კვი, 26 ივლ, 2026
ახალი ინტერაქტიული ქვიზები დაემატა საიტს — შეამოწმე შენი ცოდნა. ნახვა →
მეცნიერება

ლოს-ალამოსის ლაბორატორიის საიდუმლო: კვანტური ფიზიკა და მეცნიერთა იდუმალი გაუჩინარება

გასული წლის მაისში 78 წლის ენტონი ჩავესის იდუმალმა გაუჩინარებამ ინტერნეტსივრცეში შეთქმულების თეორიების ნამდვილი ქარიშხალი გამოიწვია. პოლიციამ პენსიაზე გასული ტექნიკოსის სახლში მხოლოდ მისი...

გასული წლის მაისში 78 წლის ენტონი ჩავესის იდუმალმა გაუჩინარებამ ინტერნეტსივრცეში შეთქმულების თეორიების ნამდვილი ქარიშხალი გამოიწვია. პოლიციამ პენსიაზე გასული ტექნიკოსის სახლში მხოლოდ მისი მანქანა, საფულე, სიგარეტი და ხელნაწერი დღიური იპოვა, თავად ჩავესი კი თითქოს ჰაერში აორთქლდა. საქმეს განსაკუთრებულ მისტიკურობას სძენს მისი მეგობრის ჩვენება, რომლის მიხედვითაც, ჩავესი ლოს-ალამოსის ეროვნულ ლაბორატორიაში კვანტურ ფიზიკოსს ეხმარებოდა და უშუალოდ მუშაობდა ექსპერიმენტებზე, რომლებიც „მატერიის ერთდროულად ორ ადგილას არსებობას“ იკვლევდა.

ამ ისტორიამ ბევრს სამეცნიერო ფანტასტიკის (მაგალითად, Rick and Morty-ის) სიუჟეტი გაახსენა და სოციალურ ქსელებში მალევე გაჩნდა თეორიები, თითქოს ექსპერიმენტის კონტროლიდან გამოსვლის გამო ჩავესი პარალელურ განზომილებაში ან ჭიახვრელში (Wormhole) გაუჩინარდა. მიუხედავად ამისა, მეცნიერები განმარტავენ, რომ კვანტური სუპერპოზიციის პრინციპი – როდესაც ფიზიკური სისტემა ერთდროულად რამდენიმე მდგომარეობაში შეიძლება არსებობდეს – მხოლოდ კვანტური ინფორმაციის საბაზისო ერთეულებს (კუბიტებს) ეხება. შესაბამისად, ზრდასრული ადამიანის სხვა განზომილებაში მოხვედრის იდეა რეალობას სრულიად მოკლებულია.

ჩავესის საქმეს კიდევ ერთი ტრაგიკული ფაქტი დაემთხვა. მის გაუჩინარებიდან დაახლოებით ერთ თვეში დაიკარგა ლოს-ალამოსის კიდევ ერთი თანამშრომელი, ადმინისტრაციული ასისტენტი მელისა კასიასი, რომლის ნეშტიც მოგვიანებით ნიუ-მექსიკოს ტყეში, ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად იპოვეს. ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჩავესი და კასიასი ერთმანეთს იცნობდნენ ან ეს ორი საქმე რაიმე ფორმით იკვეთება.

თუმცა მოვლენათა ჯაჭვმა აშშ-ის მთავრობის ყურადღება მაინც მიიქცია. აპრილში, წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტმა გამოძიება დაიწყო იმ ათამდე მეცნიერის საიდუმლო გაუჩინარებასა და გარდაცვალებაზე, რომლებსაც აშშ-ის ბირთვულ და სარაკეტო ტექნოლოგიებთან ჰქონდათ კავშირი. მათ შორისაა საჰაერო ძალების კვლევითი ლაბორატორიის ყოფილი მეთაური უილიამ ნილ მაკკასლანდი, რომელიც წლების წინ იმ ბაზაზე მუშაობდა, სადაც უცხოპლანეტელებთან დაკავშირებული ბევრი მითი იღებს სათავეს.

მთავრობის წარმომადგენლების გაფრთხილებამ, რომ ამ იდუმალ სიკვდილიანობასა და გაუჩინარებებს შორის შესაძლოა ბოროტი კავშირი არსებობდეს, კონსპირატორებს ახალი საბაბი მისცა. ამოუცნობი მფრინავი ობიექტების (UFO) თეორიების მიმდევრები ჩავესის კვანტურ კვლევებს უშუალოდ უკავშირებენ ტელეპორტაციასა და იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც ფიზიკის კლასიკურ კანონებს არღვევს. მათი ვარაუდით, ეს ადამიანები ეგზოტიკური ტექნოლოგიებისთვის მიმდინარე ჩრდილოვანი ბრძოლის მსხვერპლნი გახდნენ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, არ არსებობს არცერთი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც ამ საქმეების ერთმანეთთან კავშირს ან რაიმე ზებუნებრივი ძალების ჩარევას დაადასტურებდა.

წყარო: Futurism