ჩინეთის მთავრობამ ოფიციალურად აამოქმედა სისტემა, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე მომუშავე ყველა ჰუმანოიდ რობოტს ციფრულ პირადობის მოწმობას ანიჭებს. მიუხედავად იმისა, რომ რობოტების მასობრივი გამოყენება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, პეკინი ტექნოლოგიის განვითარების ტემპს კარგად აცნობიერებს. დემოგრაფიული კრიზისისა და სამუშაო ძალის შემცირების ფონზე, მთავრობის მიზანია, „განსხეულებული ხელოვნური ინტელექტი“ (Embodied AI) საზოგადოებაში აგრესიულად დანერგოს ყველგან, სადაც ეს საჭიროა.
ინდუსტრიისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტროსა და ჰუბეის ჰუმანოიდური რობოტების ინოვაციების ცენტრის მიერ შექმნილი ეს სისტემა უკვე მოქმედებს. ის 100-ზე მეტი კომპანიის სტანდარტებს არეგულირებს და ინდუსტრიის 200-მდე მოდელს აერთიანებს.
ახალი სინთეტიკური მუშათა კლასისთვის განკუთვნილი პირადობის მოწმობა მძლავრი ინსტრუმენტია:
-
იდენტიფიკატორი: შედგება 29 სიმბოლოსგან, რაც ჩვეულებრივი მოქალაქის ID-ზე 11 ნიშნით გრძელია.
-
მონაცემები: ის დეტალურად ასახავს რობოტის წარმომავლობას, მწარმოებელს, მოდელსა და უნიკალურ სერიულ ნომერს.
-
რეალურ დროში თვალთვალი: ეს არ არის უბრალო სარეგისტრაციო ნომერი. ის მუშაობს, როგორც ტელემეტრიული ჭიპლარი და მთავრობას რეალურ დროში აწვდის ინფორმაციას მოწყობილობის ფიზიკური ცვეთის, ელემენტის მდგომარეობისა და AI-ის კოგნიტური შესაძლებლობების შესახებ.
როგორც ჰუბეის ცენტრის წარმომადგენელი ლიუ ჩუანხოუ აღნიშნავს, რობოტის გაფუჭების შემთხვევაში, სისტემა გააანალიზებს მის ოპერაციულ ჟურნალს პრობლემის ლოკალიზაციისთვის, პასუხისმგებლობის დასადგენად და ეფექტიანი რემონტისთვის.
ჩინეთი რობოტების საზოგადოებაში ინტეგრაციას იმაზე სწრაფად ახდენს, ვიდრე ამას დასავლეთში მოელოდნენ. მაგალითად, სტარტაპმა GigaAI-მ დააანონსა კომერციული საოჯახო რობოტი SeeLight S1. მიმდინარე თვეში თანამშრომელთა სახლებში 100 სატესტო მოდელი განთავსდება, 2027 წლისთვის კი ქალაქ უხანში მისი მასობრივი გამოჩენა იგეგმება (საცალო ფასი დაახლოებით $15 000 იქნება).
დასავლელი ექსპერტები ამ ვადებს სკეპტიკურად უყურებენ. Zeroth-ისა და Argodesign-ის ხელმძღვანელების (გუო რენჯიე, მარკ როლსტონი) თქმით, სახლის რთულ, არასტანდარტულ და მუდმივად ცვალებად გარემოში ნავიგაცია რობოტებისთვის ჯერ კიდევ ურთულესი ამოცანაა. მათი აზრით, უახლოეს წლებში სახლის ჰუმანოიდები უფრო მდიდრების სათამაშოები იქნებიან, ვიდრე რეალური საქმის შემსრულებლები. თუმცა ჩინეთის სახელმწიფო და კორპორაციული სექტორი სკეპტიკოსებს ყურადღებას არ აქცევს და ჰუმანოიდების შეყვანას ქარხნებში, სუპერმარკეტებსა და სახლებში აქტიურად აგრძელებს.
სისტემის ოფიციალური მიზანი ტექნიკური გამართულობაა, თუმცა მას უფრო ბნელი პერსპექტივებიც ახლავს თან. ქვეყანაში, რომელიც უკვე აქტიურად იყენებს სახის ამომცნობ მილიონობით კამერასა და სოციალური კრედიტის სისტემას, სახლის რობოტები, თავიანთი კამერებითა და სენსორებით, შეიძლება მოსიარულე ჯაშუშებად იქცნენ. სახელმწიფოს ექნება წვდომა წარმოუდგენელი მოცულობის დიაგნოსტიკურ მონაცემებზე პირდაპირ მოქალაქეების სახლებიდან.
ფილმ Blade Runner-ში კორპორაციის დევიზი იყო „ადამიანზე მეტად ადამიანური“, რამაც საბოლოოდ სისხლიანი აჯანყება გამოიწვია. ჩინეთის მიდგომა გაცილებით პრაგმატულია: „ადამიანზე მეტად გაკონტროლებადი“.
სანამ დასავლეთი ალგორითმების ეთიკაზე დაუსრულებელ ფილოსოფიურ დებატებშია ჩართული, ჩინეთი ამერიკულ რობოტიკას უკან იტოვებს. მთავრობა წინასწარ ქმნის იურიდიულ და ციფრულ ინფრასტრუქტურას, რათა როდესაც ჰუმანოიდი რობოტების გარდაუვალი რევოლუცია ქუჩებს, ქარხნებსა თუ სახლებს მოიცავს, ეს პროცესი მკაცრი სახელმწიფო საბმელით და უსიტყვო მორჩილებით წარიმართოს.

