ანტარქტიდის მასშტაბით ამინდის პატერნებზე დაკვირვებისას, რეკორდული სიცხე ალბათ ბოლო რამ არის, რისი დანახვაც მეცნიერებს სურთ. სამწუხაროდ, ივნისში ყინულოვან კონტინენტზე სწორედ ეს მოხდა – ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურამ ნორმას 20 გრადუსით (ცელსიუსით) გადააჭარბა, რამაც სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.
რეკორდული სიცხე 6 ივნისს დაფიქსირდა, როდესაც კონტინენტის ყველაზე ჩრდილოეთ წერტილში, ტრინიტის ნახევარკუნძულზე განლაგებულმა მკვლევრებმა 15.4°C დააფიქსირეს. გრონინგენის უნივერსიტეტის კლიმატის პროფესორმა, რაულ კორდერომ ამ მოვლენას „აბსოლუტური სიგიჟე“ და წლის ამ დროისთვის უზარმაზარი ანომალია უწოდა.
ჩილელმა გლაციოლოგმა, ლუის მუნიოსმა კი აღნიშნა, რომ კოლინზის მყინვარზე ასვლისას მათ თოვლის ნაცვლად წვიმა დახვდათ. ნალექი იმდენად თბილი იყო, რომ ზედაპირული ყინული დაადნო. მუნიოსის თქმით, ეს მყინვარისთვის ძალიან ცუდი ნიშანია, რადგან ამ პერიოდში ის თოვლს უნდა იღებდეს და არა – დნებოდეს.
„განკითხვის დღის“ მყინვარი და გლობალური კონტექსტი
ანტარქტიდაზე სიცხის ტალღა დაემთხვა გლობალურად ისტორიაში მეორე ყველაზე თბილ მაისს. მზარდი ტურისტული ნაკადებისა და დაბინძურების ფონზე, კონტინენტი მყინვარული საფარის სწრაფ შემცირებას განიცდის. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია თვეითსის (Thwaites) მყინვარი, რომელსაც მისი დაშლის შემთხვევაში სანაპირო ზოლების განადგურების საფრთხის გამო „განკითხვის დღის მყინვარსაც“ უწოდებენ. მეცნიერებმა ვერ შეძლეს მის ქვეშ გრძელვადიანი მონიტორინგის აღჭურვილობის სრულყოფილად განთავსება, თუმცა წყლის ტემპერატურის ერთჯერადმა გაზომვებმა აჩვენა, რომ მაჩვენებლები მეცნიერულ მოდელებში ნავარაუდევზე გაცილებით მაღალია.
მართალია, სიცხის ერთი ტალღა ანტარქტიდის ყინულს სრულად ვერ გაანადგურებს, მაგრამ ეს არის ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე დათბობის ტენდენციის ნაწილი და პლანეტაზე ადამიანის მავნე ზემოქმედების აშკარა სიმპტომი. პროფესორ კორდეროს განმარტებით, ეს კონკრეტული ანომალია უკიდურესად ძლიერმა დასავლეთის ქარებმა გამოიწვია, რაც 1980-იანი წლებიდან სულ უფრო ხშირდება და პირდაპირ კავშირშია კლიმატის ცვლილებასთან.
ახალი კვლევის თანახმად, თუ ნახშირბადის ემისიები მკვეთრად არ შემცირდება, 2100 წლისთვის დნობის ტემპი შესაძლოა ამჟამინდელზე 10-ჯერ გაიზარდოს. იმ სცენარში, სადაც გლობალური ტემპერატურა პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით 3.5-დან 4 გრადუსამდე მოიმატებს, ყინულის შელფები სწრაფი დაშლისა და ზღვის დონის აწევის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. 4 გრადუსზე მეტით დათბობის შემთხვევაში კი, სწრაფი კოლაფსის რისკი კიდევ უფრო გარდაუვალი და მასშტაბური გახდება.
წყარო: Futurism

