TikTok-ს ძირითადად პოზიტიური და „გაფილტრული“ კონტენტის პლატფორმად იცნობენ, თუმცა მისი ჩვეული ალგორითმის მიღმა სრულიად განსხვავებული, ფარული სამყარო არსებობს. ამ უცნაურ, ბნელ და ხშირად შემაშფოთებელ ციფრულ სივრცეს, სადაც მომხმარებლები სისტემის გვერდის ავლით ხვდებიან, TikTok Farlands-ს (შორეულ მიწებს) უწოდებენ. სახელწოდება ცნობილი ვიდეოთამაშის, Minecraft-ის ძველი შეცდომიდან მოდის, რომელიც მოთამაშეებს რუკის დასასრულს, ქაოსურ და დამახინჯებულ ლანდშაფტებში კეტავდა. TikTok-ის შემთხვევაშიც, ეს არის ინტერნეტის ის „კიდე“, სადაც მთავარი ნაკადიდან უხვევთ და სრულიად უკონტროლო, უცნაურ სივრცეში აღმოჩნდებით.
Farlands-ში მოხვედრა ჩვეულებრივი სქროლვითა და ალგორითმის რეკომენდაციებით შეუძლებელია – იქ მოსახვედრად სხვა ადამიანის დახმარებაა საჭირო. ამისთვის სპეციფიკური, ერთი შეხედვით უაზრო ასოებისა და ციფრების კომბინაციები გამოიყენება, რომლებსაც მომხმარებლები ვიდეოების კომენტარებში საიდუმლო კოდებივით აზიარებენ. ამ სივრცეში შესული ადამიანი მხიარული ვიდეოების ნაცვლად, კოშმარულ, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ფიგურებს, დამახინჯებულ სახეებსა და აბსურდულ ვიზუალებს აწყდება. ზოგიერთი ვიდეო ძველი ინტერნეტის საშინელებათა ისტორიებს მოგვაგონებს, ზოგი კი – თანამედროვე ციფრული ხელოვნების ექსპერიმენტებს.
პროტესტი სოციალური მედიის წესების წინააღმდეგ
მედიის მკვლევრებისა და ინტერნეტ-კულტურის ექსპერტების აზრით, ეს მოვლენა უბრალო გასართობი ტრენდი არ არის. ეს არის ერთგვარი სოციალური მოძრაობა და მომხმარებლების მცდელობა, დაიბრუნონ კონტროლი საკუთარ ციფრულ გამოცდილებაზე. იმ ეპოქაში, როდესაც სოციალური მედიის ალგორითმები ზუსტად კარნახობენ, თუ რა უნდა ნახოს ადამიანმა, Farlands-ის კოდების ძიება პლატფორმის წესების წინააღმდეგ წასვლასა და აპლიკაციის ისე გამოყენებას ნიშნავს, როგორც ეს თავად შემქმნელებს არ ჰქონიათ ჩაფიქრებული. კომენტარებში ხშირად შეხვდებით ფრაზას – „მე მინდა დავრჩე შორეულ მიწებზე“, რითაც მომხმარებლები ალგორითმის შეცდომაში შეყვანას და ამ სპეციფიკური კონტენტის შენარჩუნებას ცდილობენ.
პოპულარობის პარადოქსი
მიუხედავად იმისა, რომ Farlands-ის მთავარი იდეა დამალული და არაპოპულარული ვიდეოების აღმოჩენაა, ტენდენციის გავრცელებამ ერთგვარი პარადოქსი შექმნა. დღეს უკვე ბევრი ასეთი „იდუმალი“ ვიდეო მილიონობით ნახვას აგროვებს და მათ მარტივი ძიებითაც იპოვით. თუმცა ნამდვილი აღმომჩენები ამტკიცებენ, რომ ავთენტური Farlands-ის კონტენტს არანაირი ჰეშთეგი ან სათაური არ აქვს, მას მხოლოდ რამდენიმე ათეული ნახვა უფიქსირდება და ისეთი ანგარიშებიდან ვრცელდება, რომლებსაც გამომწერები საერთოდ არ ჰყავთ. საბოლოო ჯამში, ეს ფარული სივრცე ინტერნეტის ისტორიის, იდუმალებისა და სოციალური მედიის ხელოვნური ლანდშაფტების მიმართ არსებული პროტესტის უნიკალური ნაზავია.
წყარო: BBC

