19 მაისს Google-მა I/O დეველოპერების კონფერენციაზე თავისი საძიებო სისტემის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური სიახლე წარადგინა. Gemini 3.5 Flash-ზე მომუშავე ინტელექტუალური ძიების ველი, რომელიც ინფორმაციულ აგენტებსა და დამატებითი კითხვებისთვის სპეციალურ სივრცეს აერთიანებს, კომპანიამ „ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ განახლებად“ მონათლა. თუმცა საზოგადოების რეაქცია მოლოდინს აცდა: კონფიდენციალურობის რისკებისა და AI-ის „ჰალუცინაციების“ გამო, მომხმარებლების ნაწილმა ტრადიციული, მშვიდი ალტერნატივების ძებნა დაიწყო.
„No AI“ – თავისუფლება ალგორითმებისგან
ამ უკმაყოფილებით ყველაზე მეტად DuckDuckGo-მ იხეირა. Google-ის ანონსიდან სულ რაღაც ერთ კვირაში, აშშ-ში პლატფორმის გადმოწერების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა. სისტემა, რომელიც წლებია მომხმარებელთა მონაცემების დაცვითა და თვალთვალის დაბლოკვით პოზიციონირებს, ადამიანებს სრულიად ახალ შესაძლებლობას სთავაზობს – მოძებნონ ინფორმაცია „AI-ის გარეშე“.
მთავარი გვერდი იუწყება, რომ სპეციალურ რეჟიმში სრულად არის გამორთული ხელოვნური ინტელექტის მიერ დაგენერირებული პასუხები და წაშლილია მსგავსი ტექნოლოგიით შექმნილი სურათები. კვირის ბოლოსთვის, ამ კონკრეტულ „No AI“ გვერდზე ვიზიტები წინა კვირასთან შედარებით 27.7%-ით გაიზარდა. ეს საკმაოდ შთამბეჭდავი ნახტომია პლატფორმისთვის, რომლის საბაზრო წილი აშშ-ში ბოლო 12 თვის განმავლობაში 1.74%-დან 2.53%-მდე მერყეობდა (და აპრილში ისტორიულ მინიმუმზეც კი დაეცა).
„Google მომხმარებლებს ხელოვნურ ინტელექტს ძალადატანებით ახვევს თავს და უარის თქმის ალტერნატივას არ უტოვებს“, – აცხადებს DuckDuckGo-ს აღმასრულებელი დირექტორი, გაბრიელ ვაინბერგი. „შედეგად, მათი ძიების ხარისხი უარესდება. ჩვენ გვინდა ვიყოთ ადგილი, სადაც მართვის სადავეები მომხმარებლის ხელშია და ის თავად წყვეტს, რა დოზით სურს ხელოვნურ ინტელექტთან შეხება“.
ყველაფრის მიუხედავად, DuckDuckGo ხელოვნური ინტელექტის კატეგორიული წინააღმდეგი სულაც არ არის. სისტემა უბრალოდ უსაფრთხოების სტანდარტებს ცვლის.
პლატფორმას აქვს საკუთარი ჩატბოტი Duck.ai, რომელიც მომხმარებელს ექვსი სხვადასხვა, უფასო ენობრივი მოდელის არჩევის საშუალებას აძლევს (მათ შორისაა OpenAI-ის GPT-5 mini და Meta-ს Llama 4 Scout). დამატებით ხუთი ექსკლუზიური მოდელი კი კომპანიის VPN სერვისის გამომწერებისთვისაა ხელმისაწვდომი (თვეში 10 ან წელიწადში 99 დოლარად).
მთავარი განმასხვავებელი ნიშანი კვლავ კონფიდენციალურობაა. მსხვილ მოდელებზე წვდომის პარალელურად, Duck.ai სრულად აქრობს თქვენს მეტამონაცემებს – თქვენი ვინაობა და IP მისამართი LLM პროვაიდერებთან არ მიდის. გარდა ამისა, DuckDuckGo-ს მკაცრი შეთანხმება აქვს პარტნიორ კომპანიებთან (მათ შორის OpenAI-სა და Meta-სთან): მომხმარებლის შეკითხვები არასდროს გამოიყენება მოდელების საწვრთნელად და სისტემაში მოხვედრიდან 30 დღის განმავლობაში სამუდამოდ იშლება.

