Samsung ფინანსური სერვისების ბაზარზე შედის და საკუთარ პირველ ამერიკულ საკრედიტო ბარათს, Galaxy Card-ს უშვებს, რომელიც უპირველესად ციფრული საფულისთვის, Samsung Wallet-ისთვის არის შექმნილი. Barclays US Consumer Bank-თან პარტნიორობითა და Visa-ს ქსელის ბაზაზე შექმნილ ბარათზე განაცხადების მიღება 22 ივლისს, Galaxy Unpacked ღონისძიების პარალელურად იწყება. დამტკიცებისთანავე მომხმარებლები სმარტფონში ვირტუალურ ვერსიას მიიღებენ, საიდანაც გადახდების წარმოება და ხარჯების კონტროლი იქნება შესაძლებელი, ხოლო ტრადიციული ტრანზაქციებისთვის შავი ლითონის ფიზიკური ბარათი გაიცემა.
ბარათის წახალისების სისტემა უშუალოდ კომპანიის ეკოსისტემაზეა მორგებული. მფლობელები Samsung-ის პროდუქციის შეძენისას თანხის 5%-ს, Samsung Wallet-ით გადახდისას 3%-ს, სტრიმინგ სერვისებზე 2%-ს, ხოლო სხვა დანარჩენ შენაძენებზე 1%-ს დაიბრუნებენ. ამასთან, ახალ მომხმარებლებს პირველი 90 დღის განმავლობაში 2000 დოლარის დახარჯვის შემთხვევაში 200-დოლარიანი ბონუსი ერიცხებათ.
ბარათს არ აქვს წლიური მომსახურებისა და უცხოური ტრანზაქციის საკომისიოები, ოპერაციების უსაფრთხოებას კი Samsung Knox უზრუნველყოფს. მიუხედავად იმისა, რომ სმარტფონის ბრენდის შეცვლის შემთხვევაში ფიზიკური ბარათისა და ანგარიშის გამოყენება Barclays-ის მეშვეობით მაინც შესაძლებელია, მომხმარებელი კარგავს Wallet-ის ექსკლუზიურ ფუნქციებსა და 3%-იან ქეშბექს, რაც პროდუქტს განსაკუთრებით მიმზიდველს სწორედ ტრადიციული მომხმარებლებისთვის ხდის.
ახალი ბარათი Apple Card-ის გამოსვლიდან თითქმის შვიდი წლის შემდეგ გამოჩნდა და სმარტფონის ყოველდღიური ფინანსური მართვის მთავარ ინსტრუმენტად გადაქცევის ტენდენციას ასახავს. ვინაიდან ამერიკული ოჯახების 70% უკვე ფლობს Samsung-ის ტექნიკას, კომპანიას უზარმაზარი პოტენციური აუდიტორია ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე საკრედიტო ბარათების საკმაოდ დიდი კონკურენციაა, Galaxy Card-ის მთავარ უპირატესობად სწორედ ეკოსისტემაში უწყვეტი ინტეგრაცია და ციფრული საფულით განხორციელებულ ტრანზაქციებზე დაწესებული 3%-იანი უკუგება რჩება. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, Barclays-თან პარტნიორობა გრძელვადიანია და სამომავლოდ მომხმარებელს დამატებით ფინანსურ პროდუქტებსაც შესთავაზებენ.
წყარო: Design Taxi

