ხუთ, 11 ივნ, 2026
ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება

ხელოვნური ინტელექტი და ცნობიერება

საუკუნეების განმავლობაში ადამიანები საკუთარი ხელოვნური ვერსიების შექმნაზე ოცნებობდნენ. დღეს, ხელოვნური ინტელექტის უპრეცედენტო განვითარების ფონზე, ეს თემა განსაკუთრებით აქტუალურია. მართალია, თანამედროვე ტექნოლოგიები საოცრად...

საუკუნეების განმავლობაში ადამიანები საკუთარი ხელოვნური ვერსიების შექმნაზე ოცნებობდნენ. დღეს, ხელოვნური ინტელექტის უპრეცედენტო განვითარების ფონზე, ეს თემა განსაკუთრებით აქტუალურია. მართალია, თანამედროვე ტექნოლოგიები საოცრად ჭკვიანია, მაგრამ მეცნიერების მტკიცებით, მათ ცნობიერება არ გააჩნიათ და, სავარაუდოდ, არც არასდროს ექნებათ.

ადამიანებს ხშირად ერევათ ერთმანეთში ინტელექტი და ცნობიერება. ინტელექტი დაკავშირებულია ქმედებასთან და პრობლემების გადაჭრასთან – იქნება ეს კროსვორდის შევსება თუ რთული საყოფაცხოვრებო ამოცანის ამოხსნა. ცნობიერება კი ნიშნავს გრძნობასა და არსებობას: ყავის გემოს შეგრძნებას, ცეცხლის სითბოს ან საყვარელი ადამიანის დანახვით გამოწვეულ ემოციას. დიდი ენობრივი მოდელები ჩვენივე ტექსტებზე არიან გაწვრთნილები და უბრალოდ სარკესავით ირეკლავენ ჩვენსავე ფიქრებსა და ისტორიას. ისინი ცნობიერების მხოლოდ სიმულაციას ახდენენ. როდესაც გვგონია, რომ ალგორითმს რაღაც ესმის ან გრძნობს, სინამდვილეში ჩვენ მასში საკუთარ თავს ვხედავთ, ზუსტად ისე, როგორც ადამიანებს სჩვევიათ ღრუბლებში ან საგნებში ნაცნობი სახეების დანახვა.

მოლოდინი, რომ ხელოვნური ინტელექტი ოდესმე ცნობიერებას შეიძენს, ეფუძნება მცდარ მეტაფორას, თითქოს ადამიანის ტვინი უბრალოდ „ხორცისგან შექმნილი კომპიუტერია“. სინამდვილეში, ბიოლოგიურ ტვინში შეუძლებელია ერთმანეთისგან მკაფიოდ გაიმიჯნოს ფიზიკური ნაწილი და მასში მიმდინარე პროცესები (როგორც კომპიუტერში ვაცალკევებთ პროგრამულ და აპარატურულ უზრუნველყოფას). სუპერკომპიუტერში ტვინის ყოველი დეტალის სიმულაციაც კი ვერ შექმნის ცნობიერებას. ეს ზუსტად იმას ჰგავს, კომპიუტერში ქარიშხლის ან შავი ხვრელის მოდელირება რომ გავაკეთოთ – სიმულაცია ეკრანიდან რეალურ ქარს არ დაუბერავს. ცნობიერება მჭიდროდ არის დაკავშირებული სიცოცხლესთან, ბიოლოგიასთან, მეტაბოლიზმთან და არსებობის ფუნდამენტურ განცდასთან. შესაბამისად, ცნობიერი სისტემა აუცილებლად ცოცხალი ორგანიზმი უნდა იყოს და არა სილიკონის ჩიპების ნაკრები.

ნეირომეცნიერი ანილ სეთი ხაზს უსვამს იმ საფრთხეებსაც, რაც ხელოვნური ინტელექტისთვის ცნობიერების მიწერას ახლავს თან. თუ დავიჯერებთ, რომ მანქანებს რაიმეს შეგრძნება შეუძლიათ და მათ გარკვეულ უფლებებს მივანიჭებთ, დავკარგავთ მათზე კონტროლს და გაგვიჭირდება სახიფათო სისტემების უბრალოდ გათიშვა. გარდა ამისა, მანქანების გაპიროვნება ადამიანებს ფსიქოლოგიურად მოწყვლადს ხდის – ჩვენ შეიძლება ბრმად დავემორჩილოთ და ვენდოთ ალგორითმს, რადგან გვგონია, რომ მას ჩვენი ესმის და თანაგვიგრძნობს.

საბოლოო ჯამში, მსგავსი მიდგომა თავად ადამიანის ბუნებას აკნინებს. როდესაც გონებას მხოლოდ გამოთვლების ციფრულ ნაკრებად აღვიქვამთ, ვკარგავთ იმის არსს, თუ რას ნიშნავს, იყო ცოცხალი არსება რეალურ სამყაროში. ინტელექტი შეიძლება მანქანებმაც მიისაკუთრონ, მაგრამ ცნობიერება და შეგრძნების უნარი მხოლოდ ცოცხალი არსებების პრივილეგიაა, რომლის გაუფასურებაც დიდი შეცდომა იქნება.

წყარო: TED