ორშ, 1 ივნ, 2026
გაჯეტები

Googlebook: AI-ზე დაფუძნებული ახალი პრემიუმ ლეპტოპები და სრულიად ახალი ეკოსისტემა

თითქმის 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Google-მა ხელმისაწვდომი, ვებზე დაფუძნებული Chromebook-ები და ChromeOS წარადგინა, რითაც, ფაქტობრივად, საგანმანათლებლო სექტორი დაიპყრო. ახლა კი...

თითქმის 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Google-მა ხელმისაწვდომი, ვებზე დაფუძნებული Chromebook-ები და ChromeOS წარადგინა, რითაც, ფაქტობრივად, საგანმანათლებლო სექტორი დაიპყრო. ახლა კი კომპანიამ სრულიად ახალი პლატფორმა – Googlebook დააანონსა. ის უშუალოდ ხელოვნურ ინტელექტსა და Android-ზეა აგებული და კომპანიას პრემიუმ კომპიუტერების ბაზარზე სერიოზული ადგილის დამკვიდრების შესაძლებლობას აძლევს.

YouTube-ზე, The Android Show-ს ფორმატში წარდგენილი პლატფორმისთვის ოპერაციული სისტემის ოფიციალური სახელი ჯერ არ გაუმჟღავნებიათ (მისი შიდა კოდური დასახელებაა Aluminium OS), თუმცა უკვე ცნობილია, რომ შემოდგომაზე Dell, Acer, Asus, HP და Lenovo პირველ Googlebook-ებს გამოუშვებენ. როგორც Google-ის Android პლანშეტებისა და ლეპტოპების მიმართულების ხელმძღვანელი, ალექსანდრ კუშერი აღნიშნავს, Android-ის ეკოსისტემაში მიმდინარე ტექნოლოგიური ინოვაციების ტალღა ლეპტოპების ფორმატს იდეალურად ერგება.

უწყვეტი განახლებები და AI ინსტრუმენტები

აქამდე Chromebook-ები საკუთარი, განცალკევებული განვითარების ციკლით ცხოვრობდნენ. Googlebook კი ზუსტად იმავე ეკოსისტემის ნაწილია, რომლისაც Android და Gemini. შესაბამისად, ოპერაციული სისტემისა თუ ასისტენტის სიახლეები ლეპტოპებზეც პარალელურ რეჟიმში, სინქრონულად გამოჩნდება.

ერთ-ერთი ასეთი სიახლეა „ვიჯეტის შექმნა“ (Create a Widget) – Android 17-ში ინტეგრირებული გენერაციული AI ფუნქცია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, Gemini-სთან ბუნებრივი საუბრით სასურველი ვიჯეტი დააგენერიროს. მაგალითად, შეგიძლიათ მოითხოვოთ სპეციალური ვიჯეტი მოგზაურობისთვის, რომელიც პირდაპირ ეკრანზე გაჩვენებთ ვალუტის კურსს, ან ამინდის პერსონალიზებული პანელი ქარის სიჩქარის მითითებით.

თუმცა მთავარი ინოვაცია, რომელზეც Google-მა DeepMind-ის გუნდთან ერთად იმუშავა, ე. წ. Magic Pointer-ია. კონკრეტულ აპლიკაციაზე ან ფოტოზე კურსორის ოდნავ შერხევით სისტემა კონტექსტურ შეთავაზებებს გაძლევთ. მაგალითად, თუ კურსორს წერილში მითითებულ თარიღთან შეარხევთ, Gemini კალენდარში ივენთის დამატებას შემოგთავაზებთ, ხოლო Files აპლიკაციაში ორ ფოტოზე მონიშვნისას – მათ ავტომატურ გაერთიანებას.

ადაპტური აპლიკაციები

პროგრამების გადმოსაწერად პლატფორმაზე ტრადიციული Play Store გამოიყენება. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: როგორ აგვარებს Googlebook ტრადიციული Chromebook-ების მთავარ პრობლემას – სრულფასოვანი დესკტოპ აპლიკაციების ნაკლებობას?

პასუხი ადაპტურ აპლიკაციებშია. კუშერის განმარტებით, Googlebook-ზე პროგრამები უბრალოდ დიდ ეკრანზე გაწელილი მობილურის ვერსიები კი არ იქნება, არამედ ტექნიკურ უზრუნველყოფასთან პირდაპირი წვდომის მქონე სრულფასოვანი პროდუქტები. Android ტექნოლოგიებზე დაშენებული ეს ეკოსისტემა დეველოპერებს საშუალებას აძლევს, შექმნან სრულიად განსხვავებული, ლეპტოპის ეკრანსა და სპეციფიკაზე მორგებული გამოცდილება (მათ შორის, Chrome-ის სრულფასოვანი დესკტოპ ვერსიაც).

დიზაინი, ეკოსისტემა და უცნობი დეტალები

Googlebook-ები პრემიუმ სეგმენტზეა გათვლილი, რაც ულტრამსუბუქ დიზაინსა და მაღალი ხარისხის მასალებში გამოიხატება (პლატფორმას ექნება როგორც ARM, ისე x86 არქიტექტურის მხარდაჭერა). ვიზუალურად ეს მოწყობილობები ე. წ. Glowbar-ით გამოირჩევა – კორპუსზე განთავსებული Google-ის ფერებში მანათობელი LED ზოლით, რომელიც ორიგინალი Google Chromebook Pixel-ის ესთეტიკის გაგრძელებაა. ეს დიზაინერული გადაწყვეტა მოწყობილობას დახვეწილ იერს სძენს და ლოგოების სიჭარბისგან ათავისუფლებს, თანაც – დამატებითი, სახალისო ფუნქციური დატვირთვაც ექნება.

ლეპტოპი განსაკუთრებით მიმზიდველი Android სმარტფონების მფლობელებისთვის იქნება. ტელეფონში დაწყებული საქმის გაგრძელება უშუალოდ კომპიუტერში იქნება შესაძლებელი, Files აპლიკაცია კი სმარტფონში შენახულ დოკუმენტებსა და ფოტოებს პირდაპირ მოძებნის და გახსნის (iPhone-ის მხარდაჭერაც იგეგმება, თუმცა პლატფორმული შეზღუდვების გამო – ნაწილობრივ).

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი კლავიატურაზე განთავსებული „G“ ღილაკია. ხსნის თუ არა ის უბრალოდ ძიების ველს ან Gemini-ს? კუშერის თქმით, მას გაცილებით მეტი დატვირთვა ექნება, თუმცა სიურპრიზს შემოდგომისთვის ინახავენ.

რაც შეეხება თავად Chromebook-ების ბედს, მათი მომხმარებლებისთვის არაფერი იცვლება. ეკოსისტემის განვითარება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება და ახალი მოდელებიც გამოვა, რადგან Google-ს კარგად ესმის თავისი პასუხისმგებლობა საგანმანათლებლო და ბიზნეს სექტორის წინაშე. უბრალოდ, Googlebook სრულიად სხვა ფილოსოფიისა და მასშტაბის მოწყობილობაა.