კვი, 26 ივლ, 2026
ახალი ინტერაქტიული ქვიზები დაემატა საიტს — შეამოწმე შენი ცოდნა. ნახვა →
მეცნიერება

მულტითასქინგის მითი: მართლა უკეთ გამოსდით თუ არა ქალებს რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება?

TikTok-ზე პოპულარული ვიდეოები, სადაც კაცებს მარტივი საქმის კეთებისას საუბარი უჭირთ, ხოლო ქალები რამდენიმე დავალებას მარტივად უმკლავდებიან, კიდევ ერთხელ ამყარებს სტერეოტიპს, რომ ქალები...

TikTok-ზე პოპულარული ვიდეოები, სადაც კაცებს მარტივი საქმის კეთებისას საუბარი უჭირთ, ხოლო ქალები რამდენიმე დავალებას მარტივად უმკლავდებიან, კიდევ ერთხელ ამყარებს სტერეოტიპს, რომ ქალები უკეთესი „მულტითასქერები“ არიან. თუმცა მეცნიერება ერთ რამეზე ზუსტად თანხმდება – ადამიანის ტვინი მხოლოდ ერთი დავალების შესასრულებლად არის ევოლუციურად მოწყობილი, შესაბამისად, რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება ყველასთვის უკიდურესად რთულია.

წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევების შედეგები კი ამ თემაზე ძალიან ურთიერთგამომრიცხავია. მაგალითად, 2013 და 2015 წლების კვლევები ქალების უპირატესობას ამტკიცებდა (ან აღნიშნავდა, რომ კაცებს მეტი ძალისხმევა სჭირდებოდათ), 2017-2019 წლების კვლევებმა სქესებს შორის სხვაობა საერთოდ ვერ გამოავლინა, ხოლო 2021 წელს ჩატარებულმა ტესტმა აჩვენა, რომ ინფორმაციის გადამუშავების სისწრაფის ხარჯზე მამაკაცებმა უკეთესი შედეგი დადეს.

რატომ არის კვლევის შედეგები ასეთი არათანმიმდევრული?

გერმანელი პროფესორის, ტილო სტრობახის აზრით, შედეგების მსგავსი სხვაობა ექსპერიმენტების განსხვავებული დიზაინით აიხსნება. ზოგიერთი ტესტი საქმეების სინქრონულ შესრულებას მოითხოვს, ზოგი კი – სწრაფ თანმიმდევრულობას. გარდა ამისა, დიდ როლს თამაშობს თავად დავალების სპეციფიკაც. დამტკიცებულია, რომ ქალებს უკეთ გამოსდით სიტყვების მოძიება და დამახსოვრება, ხოლო მამაკაცებს – რთული 3D ფიგურების სივრცეში ბრუნვის წარმოდგენა. შესაბამისად, თუ მულტითასქინგის ტესტი რომელიმე სქესის ბუნებრივ ძლიერ მხარეზეა აგებული, ის საბოლოო შედეგებზეც პირდაპირ აისახება. სტრობახი დარწმუნებულია, რომ სქესებს შორის ამ კუთხით არანაირი სხვაობა არ არსებობს და ეს უბრალოდ სტერეოტიპია, რომელიც თვითაღსრულებად წინასწარმეტყველებად იქცევა ხოლმე – მამაკაცების მოტივაციას წინასწარვე ამცირებს და მათ შედეგებს აუარესებს.

საუბარი პარალელურ რეჟიმში – სტერეოტიპის მთავარი მიზეზი

ბრუნელის უნივერსიტეტის მკვლევრების, ანდრე და დიანა შამეიტატების ექსპერიმენტმა სტერეოტიპის წარმოშობის სრულიად ახალი ახსნა შემოგვთავაზა. მათ მონაწილეებს რეალურ ცხოვრებასთან მიახლოებული, ერთდროულად 5 დავალების შესრულება სთხოვეს, რაც მოიცავდა რეცეპტის მიყოლას, ნომრის მოძიებას, ვიზუალურ ძებნას, ეკრანზე სიტყვების კონტროლსა და პარალელურად, კითხვებზე პასუხის გაცემას. აღმოჩნდა, რომ ორივე სქესმა დავალებებს თანაბრად კარგად გაართვა თავი, გარდა ერთისა – საუბრისა. დატვირთულ რეჟიმში მამაკაცები ქალებთან შედარებით ორჯერ ხშირად ტოვებდნენ აუდიოკითხვებს პასუხგაუცემელს.

რას ნიშნავს ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში?

დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა სწორედ ამ დუმილის გამო შეაფასეს მამაკაცები უფრო სტრესულ და ცუდ მულტითასქერებად. ჯერჯერობით უცნობია, კაცები საუბარს სტრატეგიულად წყვეტენ კონცენტრაციისთვის, თუ გონებრივი გადატვირთვის გამო ვეღარ ახერხებენ პასუხის გაცემას. მეცნიერების რჩევით, თუ მამაკაცი პარტნიორი რაიმე საქმით არის დაკავებული და საუბრისას მოულოდნელად დუმდება, ამაზე ბრაზი არ ღირს, რადგან ეს ტვინის მუშაობის გავრცელებული სპეციფიკაა და არა უზრდელობა. თუმცა მკვლევრები იმაზეც მიუთითებენ, რომ კრიტიკულ სიტუაციებში (მაგალითად, პილოტისა და სადისპეტჩეროს კომუნიკაციისას), მსგავსი დუმილის რისკები სამომავლოდ დამატებით შესწავლას მოითხოვს და ამ ეტაპზე ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა არასწორია.

წყარო: Big Think