე თავად Claude წერს, ხოლო ადამიანი სულ უფრო ხშირად მხოლოდ დამკვეთის, ზედამხედველისა და შემმოწმებლის როლს ირგებს.
2026 წლის მაისისთვის Anthropic-ის ბაზაში არსებული კოდის 80%-ზე მეტი Claude-ის მიერ იყო დაწერილი. არადა, Claude Code-ის 2025 წლის თებერვლის კვლევით ვერსიამდე ეს მაჩვენებელი ერთნიშნა პროცენტს არ აღემატებოდა. კომპანიის თქმით, გარდატეხა სწორედ აქ იგრძნობა: ჩატბოტიდან, რომელიც ადამიანს მხოლოდ კოდის მოკლე ფრაგმენტებს სთავაზობდა, ის იქცა დამოუკიდებელ აგენტად, რომელსაც ფაილების რედაქტირება, კოდის გაშვება, შეცდომების პოვნა და რამდენიმესაათიანი სამუშაოს საკუთარ თავზე აღება შეუძლია.
Anthropic-ის შიდა ტესტირებისას Claude ბევრად უკეთ უმკლავდება ისეთ ამოცანებსაც, რომლებზეც წინასწარ გაწერილი დეტალური ინსტრუქცია არ არსებობს. კომპანიის მონაცემებით, ყველაზე არასტანდარტულ და რთულ პროგრამირების დავალებებში Claude-ის წარმატების მაჩვენებელი 2026 წლის მაისში 76%-მდე გაიზარდა (რაც ექვს თვეში 50 პროცენტული პუნქტით ზრდას ნიშნავს). ერთ-ერთ შემთხვევაში Claude-მა დაახლოებით ორ საათში აღმოფხვრა პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ადამიანი, ჩვეულებრივ, ორ-სამ სამუშაო დღეს მოანდომებდა.
კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ Claude კვლევითი მიმართულებითაც სწრაფად ვითარდება. ერთ-ერთ შიდა ტესტში, სადაც მოდელს მცირე AI სისტემის საწვრთნელი კოდის მუშაობის დაჩქარება ევალებოდა, 2025 წლის მაისში Claude Opus 4-მა შედეგი სამჯერ გააუმჯობესა, ხოლო უკვე 2026 წლის აპრილში Claude Mythos Preview-მ პროცესის 52-ჯერ აჩქარება შეძლო. Anthropic-ის შეფასებით, მკაფიოდ განსაზღვრულ ექსპერიმენტებში Claude უკვე ადამიანზე ბევრად სწრაფად მოქმედებს, თუმცა ადამიანები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ უპირატესობას მთავარი სტრატეგიული მიმართულებების არჩევასა და კვლევითი ინტუიციის კუთხით.
პოტენციური საფრთხეც სწორედ ამ ზღვარზე იჩენს თავს. სანამ AI მხოლოდ მიცემულ დავალებებს ასრულებს, სისტემის მმართველად ადამიანი რჩება. მაგრამ თუ ხელოვნური ინტელექტი თავად ირჩევს, რომელი ექსპერიმენტი ჩაატაროს, როგორ გააუმჯობესოს მოდელი და როგორ შექმნას საკუთარი შემდეგი თაობა, მაშინ მისი კონტროლის, მონიტორინგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი საგრძნობლად რთულდება. Anthropic-ის პოზიციით, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია არსებობდეს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს სისტემის შეჩერებას ან შენელებას, თუკი მისი განვითარების ტემპი ადამიანური კონტროლის ჩარჩოებს გასცდება.
Reuters-ის ცნობით, Anthropic მოუწოდებს მოწინავე AI ლაბორატორიებს, წინასწარ იფიქრონ კოორდინირებულ და გადამოწმებად პაუზაზე იმ შემთხვევისთვის, თუ რისკები მკვეთრად გაიზრდება. კომპანია მიიჩნევს, რომ მხოლოდ ერთი რომელიმე ლაბორატორიის მიერ პროცესის ერთპიროვნული შეჩერება შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან ამ შემთხვევაში ლიდერის პოზიციას უბრალოდ სხვა, ნაკლებად ფრთხილი კონკურენტი დაიკავებს. მსგავს მოწოდებას ისტორიული პრეცედენტიც აქვს: 2023 წელს Future of Life Institute-ის ღია წერილში AI ლაბორატორიებს მოუწოდებდნენ, მინიმუმ ექვსი თვით შეეჩერებინათ GPT-4-ზე ძლიერი სისტემების წვრთნა, თუმცა ეს პაუზა რეალობაში არ განხორციელებულა.
წყარო: Anthropic Institute, Reuters.

