Ferrari-ის ახალი მოდელი ტრადიციულ სისწრაფეს, დრამატულობასა და გამოძერწილ ფორმებს გვპირდება, თუმცა ამჯერად ძრავის ნაცნობი ღრიალი ჩუმმა გუგუნმა ჩაანაცვლა. რომში, იტალიურმა საავტომობილო გიგანტმა ოფიციალურად წარადგინა Luce – ბრენდის ისტორიაში პირველი სრულად ელექტრომობილი. მის დიზაინზე კი Apple-ის დიზაინის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ჯონი აივმა (Jony Ive) იზრუნა.
ავტომობილი წლების განმავლობაში იქმნებოდა კრეატიულ კოლექტივ LoveFrom-თან თანამშრომლობით, რომელიც ჯონი აივმა და ინდუსტრიულმა დიზაინერმა, მარკ ნიუსონმა დააფუძნეს. Luce ერთდროულად რამდენიმე ისტორიულ სტატუსს ატარებს: ის ბრენდის პირველი ელექტრომობილი, პირველი ხუთადგილიანი მოდელი და პირველი სერიული ავტომობილია, რომელიც კომპანიის შიდა დიზაინ-სტუდიის მიღმა შეიქმნა.
![]()
ერთი შეხედვითაც ნათელია, რომ Ferrari-მ სრულიად განსხვავებული გზა აირჩია. მძაფრი კუთხეებისა და ტრადიციული, დაბალი თეატრალური სილუეტის ნაცვლად, Luce ბევრად რბილ კონტურებსა და მინის უზარმაზარ ზედაპირებს ირჩევს. მისი ფორმა გრან-ტურიზმოს, კროსოვერსა და ფუტურისტულ Shooting Brake-ს შორის ბალანსირებს.
კორპუსს მცურავი აეროდინამიკური ელემენტები ერწყმის, უზარმაზარი, ტურბინის სტილის ბორბლები კი (წინ 23-დუიმიანი და უკან 24-დუიმიანი) ავტომობილის ექსპერიმენტულ პროპორციებს უსვამს ხაზს. თავად მოდელის სახელიც სიმბოლურია – იტალიურად ის „სინათლეს“ ნიშნავს, რითაც კომპანია ხაზს უსვამს, რომ ელექტროფიკაცია ბრენდის ევოლუციას წარმოადგენს და არა საკუთარ ღირებულებებზე უარის თქმას.
![]()
სალონში ჯონი აივისა და LoveFrom-ის გავლენა ყველაზე მკაფიოდ იგრძნობა. მართვის პანელი საგულდაგულოდ არიდებს თავს გიგანტური პლანშეტების ესთეტიკას, რაც თანამედროვე ელექტრომობილებში ლამის დაუწერელ კანონად იქცა. ამის საპირისპიროდ, Luce-ში OLED ეკრანები დახვეწილად არის შერწყმული ალუმინის ტაქტილურ ჩამრთველებთან და მბრუნავ რეგულატორებთან. მექანიზმები ისეთი საინჟინრო სიზუსტით არის გათვლილი, რომ მძღოლს ფუნქციების მართვა მენიუში დაუსრულებელი ძრომიალის გარეშე შეუძლია.
![]()
ჯონი აივი დიდი ხანია აკრიტიკებს ავტომობილებში ეკრანებით გადატვირთულ ინტერფეისებს და მიიჩნევს, რომ მძღოლს ყურადღება არ უნდა ეფანტებოდეს. Luce-ის სალონიც ზუსტად ამ მინიმალისტურ და პრაგმატულ ფილოსოფიას მიჰყვება.
იტალიური სული ელექტროძრავაში
დახვეწილი დიზაინის მიღმა კვლავ ის მანქანა იმალება, რომელსაც Ferrari-ის ტემპერამენტი აქვს. Luce აღჭურვილია ოთხი ელექტროძრავით, რომლებიც ჯამში 1,000 ცხენის ძალაზე მეტს გამოიმუშავებს და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის მქონე 122 კვტ/სთ მოცულობის ბატარეით იკვებება.
-
აჩქარება: 0-დან 100 კმ/სთ-მდე (62 მილი/სთ) დაახლოებით 2.5 წამში.
-
მაქსიმალური სიჩქარე: 305 კმ/სთ-ზე მეტი (190 მილი/სთ).
![]()
უნიკალური მართვის დინამიკის შესანარჩუნებლად, მოდელს დაემატა აქტიური დაკიდების სისტემა და ოთხივე წამყვანი თვალი. რაც შეეხება ხმას – Ferrari-მ უარი თქვა ძრავის ხელოვნურ სიმულაციაზე. მის ნაცვლად, საგანგებოდ შექმნილი აუდიოსისტემა რეალური მექანიკური ნაწილების ვიბრაციას აძლიერებს და სალონში ბუნებრივ, ავთენტურ ჟღერადობას ქმნის.
მაშინ, როცა რიგმა მაღალი კლასის ავტომწარმოებლებმა, მათ შორის Lamborghini-მ, შიდა წვის ძრავების მოყვარული მომხმარებლების სკეპტიციზმისა და შემცირებული მოთხოვნის გამო ელექტრომობილების პროგრამები შეანელეს, Ferrari თამამად მიიწევს წინ. ბრენდი ფსონს დებს იმაზე, რომ მისი აუდიტორია მზად არის, ელექტროფიკაციას ზუსტად ამ კუთხით – დიზაინსა და ესთეტიკაზე ფოკუსირებული მიდგომით შეხვდეს.
![]()
მოლოდინების თანახმად, ავტომობილის ფასი, კონფიგურაციის მიხედვით, 1 მილიონ დოლარს საგრძნობლად გადააჭარბებს, რაც მას პირდაპირ ულტრა-ლუქს კატეგორიაში ათავსებს. პირველი მოდელები მფლობელებს 2026 წლის ბოლოს ჩაბარდებათ.
![]()

