Meta-მ, თავისი სტრუქტურული ერთეულის (Meta Superintelligence Labs) მეშვეობით, ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი, Muse Image წარადგინა. ეს პროექტი, რომლის შიდა კოდური სახელიც Mango იყო, უკვე სრულიად უფასოდ არის ხელმისაწვდომი Meta AI აპლიკაციაში, Instagram Stories-სა და WhatsApp-ში.
რაც შეეხება მის შესაძლებლობებს, სტანდარტული AI გენერატორების მსგავსად, ისიც ქმნის სახალისო სურათებს, თუმცა აქვს საინტერესო დამატებითი ფუნქციებიც. მათთვის, ვისაც იდეების ნაკლებობა აქვს, პროგრამაში წინასწარ გამზადებული შაბლონებია ჩაშენებული. გარდა ამისა, მომხმარებლებს შეუძლიათ მოთხოვნის საფუძველზე ფოტოების რედაქტირება – მაგალითად, ფონიდან ზედმეტი ობიექტების წაშლა, ისტორიულ ადგილებში საკუთარი თავის ჩასმა ან ფუნქციური QR კოდების გენერირება. ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედიის სტრატეგიის კუთხით, საინტერესოა მისი სარეკლამო პოტენციალიც. ხელსაწყო იძლევა მორგებული სარეკლამო ბანერების შექმნის საშუალებას და ინტეგრირებულია Facebook Marketplace-თან, რაც მეორადი ავეჯის საკუთარ ინტერიერში წინასწარ, ვირტუალურად მორგების შესაძლებლობას იძლევა. პარალელურად, Instagram Stories-ს დაემატა Muse-ზე დაფუძნებული ახალი ფილტრები და AI ეფექტები.
თუმცა ამ ყველაფერს უკვე მოჰყვა სერიოზული კრიტიკა კონფიდენციალურობის კუთხით. სისტემის ყველაზე საკამათო ფუნქცია მომხმარებლებს აძლევს უფლებას, საკუთარი AI სურათების შესაქმნელად სხვა ადამიანების საჯარო ფოტოები გამოიყენონ, რისთვისაც მხოლოდ სასურველი პირის მონიშვნაა (Tag) საჭირო. Meta-ს პოლიტიკის მიხედვით, ორიგინალი ფოტოს მფლობელი ამის შესახებ არანაირ შეტყობინებას არ იღებს. მართალია, კომპანია განმარტავს, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ პარამეტრებიდან ამ ფუნქციის გათიშვა, მაგრამ კრიტიკოსები მას მაინც „კონფიდენციალურობის ნაღმს“ უწოდებენ.
მსგავსი მიდგომა, როდესაც მონაცემების გამოყენება ნებადართულია იქამდე, სანამ მომხმარებელი თავად არ გამორთავს მას, სერიოზულ უნდობლობას იწვევს. ეს განსაკუთრებით მწვავედ აღიქმება Meta-ს წარსულის ფონზე — 2019 წელს Cambridge Analytica-ს სკანდალის გამო რეკორდული ჯარიმის გადახდისა და 2021 წელს, ზეწოლის შედეგად, ბიომეტრიული მონაცემების შემგროვებელი სახის ამომცნობი სისტემის გაუქმების შემდეგ.
მიუხედავად კრიტიკისა, Meta განაგრძობს განვითარებას. ამჟამად Muse Image ყოველდღიური გამოყენებისთვის უფასოა, ლიმიტის ამოწურვის შემდეგ კი ფასიანი გამოწერა გახდება საჭირო. კომპანია ასევე უკვე მუშაობს ვიდეოების გენერატორზე, სახელწოდებით Muse Video.
წყარო: Tech Crunch

