ორშ, 1 ივნ, 2026
ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება

როგორ შეაფერხა OpenAI-მ AI-ით შექმნილი ფილმის პრემიერა?

ჰოლივუდში ფილმების გადადება ჩვეულებრივი ამბავია – ამის მიზეზი ხშირად ბიუჯეტის უეცარი ზრდა, გადაღებების გრაფიკის არევა ან მსახიობთა გაფიცვაა ხოლმე. თუმცა ანიმაციურმა ფილმმა...

ჰოლივუდში ფილმების გადადება ჩვეულებრივი ამბავია – ამის მიზეზი ხშირად ბიუჯეტის უეცარი ზრდა, გადაღებების გრაფიკის არევა ან მსახიობთა გაფიცვაა ხოლმე. თუმცა ანიმაციურმა ფილმმა Critterz სრულიად ახალ, ტექნოლოგიურ დაბრკოლებასთან შეჯახება მოახერხა. პროექტმა, რომელიც ფართოდ პოზიციონირდებოდა, როგორც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი ერთ-ერთი პირველი მეინსტრიმული ფილმი, მას შემდეგ დაკარგა ტემპი, რაც OpenAI-მ წარმოების მთავარი მამოძრავებელი ძალა – ვიდეოგენერატორი Sora მოულოდნელად გათიშა.

გაუქმებული პრემიერა და დაკარგული შანსი

კანის კინოფესტივალზე დაგეგმილი გრანდიოზული პრემიერის ნაცვლად, პროექტის ავტორებს მოუწიათ, ფილმის ფრაგმენტები პოტენციური მყიდველებისთვის დახურულ კარს მიღმა ეჩვენებინათ, პარალელურად კი პროდიუსერები სამუშაო პროცესის გადარჩენას ცდილობდნენ.

AGC International-ის, Vertigo Films-ისა და AI-ზე ფოკუსირებული სტუდია Native Foreign-ის მიერ წარმოებული Critterz, ფართომასშტაბიანი გენერაციული კინემატოგრაფიის უმთავრესი ტესტი უნდა ყოფილიყო. გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის მიზანი სრულმეტრაჟიანი ანიმაციის დაახლოებით 9 თვეში და 30 მილიონ დოლარზე ნაკლებ ბიუჯეტში დასრულება იყო. ეს მკვეთრად შეამცირებდა ტრადიციული ანიმაციური სტუდიების მრავალწლიან ვადებსა და კოლოსალურ ხარჯებს. კანის დებიუტი სწორედ იმის სადემონსტრაციოდ იყო გამიზნული, თუ რამდენად სწრაფად მუშაობს AI-ით მხარდაჭერილი პროდუქცია.

თავად პროექტი რეჟისორ ჩად ნელსონის 2023 წლის მოკლემეტრაჟიანი ფილმიდან დაიბადა, რომლის შესაქმნელადაც მან DALL·E-სა და Sora-ს ადრეული ვერსიები გამოიყენა. მოგვიანებით ეს ექსპერიმენტული ნამუშევარი სრულმეტრაჟიან ფილმად გადაიქცა, რომლის სამუშაო პროცესსაც პროდიუსერები „ადამიანის მიერ მართულ, მაგრამ AI-ის დახმარებით შექმნილს“ უწოდებდნენ. წარმოება ვიზუალური განვითარებისა და სცენების გენერირებისთვის მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული Sora-ზე, რაც არტისტებს სცენების ბევრად უფრო სწრაფად შექმნის საშუალებას აძლევდა, ვიდრე ეს ტრადიციული ანიმაციური გზითაა შესაძლებელი.

სტრატეგიის შენარჩუნება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის მარტში OpenAI-მ განაცხადა, რომ Sora-ს დამოუკიდებელ ინსტრუმენტად არსებობას აჩერებდა და წლის ბოლომდე API წვდომასაც გააუქმებდა. საჯარო აპლიკაცია ოფიციალურად უკვე აპრილში გაითიშა, რამაც პროგრამაზე დამოკიდებული კრეატორები ერთ ღამეში ალტერნატიული ხელსაწყოების ძიების აუცილებლობის წინაშე დააყენა. მას შემდეგ OpenAI-მ თავისი რესურსები, გასართობი ვიდეოების გენერირების ნაცვლად, რობოტიკისა და „სამყაროს სიმულაციის“ კვლევებისკენ მიმართა.

ახალი რისკები კინოინდუსტრიისთვის

ამ მოულოდნელობამ Critterz-ის პოსტპროდუქცია იმდენად შეანელა, რომ კანის პრემიერა ჩაიშალა. მართალია, ფესტივალის პარალელურად დახურული ჩვენებები მაინც გაიმართა, თუმცა ოფიციალურ პროგრამაში ვერმოხვედრამ ფილმს დაუკარგა შანსი, გამხდარიყო ისტორიული ეტაპი გენერაციული AI კინოსთვის.

ტრადიციული საწარმოო აღჭურვილობა შეიძლება დროთა განმავლობაში მოძველდეს, მაგრამ კამერები და სამონტაჟო ოთახები ერთ ღამეში არ ქრება მხოლოდ იმიტომ, რომ ტექნოლოგიურმა კომპანიამ მიმართულების შეცვლა გადაწყვიტა. ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფა კი შეიძლება უბრალოდ ერთი შეტყობინებით გაქრეს და პროექტები განვითარების შუაგულში, ჰაერში გამოკიდებული დატოვოს. ეს სიმყიფე სულ უფრო დიდ შეშფოთებას იწვევს იმ კინოსტუდიებში, რომლებიც წარმოების პროცესში გენერაციული ინსტრუმენტების უფრო ღრმად ინტეგრირებას განიხილავენ.