ორშ, 3 აგვ, 2026
ახალი ინტერაქტიული ქვიზები დაემატა საიტს — შეამოწმე შენი ცოდნა. ნახვა →
რობოტიკა

აშშ-ის ახალი შეზღუდვები ჩინურ რობოტიკაზე

ტრამპის ადმინისტრაციამ ეროვნული უსაფრთხოების რისკების მოტივით შეერთებულ შტატებში უცხოური წარმოების ახალი ჰუმანოიდი და ოთხფეხა რობოტების, ასევე ინვერტორების იმპორტი აკრძალა. კომუნიკაციების ფედერალური კომისიის...

ტრამპის ადმინისტრაციამ ეროვნული უსაფრთხოების რისკების მოტივით შეერთებულ შტატებში უცხოური წარმოების ახალი ჰუმანოიდი და ოთხფეხა რობოტების, ასევე ინვერტორების იმპორტი აკრძალა. კომუნიკაციების ფედერალური კომისიის (FCC) მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება, ძირითადად, ჩინური ტექნოლოგიების წინააღმდეგაა მიმართული და აღნიშნულ პროდუქტებს ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველთა სპეციალურ სიაში აქცევს.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდვა ეხება მხოლოდ ახალ მოდელებს და არ კრძალავს უკვე ავტორიზებული ტექნიკის გაყიდვასა თუ გამოყენებას. ამერიკული მარეგულირებლის განმარტებით, უცხოური წარმოების ინვერტორებისა (რომლებიც მონაცემთა ცენტრებსა და მზის პანელებში გამოიყენება) და მოწინავე რობოტების გამოყენებამ უცხოელ აქტორებს შესაძლოა მისცეს ინფრასტრუქტურის გათიშვის, მონაცემთა მოპარვის, დისტანციური მართვისა და ამერიკის მოქალაქეებზე ფარული კიბერ-მეთვალყურეობის საშუალება.

ეს ნაბიჯი ვაშინგტონსა და პეკინს შორის მიმდინარე ფართომასშტაბიანი ტექნოლოგიური და ეკონომიკური დაპირისპირების მორიგი ფაზაა. შეერთებული შტატები ინტენსიურად ცდილობს ჩინეთის სამხედრო მოდერნიზაციის შეფერხებას და ხელოვნური ინტელექტის სფეროში საკუთარი გლობალური ლიდერობის შენარჩუნებას, რისთვისაც უკვე გამოიყენა ჩინურ ელექტრომობილებზე მკაცრი ტარიფების დაწესება და უახლესი ამერიკული ნახევარგამტარების ექსპორტის ბლოკირება. ამასთანავე, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ჩინური AI კომპანიები ამერიკული ინტელექტუალური საკუთრების შესაძლო მითვისებაში დაადანაშაულა და მათ სანქციებით დაემუქრა. ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს ვაშინგტონში ჩინეთის საელჩო, რომელიც ამერიკულ მხარეს ჰეგემონიურ აზროვნებასა და ვაჭრობის უსაფუძვლო პოლიტიზებაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ პეკინის მიღწევები მხოლოდ მათი თავდადებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგია. ჩინური მხარე საკუთარი ინტერესების დასაცავად ყველა აუცილებელი საპასუხო ზომის მიღებას აანონსებს.

ახალი რეგულაციები უშუალოდ ურტყამს ჩინურ რობოტიკის ინდუსტრიას, რომელიც უპრეცედენტო სისწრაფით ვითარდება. ჩინური კომპანიები საყოფაცხოვრებო და საწარმოო დანიშნულების ჰუმანოიდ რობოტებს აქტიურად ქმნიან და ცდილობენ, ბაზარზე ამერიკულ კონკურენტებს – ილონ მასკის Tesla-სა და Boston Dynamics-ს დაასწრონ. ამერიკული მხარისთვის მთავარ გამოწვევად რჩება არა მხოლოდ საკუთარი ბაზრის დაცვა, არამედ მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის შენარჩუნება, რათა თავიდან აიცილოს ისეთივე კრიზისი, როგორიც გასულ წელს ჩინეთის მიერ ელექტრონიკისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან იშვიათ ლითონებზე ექსპორტის გამკაცრებამ გამოიწვია.

წყარო: BBC