ორშ, 1 ივნ, 2026
ინდუსტრიის სიახლეები

Meta-ს ახალი აპლიკაცია Forum: Facebook ჯგუფები Reddit-ის სტილში

Meta კვლავ ცდილობს, Facebook-ის ჯგუფები დამოუკიდებელ პლატფორმად აქციოს. აშშ-ის App Store-ზე სრულიად უხმაუროდ გამოჩნდა ახალი აპლიკაცია – Forum. ის ნიშურ დისკუსიებსა და...

Meta კვლავ ცდილობს, Facebook-ის ჯგუფები დამოუკიდებელ პლატფორმად აქციოს. აშშ-ის App Store-ზე სრულიად უხმაუროდ გამოჩნდა ახალი აპლიკაცია – Forum. ის ნიშურ დისკუსიებსა და თემებზეა ორიენტირებული, რითაც საგრძნობლად წააგავს Reddit-ს, თუმცა პირდაპირ არის მიბმული ფეისბუქის  უკვე არსებულ ეკოსისტემაზე.

მეგობრების სიახლეების, გვერდების, Reels-ებისა და ალგორითმული რეკომენდაციების ნაცვლად, Forum მხოლოდ და მხოლოდ ჯგუფურ საუბრებზე აკეთებს აქცენტს.

Facebook-ის ანგარიშით ავტორიზაციისთანავე, აპლიკაციას ავტომატურად შემოაქვს თქვენი ჯგუფები, პროფილი და აქტივობების ისტორია, შესაბამისად, საზოგადოების ნულიდან შექმნა არ გიწევთ. ამასთან, Forum-ში გამოქვეყნებული პოსტები მყისიერად სინქრონიზდება ფეიქსბუქის შესაბამის ჯგუფებში და პირიქით, რაც ორივე პლატფორმაზე დისკუსიის უწყვეტობას უზრუნველყოფს.

აპლიკაციის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფუნქცია ფსევდონიმებით პოსტვაა. მომხმარებლებს შეუძლიათ, დისკუსიებში გამოგონილი სახელებით ჩაერთონ. მაგალითად, კინომოყვარულთა ჯგუფში შეგიძლიათ „CinemaFan88“ დაირქვათ.

თუმცა სრული ანონიმურობისგან განსხვავებით, ადმინისტრატორებისთვის კლავიატურის მიღმა მყოფი ადამიანის რეალური ვინაობა მაინც ხილული რჩება. ეს მიდგომა პლატფორმას Reddit-ის მსგავს, თავისუფალ ატმოსფეროს სძენს და, პარალელურად, Facebook-ის მოდერაციისა და უსაფრთხოების სტანდარტებს ინარჩუნებს.

ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია

პროცესში აქტიურად არის ჩართული ხელოვნური ინტელექტიც:

  • „Ask“ განყოფილება: აგროვებს პასუხებს სხვადასხვა ჯგუფიდან და მათ ერთიან, Q&A (კითხვა-პასუხის) ფორმატად აქცევს;

  • AI-ასისტენტი: ეხმარება მოდერატორებს საუბრების მართვაში, წესების დაცვასა და კონფლიქტური სიტუაციების თავიდან აცილებაში.

ეს სრულად შეესაბამება Meta-ს გლობალურ სტრატეგიას, ჩართოს AI საკუთარ პროდუქტებში მომხმარებელთა ჩართულობის გასაზრდელად.

აღსანიშნავია, რომ Meta-სთვის დამოუკიდებელი საკომუნიკაციო აპლიკაციების შექმნა ახალი არ არის. 2014 წელს კომპანიამ უკვე გამოუშვა სპეციალურად ჯგუფებისთვის განკუთვნილი აპლიკაცია, რომელიც დაბალი ინტერესის გამო 2017 წელს დაიხურა.

Forum-ის გამოჩენა ემთხვევა მეტაში მიმდინარე ექსპერიმენტების ფართო ტალღას. მაგალითად, კომპანია ამჟამად ტესტავს გაქრობადი ფოტოების აპლიკაციას – Instants-ს (რომელსაც ხშირად Snapchat-სა და BeReal-ს ადარებენ). თავად მარკ ცუკერბერგის განცხადებით, AI ტექნოლოგიების დახმარებით კომპანიამ მომავალში შესაძლოა ათობით ახალი, მსგავსი ფორმატის აპლიკაცია შექმნას.

ამ ეტაპზე Forum უფრო სატესტო, შეზღუდულ ვერსიას ჰგავს, ვიდრე გლობალურ გაშვებას. იქცევა თუ არა ის Reddit-ის რეალურ კონკურენტად, თუ უხმაუროდ გაქრება ციფრული სივრციდან, იმაზეა დამოკიდებული, მართლა სურს თუ არა ხალხს ფეისბუქის ჯგუფების უფრო სუფთა და AI-ით გაუმჯობესებული ვერსიის გამოყენება.