Google-მა Workspace აპლიკაციების (Gmail, Google Docs, Google Drive) ლოგოების დიზაინი სრულიად უხმაუროდ განაახლა. 18 მაისიდან ვებზე, Android-სა და iOS-ზე გამოჩენილი ახალი ხატულები ისე გამოიყურება, თითქოს მათზე აკვარელის ფილტრი დაადეს.
წინა ვერსიებთან შედარებით, თითოეული ლოგო ახლა უფრო რბილი და მომრგვალებულია. თუმცა მთავარი დეტალი, რაც მაშინვე იქცევს ყურადღებას, ფერების გრადიენტია. Gmail-ის ლოგო Google-ის ბრენდის ძირითადი ფერებიდან მწვანეში რბილად გადადის; Google Meet-მა და Chat-მა სრული პალიტრა დაკარგა და ახლა, შესაბამისად, ყვითელ და მწვანე აურაშია გადაწყვეტილი; Google Docs-ის ლურჯი ფერი კი ლურჯისა და იასამნისფრის დახვეწილმა სინთეზმა ჩაანაცვლა.
![]()
ეს 2020 წლის შემდეგ Workspace-ის ხატულების პირველი განახლებაა და ნათლად მიუთითებს კომპანიის მცდელობაზე, ვიზუალურად აღნიშნოს ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში გადასვლა. ამასთან, ეს ცვლილება ადასტურებს ტენდენციას, რომელიც ჟურნალმა Fast Company-მ ჯერ კიდევ გასულ წელს იწინასწარმეტყველა: გრადიენტი AI ეპოქის მთავარ ფერად და სავიზიტო ბარათად იქცა.
2022 წელს ChatGPT-ის გამოჩენის შემდეგ, დიზაინერები სრულიად ახალი გამოწვევის წინაშე დადგნენ: როგორ უნდა გამოესახათ ვიზუალურად ისეთი მძლავრი და უფორმო ტექნოლოგია, როგორიც ხელოვნური ინტელექტია, თანაც ისე, რომ ადამიანებში სკეპტიციზმის ნაცვლად ინტერესი გამოეწვიათ.

ადრეულ ეტაპზევე ჩამოყალიბდა რამდენიმე კონკრეტული ფორმა, რომლებიც AI-ის სიმბოლოებად იქცა (ზოგჯერ პაროდიის დონემდეც კი). მაგალითად:
-
სადა წრეები: იყენებს Meta და Grok.
-
მოციმციმე ვარსკვლავები: ვხვდებით Google Gemini-სთან, Adobe Photoshop-ის გენერაციულ ფუნქციებში, Grammarly-სა და Wix-ში.
-
სპირალური, ბუნდოვანი სიცარიელე: აირჩიეს OpenAI-მ, Anthropic-მა და Perplexity-მ.
-
გრადიენტი: ახალი და ყველაზე მასობრივი ტრენდი.
რა თქმა უნდა, თავისთავად გრადიენტი ახალი არ არის (გავიხსენოთ Instagram ან Apple Music), მაგრამ ტექნოლოგიური გიგანტებისთვის ის თითქმის გარდაუვალ მოტივად იქცა. Apple Intelligence, Google Gemini და Meta AI თავიანთ ლოგოებში სწორედ მას იყენებენ. Microsoft-მა გრადიენტი დაამატა როგორც Copilot-ის ლოგოს, ისე Office-ის მთელ პაკეტს. თავად Google-მაც ჯერ კიდევ სექტემბერში შეცვალა თავისი საკულტო „G“ ოთხფერიანი გრადიენტით, ახლა კი ამ გზას Workspace-ის ლოგოებიც გაუყენა.
![]()
რატომ ირჩევს ყველა ერთსა და იმავე სტილს?
ბრენდინგის ექსპერტებს ამ ტენდენციის ასახსნელად რამდენიმე არგუმენტი აქვთ. პირველ რიგში, ტექნოლოგიური პროგრესის წყალობით, გრადიენტების რენდერი ახლა ბევრად მარტივი და ხარისხიანია, ვიდრე ოდესმე.
მეორე და უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი ესთეტიკური ევოლუციაა. ციფრული სააგენტო Dept-ის გლობალური კრეატიული დირექტორი, ბენ უილიამსი იხსენებს 2010-იანი წლების ბოლოს, როცა ინტერნეტი ეფექტურობას ითხოვდა:
„ყველა აპლიკაცია გეომეტრიულ მინიმალიზმამდე დაპატარავდა. ლოგოები სწრაფად უნდა ჩატვირთულიყო და ეკრანზე ლამაზად ჩამჯდარიყო. შედეგად მივიღეთ ვიზუალური გაუფერულება – პიროვნულობას მოკლებული, ერთმანეთში არეული ლოგოების ზღვა“.
ახლა ქანქარა საპირისპირო მიმართულებით ირხევა. კომპანიებს სურთ, რომ მათი პროდუქტები ნაკლებად მექანიკური და უფრო მეგობრული ჩანდეს. მყარ ფერებსა და მკაცრ კუთხეებს ანაცვლებს გრადიენტი, გამჭვირვალობა, რბილი ხაზები და ჰარმონიული ინტერფეისები. ეს 2000-იანი წლების სკევომორფიზმის (როცა ციფრული დიზაინი რეალურ ობიექტებს ბაძავდა) ერთგვარი თანამედროვე ვერსიაა.
ყველაზე ირონიული კი ის არის, რომ ერთფეროვნებისგან თავის დაღწევის მცდელობაში, ბრენდები ისევ ერთსა და იმავე წერტილში იკრიბებიან. კრეატიულ სტუდია Super Okay-ის პარტნიორის, ენტონი კაპეტას თქმით, როცა ყველა მსგავს ვიზუალურ ენას იყენებს, ეს დამკვიდრებული ციფრული ნორმებისადმი მორჩილებაზე მიუთითებს.
![]()
გიგანტური პლატფორმებისთვის მთავარი ორიგინალურობა კი არა, ეკოსისტემაში „ნაცნობად“ და „უსაფრთხოდ“ გამოჩენაა. ადამიანები მარტივად ენდობიან იმას, რისი ამოცნობაც წამებში შეუძლიათ.
საბოლოო ჯამში, 2026 წელს გრადიენტი უბრალოდ ფერთა შეხამება აღარ არის – ეს არის ერთგვარი სამკერდე ნიშანი, რომელიც მომხმარებელს უხმოდ ეუბნება: „დიახ, ჩვენც ხელოვნური ინტელექტის კომპანია ვართ“.

