WhatsApp-ის სამი მილიარდი მომხმარებლისთვის უახლოეს თვეებში ახალი ფუნქცია ამოქმედდება, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, ერთმანეთთან ტელეფონის ნომრის გაზიარების გარეშე, მხოლოდ უნიკალური სახელების (Username) გაცვლით დაამყარონ კომუნიკაცია. აპლიკაციაში სასურველი სახელის დაჯავშნა მომხმარებლებს უკვე ორშაბათიდან შეეძლებათ, თუმცა ეს სავალდებულო არ იქნება. სახელის მაქსიმალური სიგრძე 35 სიმბოლოთი განისაზღვრება და მისი შეცვლა ან წაშლა ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშის შესაქმნელად ტელეფონის ნომერი კვლავ აუცილებელი დარჩება, ფუნქციის სრულად ამოქმედების შემდეგ, ინდივიდუალური ნომრები აპლიკაციაში აღარ გამოჩნდება და არც სახელების საჯარო დირექტორია იარსებებს. ამასთან, ცნობილი ადამიანებისა და მაღალჩინოსნების სახელები დაიბლოკება, რათა სხვებმა მათი გამოყენება (მაგალითად, დონალდ ტრამპის სახელის მითვისება) ვერ შეძლონ.
Meta-ს წარმომადგენლები სიახლეს კონფიდენციალურობის დაცვის ფუნქციად აფასებენ. WhatsApp-ის პროდუქტების ხელმძღვანელის, ელის ნიუტონ-რექსის თქმით, მომხმარებლებს, განსაკუთრებით ჯგუფურ ჩატებში, ხშირად არ სურდათ საკუთარი ნომრის გასაჯაროება და ახალი ფუნქცია მათ მეტ კონტროლს მისცემს. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი სერვისი უსაფრთხო აპლიკაცია Signal-მა ჯერ კიდევ 2024 წელს დანერგა, ექსპერტები სიფრთხილეს იჩენენ. ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, კარისა ველიზის განცხადებით, მართალია, ეს კარგი ფუნქციაა, მაგრამ WhatsApp მაინც არ არის კონფიდენციალურობაზე მორგებული პლატფორმა. პირადი მიმოწერები შიფვრით (end-to-end-encryption) არის დაცული და კომპანია მათ შინაარსს ვერ კითხულობს, თუმცა Meta მაინც აგროვებს უამრავ მეტამონაცემს მარკეტინგული მიზნებისთვის, მათ შორის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვის და როდის წერთ. არასასურველი შეტყობინებების დაბლოკვისა და გასაჩივრების ფუნქციები კი აპლიკაციაში კვლავ შენარჩუნდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ პლატფორმით სარგებლობის მინიმალური ასაკი 13 წელია და შეტყობინებების აპლიკაციები არ მოხვდება გაერთიანებული სამეფოს იმ აკრძალვაში, რომელიც მომავალი წლიდან 16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური მედიის შეზღუდვას გულისხმობს. გარდა ამ ტექნოლოგიური სიახლეებისა, WhatsApp-ში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებიცაა – ინდური ფინტექ-სტარტაპის დამფუძნებელი კუნალ შაჰი პლატფორმის ხელმძღვანელის პოსტზე უილ კეტკარტს ჩაანაცვლებს, რომელიც კომპანიას შვიდი წლის განმავლობაში მართავდა.
წყარო: BBC

