სამ, 16 ივნ, 2026
ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება

ხელოვნური ინტელექტი და მედია: როგორ იქცევა კონტენტი ფასიან მონაცემად

გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოჩენამ საავტორო უფლებებთან დაკავშირებული წესები სრულიად შეცვალა. ბოლო ოცი წლის განმავლობაში Google-ის მსგავსი საძიებო სისტემები შინაარსს მხოლოდ აინდექსებდნენ და...

გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოჩენამ საავტორო უფლებებთან დაკავშირებული წესები სრულიად შეცვალა. ბოლო ოცი წლის განმავლობაში Google-ის მსგავსი საძიებო სისტემები შინაარსს მხოლოდ აინდექსებდნენ და მომხმარებელს ბმულს სთავაზობდნენ, რითაც კონტენტის დისტრიბუტორის როლს ასრულებდნენ. თუმცა AI საძიებო სისტემები სხვა პრინციპით მუშაობს – ისინი შთანთქავენ ინფორმაციას, აჯამებენ მას და პირდაპირ გასცემენ პასუხს. ეს მომხმარებლისთვის მოსახერხებელია, მაგრამ გამომცემლებისთვის საზიანო, რადგან წყაროს საიტზე გადასვლის საჭიროებას აქრობს.

ის ფაქტი, რომ AI სისტემები კონტენტს იყენებენ და მასზე დაყრდნობით მომხმარებელს პასუხს სთავაზობენ, თავად ამ ინფორმაციის მაღალ ღირებულებაზე მეტყველებს. ამ საკითხზე მნიშვნელოვანი პრეცედენტი გაერთიანებული სამეფოს კონკურენციისა და ბაზრის ორგანომ (CMA) დაუშვა. ახალი რეგულაციით, Google ვალდებულია, გამომცემლებს მისცეს უფლება, ამოეწერონ AI Overviews-დან (ძიების შედეგების თავში მოცემული AI შეჯამებიდან).

აქამდე Google-ის საძიებო და AI ბოტები ერთად მუშაობდნენ და AI-ზე უარის თქმა ძიების რეიტინგის დაკარგვასაც ნიშნავდა. ახლა კი ვებსაიტებს შეუძლიათ, უარი თქვან AI-სთვის ინფორმაციის მიწოდებაზე ისე, რომ ტრადიციულ საძიებო სისტემაში მათი პოზიცია არ დაზარალდეს. მართალია, ეს მხოლოდ ერთი ქვეყნის რეგულაციაა, მაგრამ ის სერიოზულ ბერკეტს წარმოადგენს, რომელსაც Google უკვე დაემორჩილა.

ტრადიციული მოდელი (SEO) მთლიანად „კლიკებზე“ იყო დამოკიდებული, თუმცა რეალობა შეიცვალა. Cloudflare-ის მონაცემებით, ბოტების ტრაფიკმა ადამიანებისას ისტორიაში პირველად გადააჭარბა (57.4% ადამიანების 42.6%-ის წინააღმდეგ).

ამასთან, ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებიდან ვებსაიტებზე გადმოსვლის (Referral) მაჩვენებელი კატასტროფულად დაბალია. მაგალითად, TollBit-ის მონაცემებით, Anthropic-ის ბოტი საიტიდან 8692-ჯერ იღებს ინფორმაციას ისე, რომ სანაცვლოდ მხოლოდ 1 მომხმარებელი გადაჰყავს ბმულზე. შესაბამისად, მთავარი კითხვა აღარ არის „როგორ მოვიზიდოთ ხალხი“, ახლა მთავარია „როგორ გადავახდევინოთ ბოტებს ჩვენს ინფორმაციაში ფული“.

მაღალი ხარისხის არქივები და სტატიები უკვე ტრაფიკის მოსაზიდი სატყუარა კი არა, მონაცემთა ფასიანი ბაზაა. მედიასაშუალებებმა უნდა ისწავლონ ახალი სისტემის მართვა: იქ, სადაც ხილვადობა სასარგებლოა, კონტენტი AI-სთვის მარტივად წასაკითხი უნდა გახადონ, ხოლო იქ, სადაც ინფორმაციის ღირებულება მაღალია, მკაცრი ფეივოლები (Paywalls) დააწესონ და წვდომა დაუბლოკონ არასანქცირებულ ბოტებს.

ეს მონაცემები უკვე რეალურ ფულად იქცევა. მაგალითად, ჟურნალმა Time-მა სწორედ მონაცემების მოპოვების  სტატისტიკის გამოყენებით შეძლო OpenAI-სთან ლიცენზირების ხელშეკრულების გაფორმება. ამჟამად ბაზარი ორად იყოფა: ფასიან (ლიცენზირების) და სასამართლო დავების (CNN, NYT, News Corp-ის დავები Perplexity-ს წინააღმდეგ) ფორმატად.

ვებსაიტებისთვის AI-ის შეზღუდვის უფლება უბრალოდ „გათიშვის ღილაკი“ არ არის – ის რეალურად ფასების სიაა. მედიაკომპანიებმა უნდა დაითვალონ, რა ღირს მათი ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტისთვის და შესაბამისი კომპენსაცია მოითხოვონ.

თუმცა დრო შეზღუდულია. რეგულატორებისა და სასამართლოების ამჟამინდელი მკაცრი ზეწოლა ტექნოლოგიურ გიგანტებზე მუდმივად არ გაგრძელდება. თუ გამომცემლები ახლავე არ იმოქმედებენ და თავად არ დააწესებენ ფასებს, ამას მათ მაგივრად სხვა გააკეთებს და ის ბერკეტი, რომლის მოპოვებასაც წლები დასჭირდა, უბრალოდ დაიკარგება.

წყარო: Fast Company