კინომოყვარულებში ფილმის ყურების საუკეთესო გზებსა და ფორმატებზე დებატები არ წყდება. ამჯერად განხილვის მთავარი თემა Toy Story გახდა. იმ ფონზე, როდესაც ფრენჩაიზის მეხუთე ნაწილმა უკვე გადალახა 800 მილიონი დოლარის ზღვარი და Pixar-ის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ნამუშევარი გახდა, სოციალურ ქსელებში აქტიურად მსჯელობენ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ორიგინალი, 1995 წლის ფილმის ვიზუალი – ციფრული თუ 35-მილიმეტრიან ფირზე აღბეჭდილი.
Toy Story კინოინდუსტრიაში ნამდვილი რევოლუცია იყო, როგორც პირველი სრულმეტრაჟიანი 3D CG ანიმაცია. მიუხედავად იმისა, რომ ის ციფრულად შეიქმნა, 1995 წელს კინოთეატრებში ფილმის პიქსელებად ჩვენება შეუძლებელი იყო. ამიტომ, თითოეული კადრი ტრადიციულ ანალოგურ 35-მილიმეტრიან ფირზე უნდა დაებეჭდათ. Pixar-ის გუნდმა იცოდა, რომ ფერები ციფრულ მონიტორსა და ფირზე განსხვავებულად გამოჩნდებოდა, ამიტომ კადრები სპეციალურად დაამუშავეს. მაგალითად, ლურჯი ფერი ციფრულად ნაკლებად მკვეთრი გააკეთეს, რათა ფირზე ბუნებრივად გამოჩენილიყო, ხოლო ნარინჯისფერი კომპიუტერის ეკრანზე ცუდად გამოიყურებოდა, თუმცა ფირზე იდეალურად ჯდებოდა. მოგვიანებით საოჯახო VHS კასეტებისთვისაც სწორედ ეს 35-მილიმეტრიანი ვერსია გამოიყენეს.
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ყველაფერი შეიცვალა. დღესდღეობით, კინოთეატრები ფილმებს ციფრულად აჩვენებენ, ხოლო Disney+-სა თუ DVD-ზე წარმოდგენილი Toy Story არა 35-მილიმეტრიანი ფირის ასლს, არამედ პირდაპირ ციფრულ ტრანსფერს წარმოადგენს. სწორედ აქედან იწყება მთავარი დავა. ციფრული ვერსიის თავდაპირველი გამოსვლისას, ის ფირის მარცვლოვნებისა და სხვა დეფექტებისგან გათავისუფლებულ, იდეალურ ნამუშევრად ჩაითვალა. თუმცა წლების შემდეგ ნოსტალგიამ თავისი გაიტანა.
ფანებმა სოციალურ ქსელებში 35-მილიმეტრიანი ფირის დასკანერებული ვერსიები აღმოაჩინეს და მიხვდნენ, რომ ზუსტად ეს იყო ის ნათელი, რბილი და თბილი Toy Story, რომელიც ახსოვდათ. ბევრი მაყურებელი მიიჩნევს, რომ ციფრულმა რემასტერმა ანიმაცია ზედმეტად პლასტიკური და ცივი გახადა, ხოლო ფირის მარცვლოვნება და ფერები გაცილებით უფრო ახლოსაა ადამიანის თვალის ბუნებრივ აღქმასთან.
ჩნდება კითხვა, სინამდვილეში რომელია ანიმაციის ნახვის საუკეთესო გზა? თუკი 35-მილიმეტრიანი ვერსია ასეთი პოპულარულია, მაყურებელს უჩნდება განცდა, რომ Pixar-მა შეცდომა დაუშვა, როცა ფილმის ის ვერსია, რომელმაც 1995 წელს ყველა მოხიბლა, ფართოდ ხელმისაწვდომი არ გახადა. თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს უპირატესობა ძირითადად მაინც ნოსტალგიას უკავშირდება. სანამ ციფრული პროექცია გამოჩნდებოდა, რეჟისორები ხშირად თავადაც უკმაყოფილონი იყვნენ ფირზე დაბეჭდილი ფილმების ხარისხით. დღეს არსებული 35-მილიმეტრიანი სკანირებული ვერსიები ხშირად ასლის ასლებს წარმოადგენს და მათი ვიზუალი წყაროების მიხედვით მკვეთრად იცვლება. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელს ძველი, თბილი ვიზუალი სუბიექტურად ურჩევნია, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ფილმის შემქმნელთა ჩანაფიქრი ზუსტად ასეთი იყო.
წყარო: Creative Bloq

