Anthropic-მა ფართო საზოგადოებისთვის თავისი მძლავრი „Mythos“ AI მოდელის ახალი, უსაფრთხოების ჩარჩოებში მოქცეული ვერსია — Claude Fable 5 გამოუშვა. კომპანიის განცხადებით, ეს არის მათ მიერ აქამდე წარდგენილ მოდელებს შორის ყველაზე ძლიერი ვერსია, რომელიც განსაკუთრებულ შედეგებს აჩვენებს პროგრამულ ინჟინერიაში, ანალიტიკურ სამუშაოებსა და ვიზუალურ დავალებებში. მოდელი მნიშვნელოვნად აღემატება წინა ვერსიებს გრძელვადიანი და რთული ამოცანების შესრულებისას. ანალიტიკური კომპანია Hex-ის მონაცემებით, Fable 5 გახდა პირველი მოდელი, რომელმაც მათ რთულ ანალიტიკურ ტესტში 90%-იანი ბარიერი გადალახა. ამასთან, SWE-Bench-Pro ტესტში, რომელიც AI-ის აგენტური კოდირების უნარებს ზომავს, მან 80.3% აიღო და კონკურენტები – OpenAI-ის GPT-5.5 (58.6%) და Google Deepmind-ის Gemini 3.1 Pro (54.2%) საგრძნობლად უკან ჩამოიტოვა. ტესტერების შეფასებით, სისტემამ საღი განსჯისა და ნიუანსების მიმართ ყურადღების მაღალი დონე აჩვენა.
ახალი მოდელის საჯარო გამოსვლას წინ უძღოდა გარკვეული შეზღუდვების დაწესება. მიმდინარე წლის აპრილში Anthropic-მა ორიგინალი Mythos Preview მოდელი მხოლოდ შერჩეული კიბერუსაფრთხოების ექსპერტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ზედამხედველებისთვის გაუშვა, რადგან ის კომერციულ პროგრამულ უზრუნველყოფაში დაუცველობების პოვნასა და გამოყენებაში ზედმეტად ეფექტიანი აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, საჯაროდ ხელმისაწვდომ Fable 5-ს დაუწესდა ბარიერები – ის არ პასუხობს კიბერუსაფრთხოებისა და ბიოლოგიის სფეროებთან დაკავშირებულ კითხვებს. მსგავსი თემატიკის მოთხოვნებს სისტემა ავტომატურად გადაამისამართებს ნაკლებად მძლავრ Claude Opus 4.8 მოდელზე, რაც, კომპანიის ცნობით, სესიების მხოლოდ 5 პროცენტში ხდება. ამასთან, როგორც შიდა, ისე გარე გუნდების არაერთი მცდელობა, მოეტყუებინათ სისტემა და აკრძალულ თემებზე პასუხი მიეღოთ, უშედეგოდ დასრულდა. რაც შეეხება უსაფრთხოების მკვლევრებს, რომლებსაც უკვე ჰქონდათ წვდომა Preview ვერსიაზე, ისინი ახალ Claude Mythos 5 მოდელს სპეციალური, სანდო წვდომის სისტემატური პროგრამის ფარგლებში მიიღებენ.
საგულისხმოა, რომ Fable 5-ის გამოსვლა დაემთხვა Anthropic-ის მოწოდებას წამყვანი AI ლაბორატორიების მიმართ, რათა ტექნოლოგიის განვითარება კოორდინირებულად შეაჩერონ. ისინი შიშობენ, რომ AI-ის შესაძლებლობების სწრაფი ზრდა ადამიანის კონტროლის მექანიზმებს გადააჭარბებს. ამ პოზიციას იზიარებს OpenAI-ის ხელმძღვანელი სემ ალტმანიც, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს, რათა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს პროცესების შენელება და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
მიუხედავად იმისა, რომ AI კომპანიების ლიდერები მთავრობის მხრიდან მკაცრ რეგულაციებს ითხოვენ, AI ლობიმ და ტრამპის ადმინისტრაციამ სავალდებულო უსაფრთხოების კანონების მიღება შეაფერხეს. თუმცა Mythos-ის პოტენციურმა საფრთხემ თეთრ სახლშიც გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა მთავრობის ზედამხედველობის როლზე. ამან ხელი შეუწყო ახალი აღმასრულებელი ბრძანების გამოცემას, რომელიც AI ლაბორატორიებს ავალდებულებს, ახალი წამყვანი (Frontier) მოდელების საჯაროდ გამოსვლამდე ერთი თვით ადრე ისინი მთავრობას შესამოწმებლად გადასცენ.
ამჟამად Claude Fable 5 დეველოპერებისთვის Anthropic-ის API-ის საშუალებით არის ხელმისაწვდომი.

წყარო: Fast Company

