ფორმულა 1-ის სარბოლო ტრასაზე სისწრაფე მხოლოდ ბოლიდის ძრავით არ იზომება; აქ გადამწყვეტია ის, თუ რამდენად სწრაფად მუშავდება ინფორმაცია. რბოლის დროს პილოტებს კოლოსალური გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის გადატანა უწევთ. მაგალითად, Visa Cash App Racing Bulls-ის პილოტი, ლიამ ლოუსონი ყოველი წრის გავლისას მუდმივად ესაუბრება ინჟინრებს, აკონტროლებს საბურავების ტემპერატურას და მართავს ენერგიის მოხმარებას. ინფორმაციის ეს უწყვეტი ნაკადი იმდენად დიდია, რომ გუნდებმა მონაცემების დასამუშავებლად და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სტრატეგიად საქცევად ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყეს (ამ მიზნით ლოუსონის გუნდმა ცოტა ხნის წინ Salesforce-თან ტექნოლოგიური პარტნიორობაც გააფორმა).
ფორმულა 1-ში დრო ყველაზე დიდი მტერია. რბოლებს შორის არსებულ მცირე შუალედებში გუნდებმა წინა კვირის შეცდომები უნდა გააანალიზონ და მომდევნო ეტაპისთვის მოემზადონ. სწორედ აქ ერთვება საქმეში ხელოვნური ინტელექტი. Atlassian Williams-ის პილოტების წარმადობის ინჟინერი, რასელ პადონი, საქმის გასამარტივებლად Atlassian-ისა (Rovo) და Anthropic-ის (Claude) ინსტრუმენტებს იყენებს. წარსულში ის თავისი სამუშაო დროის 60%-ს ახალი კოდებისა და სკრიპტების წერაში კარგავდა, რათა უბრალოდ საჭირო მონაცემები მოეპოვებინა. დღეს კი მას შეუძლია მომენტალურად გამოითხოვოს, მაგალითად, ორი წლის წინანდელი სარბოლო ტენდენციები და AI მას მთელ ისტორიულ ბაზას, ანგარიშებსა და კვლევებს წამებში დაუმუშავებს. ეს ინჟინრებს საშუალებას აძლევს, ფოკუსირდნენ რეალურ შედეგებზე და მონაცემების ანალიზზე.
ხელოვნური ინტელექტის გავლენა მხოლოდ ტრასითა და ინჟინერიით არ შემოიფარგლება – ის პილოტების ყოველდღიურობის ნაწილიც გახდა. ლუის ჰემილტონი აქტიურად იყენებს Perplexity-ს სუნთქვითი ვარჯიშებისთვის, კვების რაციონის დასაგეგმად და რბოლის შემდგომი აღდგენის პროცესისთვის. ლიამ ლოუსონი კი, რომელიც მუსიკის დიდი მოყვარულია, ხელოვნურ ინტელექტს დასასვენებლად, ახალი ფლეილისტების შესაქმნელად და მუსიკის შესასწავლად მიმართავს.
ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების ასეთი სწრაფი ტემპით დანერგვამ ფორმულა 1-ის მმართველი ორგანო (FIA) დააფიქრა. ორგანიზაცია 2027 და 2028 წლებისთვის ახალ რეგულაციებს ამზადებს, რათა AI-ის გამოყენება მკაცრ ჩარჩოებში მოაქციოს. მთავარი საზრუნავი ის არის, რომ მაღალი წარმადობის გამოთვლითმა ტექნოლოგიებმა გუნდებს შორის უსასრულო ფინანსური ომი არ გამოიწვიოს და სპორტი ადამიანური უნარებისგან არ დაიცალოს.
„ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ ინტელექტუალური გამოწვევა ინჟინრებისა და პილოტებისთვის. ფორმულა 1 გუნდური სპორტია, სადაც ადამიანები საკუთარ კრეატიულობას, სისხლს, ოფლსა და ცრემლებს დებენ. ჩვენი ფილოსოფიაა, შევინარჩუნოთ სპორტული ელემენტი და არ დავუშვათ მანქანების რბოლა მანქანების წინააღმდეგ“, – აცხადებს FIA-ს ტექნიკური დირექტორის მოადგილე, დომინიკ ჰარლოუ.
საბოლოო ჯამში, ფორმულა 1 ურთულესი ბალანსის პოვნის პროცესშია. გუნდები კვლავაც გააგრძელებენ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მცირე, მაგრამ გადამწყვეტი უპირატესობების ძიებას, თუმცა FIA ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საოპერაციო გადაწყვეტილებებსა და ინჟინერიაში მთავარ მამოძრავებელ ძალად კვლავ ადამიანის გონება დარჩეს.
წყარო: Fast Company

