ქირურგის ყველაზე ძლიერი იარაღი ყოველთვის მისი მტკიცე ხელი იყო, თუმცა, შესაძლოა, მომავალში ეს როლი ჰუმანოიდურმა რობოტმა მოირგოს. ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კვლევა აღწერს დისტანციურად მართვადი ჰუმანოიდების პირველ წარმატებულ გამოყენებას მსხვილ ძუძუმწოვრებზე (კერძოდ, ღორებზე) ჩატარებულ მცირედ ინვაზიურ პროცედურებში. კალიფორნიის უნივერსიტეტის (UC San Diego) მკვლევრებმა წარმატებით გამოცადეს რობოტები, რომლებმაც პრეკლინიკურ პირობებში ნაღვლის ბუშტის ოპერაციები ჩაატარეს. პირველი ლაპაროსკოპიული ოპერაციის დროს რობოტი ადამიან ქირურგთან ერთად მუშაობდა, ხოლო მეორე პროცედურისას ორმა ჰუმანოიდურმა რობოტმა ითანამშრომლა. ეს ამ ტიპის პრეკლინიკურ ქირურგიაში რობოტების კოლაბორაციის პირველი დაფიქსირებული შემთხვევაა.
სტანდარტული ქირურგიული რობოტებისგან განსხვავებით, სისტემა Surgie სპეციალურად ისეა შექმნილი, რომ ადამიანებისთვის განკუთვნილ სივრცეებში შეუფერხებლად იმუშაოს. მისი სიმაღლე დაახლოებით 1.5 მეტრია, წონა კი 27 კილოგრამს აღწევს. ის იყენებს ჩვეულებრივ ქირურგიულ ინსტრუმენტებს და არ საჭიროებს საავადმყოფოში სპეციალური მძიმე რობოტული ინფრასტრუქტურის დამონტაჟებას, რადგან ქირურგები მას დისტანციური კონსოლის საშუალებით მართავენ და საკუთარ მოძრაობებს საოპერაციო მაგიდაზე ზუსტ ქმედებებად თარგმნიან.
მკვლევრების განმარტებით, ამ ტექნოლოგიის მიზანი არსებული ქირურგიული სისტემების (როგორიცაა da Vinci) ჩანაცვლება კი არა, არამედ მათი შევსებაა. მცირე ზომისა და მობილურობის გამო, ჰუმანოიდი რობოტები განსაკუთრებით სასარგებლო იქნება შეზღუდული რესურსების მქონე კლინიკებში, დროებით სამედიცინო დაწესებულებებში ან ისეთ ადგილებში, სადაც დიდი რობოტული სისტემების დამონტაჟება პრაქტიკულად შეუძლებელია. საოპერაციოს მიღმა მათ სხვა კლინიკური თუ ლოგისტიკური ამოცანების შესრულებაც თავისუფლად შეუძლიათ. პროექტის წამყვანი მკვლევრის, მაიკლ იპის თქმით, მსგავსი ჰუმანოიდები მომავალში კვალიფიციური ქირურგების დეფიციტის პრობლემას მოაგვარებს და სპეციალისტებს საშუალებას მისცემს, ოპერაციები დისტანციურად ჩაატარონ მიუდგომელ რეგიონებში, სტიქიური უბედურებების ზონებსა თუ სამხედრო ჰოსპიტლებში.
მიუხედავად იმისა, რომ ტესტირებამ დადებითი შედეგები აჩვენა, ტექნოლოგია ჯერ კიდევ კონცეფციის მტკიცებულების ეტაპზეა და ადამიანებზე გამოსაყენებლად დამატებით საინჟინრო გაუმჯობესებასა და მარეგულირებელი ორგანოების თანხმობას საჭიროებს.
წყარო: Nature

