ორშ, 1 ივნ, 2026
ინდუსტრია

Spotify 20 წლისაა: მუსიკალური ნოსტალგია და ამოუწურავი პერსონალიზაცია

Spotify მომხმარებლებს აქამდე უცნობ პირად მონაცემებს უზიარებს და თანაც, საოცრად ნაცნობი ფორმატით. პლატფორმა 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად უშვებს ახალ ფუნქციას – Your...

Spotify მომხმარებლებს აქამდე უცნობ პირად მონაცემებს უზიარებს და თანაც, საოცრად ნაცნობი ფორმატით. პლატფორმა 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად უშვებს ახალ ფუნქციას – Your Party of the Year(s), რომელიც აპლიკაციაში სრულ ნოსტალგიურ მოგზაურობას გვთავაზობს. ის მსმენელს Spotify-სთან ურთიერთობის მთელ ისტორიას ახსენებს, მათ შორის, ყველაზე პირველად ჩართულ სიმღერასაც. ვიზუალურად და ინტერაქციულად, ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ყველასთვის საყვარელ Spotify Wrapped-ს.

ნოსტალგია 2006 წლიდან

შემქმნელებმა სცადეს, ახალი გამოცდილება მაქსიმალურად დაშორებოდა 2024 წლის Wrapped-ის ტექნოლოგიურ, AI-ზე ორიენტირებულ ესთეტიკას. მიზანმიმართულად შეირჩა უფრო ანალოგური, ხელით შექმნილი სადღესასწაულო ბარათის იერი.

პროცესი იხსნება ანიმაციური ცვილის ბეჭდით, რომელზეც Spotify-ის ლოგოა გამოსახული. მისი გახსნის შემდეგ, მომხმარებელი ხვდება მთავარ გვერდზე, სადაც ბლოკური შრიფტი და ოქროსფერი ვარსკვლავებია მიმოფანტული. პლატფორმა გთავაზობთ ერთგვარ ვიქტორინას თქვენს პირველ სიმღერაზე, გიჩვენებთ ყველა დროის ყველაზე ხშირად მოსმენილ არტისტს და გიდგენთ 120 საუკეთესო ტრეკისგან შემდგარ ფლეილისტს. თითოეული სლაიდი გაფორმებულია დისკოს ელემენტებითა და ფერადი კონფეტით, რომელთა პირდაპირ სოციალურ ქსელებში გაზიარებაა შესაძლებელი.

„კამპანიაზე მომუშავე ბევრი ჩვენგანი 2000-იანი წლების დასაწყისის წვეულებების სუბკულტურის ნაწილი იყო. მნიშვნელოვანი იყო 2006 წლისთვის – Spotify-ის დაარსების წლისთვის – პატივის მიგება. ამიტომ, შთაგონებად წვეულებების დამოუკიდებლად დამზადებული (DIY) ფლაერების ტიპოგრაფია გამოვიყენეთ და შევაზავეთ ფოტოგრაფიის იმ სტილთან, რომელიც „Indie Sleaze“ ეპოქას განასახიერებდა“, – აღნიშნავს ჯერემი უირთი, Spotify-ის გლობალური აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი.

Wrapped-ის ფენომენი და ახალი ბალანსი

2014 წელს გამოჩენის დღიდან, Wrapped კომპანიის ბიზნესის მთავარ საყრდენად იქცა. 2025 წელს კამპანიაში 300 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჩაერთო (20%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით), სოციალურ ქსელებში კი 630 მილიონი გაზიარება დაგროვდა. როგორც პლატფორმის თანააღმასრულებელმა დირექტორმა, ალექს ნორსტრომმა აღნიშნა, გასული წლის Wrapped-ის გამოსვლის პირველ დღეს Spotify-მ პრემიუმ გამომწერთა სარეკორდო რაოდენობა მიიღო.

დღეს ეს ფორმატი მარკეტინგულ სამყაროში იმდენად ღირებულია, რომ მისი კოპირება არაერთმა კომპანიამ (მათ შორის, LinkedIn-მაც) სცადა. თუმცა თავად Spotify-ის აღმასრულებელი გუნდისთვის საიუბილეო კამპანიის გაშვება სერიოზული გამოწვევა აღმოჩნდა: უნდა ეპოვათ ოქროს შუალედი, რათა მთავარი ყოველწლიური მოვლენის, Wrapped-ის ექსკლუზიურობა არ დაკარგულიყო.

მარკ ჰაზანის, მარკეტინგისა და პარტნიორობის უფროსი ვიცე-პრეზიდენტის თქმით, Your Party of the Year(s) ფრთხილად დაგეგმილი ნაბიჯია. პლატფორმის მთავარი მიზანი გულშემატკივრებისთვის ნამდვილი საჩუქრის გაკეთება იყო.

„20 წლის იუბილე თაობაში ერთხელ ხდება და ნამდვილად იმსახურებდა ისეთ რამეს, რაც Wrapped-ის მიღმა აქამდე არასდროს გაგვიკეთებია. ჩვენ გვინდოდა, გამოცდილება ყოფილიყო გამორჩეული და აქცენტი კონკრეტული წლის ნაცვლად, მსმენელის მთლიან ისტორიაზე გაგვეკეთებინა“.

მუდმივი პერსონალიზაცია

დიზაინის კუთხით, გუნდმა შექმნა სრულიად უნიკალური ვიზუალი – ფოტოგრაფიული ელემენტებითა და Stop-Motion ანიმაციებით. შედეგი მიზანმიმართულად არასრულყოფილია, რათა 2006 წლის ნოსტალგია ზუსტად გადმოიცეს. შეირჩა მხოლოდ ისეთი სტატისტიკა, რომელიც რეტროსპექტივის კონტექსტს მოერგებოდა. მომხმარებლებმა დაინახეს მონაცემები, რომლებიც აქამდე Wrapped-შიც კი არ გამოჩენილა.

პარალელურად, Spotify აქტიურად მუშაობს აპლიკაციაში მუდმივი პერსონალიზებული ფუნქციების დამატებაზე. მათ შორისაა ხელოვნური ინტელექტის მიერ შედგენილი ფლეილისტები, Taste Profile და ყოველკვირეული მოსმენის სტატისტიკა. ეს სიახლეები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მუდმივად მიიღონ თავიანთი მუსიკალური მონაცემები ისე, რომ წლის ბოლოს მთავარი ტრადიციის მოლოდინი არ განელდეს.