ტექნოლოგიურ ინდუსტრიას ხელოვნურ ინტელექტზე დახარჯული კოლოსალური თანხების გამართლება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ის ადამიანურ სამუშაო ძალას 24/7-ზე მომუშავე მანქანებით ჩაანაცვლებს. ამან ფინანსურ ბაზარზე ისეთი ისტორიული ბუშტი შექმნა, რომელიც ზოგიერთი მეტრიკით „დიდი დეპრესიის“ წინა პერიოდზე უარესადაც კი გამოიყურება. თუმცა AI-ს სრული ბატონობის სცენარი ამჟამინდელი ტემპებით სულ უფრო არარეალისტური ხდება და კორპორატიული სამყაროს ლიდერებიც ნელ-ნელა აცნობიერებენ ამ რეალობას.
საბუღალტრო გიგანტის, KPMG-ის ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც 20 ქვეყნის 2145 მაღალჩინოსანს აერთიანებს, აღმასრულებლები შოკირებულები არიან AI-ს მოხმარებაზე დაფუძნებული ახალი ტარიფებით. თუ წარსულში ტექნოლოგიური კომპანიები ენობრივი მოდელების ფასს ფიქსირებული კონტრაქტებით ასუბსიდირებდნენ, გამოთვლითი სიმძლავრეების გაძვირებამ ეს პრაქტიკა დაასრულა.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 29 პროცენტს წარმოდგენა არ აქვს, საიდან მოდის ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული მზარდი ხარჯები. დამატებით ერთმა მესამედმა კი აღიარა, რომ AI-ს ეკონომიკის გაუგებრობა სამუშაო პროცესში მის წარმატებულად დანერგვას ხელს უშლის. ფაქტობრივად, მენეჯერები AI-ს აღიქვამდნენ ჯადოსნურ ინსტრუმენტად, რომელიც ხარჯებს ავტომატურად შეამცირებდა, მაგრამ რეალური მუშაობისა და გამოყენების გეგმა არ გააჩნდათ და ახლა, როცა გადასახადები იზრდება, სრულ გაურკვევლობაში არიან.
ამ ფინანსური ქაოსის პარალელურად, ხელოვნური ინტელექტი – ან უფრო ზუსტად, მითი მის გარშემო – მთელ მსოფლიოში მუშახელის დისციპლინისა და დასაშინებლად გამოიყენება. ის კორპორაციებს ეხმარება, დასაქმებულები ხელფასების, ბენეფიტებისა და სტაბილურობის მოთხოვნისას უფრო სუსტ პოზიციაში ჩააყენონ.
ხელმძღვანელებს არ სჭირდებათ მანქანურ სწავლებაში დოქტორის ხარისხი იმისთვის, რომ შეცდომებისკენ მიდრეკილი და არასრულყოფილი AI მუშების გასაკონტროლებლად, ქარხნებში სათვალთვალო კამერების დასამონტაჟებლად ან მასობრივი შემცირებების გასამართლებლად გამოიყენონ.
საბოლოო ჯამში, იმისთვის, რომ AI-მ მასში ჩადებული მილიარდობით დოლარის ინვესტიცია გაამართლოს და სასურველ დონეზე იმუშაოს, ნამდვილი ტექნოლოგიური სასწაულია საჭირო. მაგრამ, თუ კორპორაციების მთავარი მიზანი მხოლოდ მოკლევადიანი ფინანსური მოგება და მუშათა კლასის ხარჯზე თანხების დაზოგვაა, ხელოვნურ ინტელექტს სრულყოფილება სულაც არ სჭირდება.
წყარო: Futurism

