პარ, 19 ივნ, 2026
მეცნიერება

ნორვეგია მსოფლიოში პირველ საოკეანო გვირაბს აშენებს

ნორვეგიამ ოფიციალურად დაამტკიცა მსოფლიოში პირველი საოკეანო გემების გვირაბის მშენებლობა. მიუხედავად იმისა, რომ გემებისთვის განკუთვნილი გვირაბები 1679 წლიდან არსებობს, აქამდე ისინი მხოლოდ შიდა...

ნორვეგიამ ოფიციალურად დაამტკიცა მსოფლიოში პირველი საოკეანო გემების გვირაბის მშენებლობა. მიუხედავად იმისა, რომ გემებისთვის განკუთვნილი გვირაბები 1679 წლიდან არსებობს, აქამდე ისინი მხოლოდ შიდა წყლებში, არხებსა და ნავსადგურებში გამოიყენებოდა. სტადის (Stad) საოკეანო გვირაბი კი ამ მხრივ სრულიად უპრეცედენტო საინჟინრო პროექტია.

სტადლანდეტის ნახევარკუნძულზე, მყარ კლდეში გასაჭრელი პროექტის ბიუჯეტი 8.6 მილიარდ ნორვეგიულ კრონს (დაახლოებით 805 მილიონ აშშ დოლარს) შეადგენს. უშუალოდ გვირაბის სიგრძე 1.7 კილომეტრია, თუმცა უსაფრთხოების კონსტრუქციების ჩათვლით, რომლებიც გემების უსაფრთხო ნავიგაციას ემსახურება, ის 2.2 კილომეტრს მიაღწევს.

გვირაბის საერთო სიმაღლე 50 მეტრი იქნება (აქედან 33 მეტრი ზღვის დონიდან ჭერამდე), ხოლო სიგანე – 36 მეტრი. ასეთი გაბარიტები საშუალებას მისცემს მას, გაატაროს 12-მეტრიანი წყალშიგის მქონე დიდი ზომის გემები, მათ შორის ბორნები და საკრუიზო ლაინერები.

ერთი შეხედვით, შედარებით მოკლე მანძილისთვის ამხელა ინვესტიცია გადაჭარბებული ჩანს, თუმცა გადაწყვეტილებას მყარი ლოგიკა უდევს საფუძვლად. ნორვეგიის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე სტადჰავეტის ზღვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული და საშიში მონაკვეთია, სადაც წელიწადში დაახლოებით 100 დღე შტორმია.

ტალღების სიმაღლე აქ ხშირად 30 მეტრს აღწევს და სხვადასხვა მიმართულებიდან ერთდროულად ურტყამს გემებს. ამის გამო საზღვაო მოძრაობა ფერხდება, მალფუჭებადი ზღვის პროდუქტების ექსპორტი ყოვნდება და ლოგისტიკური დატვირთვა მთლიანად სარკინიგზო ქსელზე გადადის, რაც ნახევარკუნძულს სავაჭრო მარშრუტის მთავარ დამაფერხებელ წერტილად აქცევს.

იდეა ათწლეულების განმავლობაში განიხილებოდა და ნორვეგიის პარლამენტმა ის 2021 წელს დაამტკიცა. მართალია, 2025 წლის ბოლოს სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდის გამო პროექტი დროებით შეჩერდა, მაგრამ ბიუჯეტის გადახედვის შემდეგ ახლა კვლავ განახლდა. მშენებლობის დაწყება 2027 წლის დასაწყისში იგეგმება და პროცესი დაახლოებით ხუთ წელს გასტანს.

ნორვეგიის მთავრობის ვარაუდით, გვირაბი ხელს შეუწყობს თევზის რეწვისა და ტურიზმის განვითარებას, ტვირთბრუნვას სახმელეთო გზებიდან ზღვაზე გადაიტანს და საწვავის მოხმარებასა და მავნე გამონაბოლქვს 60%-მდე შეამცირებს. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აღნიშნავს, ევროპაში საექსპორტოდ გამზადებული ნორვეგიული ორაგული დანიშნულების ადგილზე დროულად უნდა ჩავიდეს, რათა მომხმარებელმა ის სუშის სახით მიირთვას და ტრანსპორტირების შეფერხების გამო ფერმენტირებულ თევზად არ იქცეს.

წყარო: New Atlas