ორშ, 1 ივნ, 2026
გაჯეტები

ჭკვიანი სათვალეების დაბრუნება: Google-ისა და Samsung-ის ახალი ხედვა

Google-მა და Samsung-მა კვლავ გადაწყვიტეს, რომ საზოგადოება ჭკვიანი სათვალეების საჯაროდ სატარებლად უკვე მზად არის. Google I/O 2026-ზე წარდგენილი ახალი მოწყობილობები ხელოვნური ინტელექტის,...

Google-მა და Samsung-მა კვლავ გადაწყვიტეს, რომ საზოგადოება ჭკვიანი სათვალეების საჯაროდ სატარებლად უკვე მზად არის. Google I/O 2026-ზე წარდგენილი ახალი მოწყობილობები ხელოვნური ინტელექტის, კერძოდ, Gemini-სა და დახვეწილი დიზაინის სინთეზს წარმოადგენს. ამჯერად, ტექნოლოგიური გიგანტების მთავარი მიზანი მხოლოდ ფუნქციების გაუმჯობესება არ ყოფილა – მათ სურთ, შექმნან ნივთი, რომლის ტარებაც ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში რეალურად მოუნდებათ. ამისთვის ისეთ ცნობილ ბრენდებთან ითანამშრომლეს, როგორებიცაა Gentle Monster და Warby Parker.

Google-მა ოფიციალურად დაადასტურა ორი განსხვავებული ვერსიის გამოშვება. პირველი აუდიოსათვალეა, რომელიც ჩაშენებული, შეუმჩნეველი დინამიკებით ხმოვან ასისტენტთან კომუნიკაციის საშუალებას იძლევა. მეორე – ეკრანიანი მოდელია, რომელსაც კონტექსტური ინფორმაცია პირდაპირ მომხმარებლის ხედვის არეში გამოაქვს. ორივე მოწყობილობა იმართება ხმოვანი ბრძანებებით ან ჩარჩოზე შეხებით, რაც მომხმარებელს Gemini-სთან მყისიერ წვდომას აძლევს და ტელეფონის ამოღების საჭიროებას აქრობს.

სათვალეები რეალურ დროში რეაგირებს გარემოზე. შეგიძლიათ, პირდაპირ ჰკითხოთ Gemini-ს თქვენ წინ არსებულ ღირსშესანიშნაობებზე, რესტორნებსა თუ საგზაო ნიშნებზე. ნავიგაციის ფუნქცია ზუსტად იმის მიხედვით გაძლევთ მიმართულებას, თუ საით იყურებით, ხოლო ხელოვნური ინტელექტი თქვენს პირად გემოვნებაზე მორგებულ ლოკაციებს გირჩევთ. ამასთანავე, სათვალის საშუალებით შეგიძლიათ ზარების, შეტყობინებებისა და შეჯამებული ნოტიფიკაციების მართვა. ეს ფუნქცია განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვისაც ხელში ყავა ან პროდუქტები უჭირავს და პარალელურად სმარტფონში მესიჯის აკრეფას ცდილობს.

გარდა ამისა, ამ ახალი გამოცდილების უმნიშვნელოვანესი ნაწილია თარგმანი. მოწყობილობას შეუძლია საუბრის რეალურ დროში თარგმნა ისე, რომ მოსაუბრის ხმის ტონალობა შეინარჩუნოს, ან ხმამაღლა წაგიკითხოთ უცხოენოვანი მენიუები და აბრები. Google-მა ასევე წარმოადგინა ხმით მართვადი ფოტო და ვიდეოგადაღების ფუნქცია და რედაქტირების ინსტრუმენტი Nano Banana, რომელიც კადრიდან ზედმეტი დეტალების წაშლისა თუ სახალისო ეფექტების დამატების შესაძლებლობას იძლევა.

წინა თაობის ჭკვიანი სათვალეებისგან განსხვავებით, სტილს ახლა უდიდესი ყურადღება ექცევა. მოდის სამყაროში ცნობილი Gentle Monster-ის მოდელები თამამი დიზაინით გამოირჩევა, Warby Parker კი აქცენტს სადა, კომფორტულ და პრაქტიკულ მიდგომაზე აკეთებს.

თუ Meta-ს Ray-Ban სოციალურ გაზიარებაზეა ფოკუსირებული, ხოლო Apple-ის Vision Pro – შერეული რეალობის (MR) მასშტაბურ გამოცდილებაზე, Google და Samsung ოქროს შუალედს ირჩევენ. ისინი გვთავაზობენ მსუბუქ მოწყობილობას, რომელიც AI-ს ყოველდღიურ რუტინაში ისე რთავს, რომ მომხმარებელი თავს სატესტო პროტოტიპის მატარებლად არ გრძნობს.

ცხადია, სათვალეები სმარტფონის ჩანაცვლებას არ ცდილობს – ის უკვე არსებული აპლიკაციებისა და სერვისების გაგრძელებაა. მისი მეშვეობით ხმოვანი ბრძანებით შეგიძლიათ ტრანსპორტის გამოძახება ან საკვების შეკვეთა. Samsung-ისთვის ეს Galaxy ეკოსისტემის კიდევ ერთ კატეგორიაში გაფართოებას ნიშნავს, Google კი Gemini-ს ჩვენს ციფრულ ყოველდღიურობაში უფრო ღრმად ამკვიდრებს.

პირველი კოლექციები შერჩეულ ბაზრებზე შემოდგომაზე გამოჩნდება. გახდება თუ არა AI სათვალეები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, დრო გვიჩვენებს, თუმცა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა წარსულის შეცდომები აშკარად გაითვალისწინეს: რაც უნდა შთამბეჭდავი იყოს ტექნიკური მახასიათებლები, მას აზრი ეკარგება, თუ ადამიანებს მოწყობილობის სახლის გარეთ ტარება უხერხულობას უქმნის.