OpenAI კიბერუსაფრთხოების ინდუსტრიაში სერიოზულ ნაბიჯს დგამს. კომპანიამ ახალი პლატფორმა – Daybreak გამოუშვა, რომლის მთავარი მიზანი პროგრამული უზრუნველყოფის სისუსტეების მანამდე აღმოჩენაა, სანამ მათ ჰაკერები სათავისოდ გამოიყენებენ. ეს ნაბიჯი პირდაპირი პასუხია Anthropic-ის მიერ ცოტა ხნის წინ წარდგენილ Claude Mythos-ზე. Daybreak უშუალოდ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის პროცესში ერთვება და კომპანიებს ხარვეზების სწრაფად გამოვლენაში, ანალიზსა და გამოსწორებაში ეხმარება, ნაცვლად იმისა, რომ უკვე დამდგარი ზიანის შემდეგ სცადონ პრობლემის მოგვარება.
როგორ მუშაობს Daybreak?
სისტემა აერთიანებს GPT-5.5-სა და Codex Security-ს – სპეციალიზებულ AI აგენტს, რომელსაც უზარმაზარი კოდების ბაზის სკანირება, პოტენციური საფრთხეების მოდელირება და რეალურ დროში ვალიდური შესწორებების (Patches) გენერირება შეუძლია.
დეველოპერებს აღარ მოუწევთ სხვადასხვა ინსტრუმენტსა და უსასრულო გაფრთხილებებს შორის ნავიგაცია, რადგან პლატფორმა ამ ყველაფერს ერთ, უწყვეტ სამუშაო პროცესად აქცევს. OpenAI-ის განცხადებით, ეს გადაჭრის ე. წ. „ტრიაჟით გადაღლის“ (Triage Fatigue) მზარდ პრობლემას, როდესაც პროგრამისტები და უსაფრთხოების სპეციალისტები განგაშის დაუსრულებელი სიგნალების გადარჩევითა და გადამოწმებით იფიტებიან.
ხელოვნური ინტელექტი კიბერდაცვის წინა ხაზზე
Daybreak ზუსტად იმ დროს გამოდის, როცა ხელოვნური ინტელექტი კიბერდაცვის განუყოფელი ნაწილი ხდება. მკვლევრებმა უკვე დაამტკიცეს, რომ დიდ ენობრივ მოდელებს შეუძლია იმ სისუსტეების დანახვა, რომლებიც ტრადიციულ სკანერებს ხშირად ეპარება. მაგალითად, Mozilla-მ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ Anthropic-ის Mythos-ის დახმარებით Firefox-ში ასობით მანამდე უცნობი ხარვეზი აღმოაჩინა. პარალელურად, Google-ის სპეციალისტებიც აღნიშნავენ, რომ AI ინსტრუმენტები რთულ სისტემებში დამალული ხარვეზების პოვნაში სულ უფრო ეფექტური ხდება.
უსაფრთხოების ზომები და წვდომის დონეები
ბუნებრივია, OpenAI-ს ესმის რისკები და მაქსიმალურად ცდილობს, Daybreak თავად ჰაკერების ხელში არ აღმოჩნდეს მძლავრ იარაღად. კომპანიამ წვდომის რამდენიმე დონე შემოიღო და ყველაზე სენსიტიურ ფუნქციებზე მკაცრი კონტროლი დააწესა:
- სტანდარტული GPT-5.5 ზოგადი კვლევებისთვის რჩება ხელმისაწვდომი;
- Trusted Access for Cyber უშუალოდ კორპორატიული უსაფრთხოების გუნდებზეა გათვლილი;
- GPT-5.5-Cyber კი სპეციალურად შეზღუდულ, იმიტირებულ გარემოში (Red-team Simulations) შესამოწმებლად შეიქმნა.
ამჟამად პლატფორმის დანერგვა ძალიან ფრთხილად, ისეთ ტექნოლოგიურ გიგანტებთან პარტნიორობით მიმდინარეობს, როგორებიც არიან: Cloudflare, Cisco, Oracle, Akamai, CrowdStrike, Fortinet, Palo Alto Networks და Zscaler. სხვა დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა წვდომა პირდაპირ OpenAI-სგან უნდა მოითხოვონ.
AI ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ
ამ სიახლის მიღმა ბევრად დიდი სურათი იმალება. ტექნოლოგიური კომპანიები აღარ ეჯიბრებიან ერთმანეთს მხოლოდ იმაში, თუ ვინ შექმნის უკეთეს ჩატბოტს. ახლა მთავარი ბრძოლა იმ ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის მიმდინარეობს, რომელზეც ეს სისტემები მუშაობს. კიბერშეტევების ავტომატიზაციის კვალდაკვალ, სულ მალე კიბერუსაფრთხოების ინდუსტრიას მოუწევს, ხელოვნური ინტელექტისგან თავდასაცავად, იმედი ისევ ხელოვნურ ინტელექტზე დაამყაროს.

