კომპანია Microsoft-მა ახალი კვანტური ჩიპი, Majorana 2 წარადგინა, რომელიც წინამორბედთან შედარებით 1000-ჯერ საიმედოა. კვანტური გამოთვლების მთავარი გამოწვევა კუბიტების სისუსტე და არასტაბილურობაა. თუ წინა მოდელში კუბიტები მხოლოდ მილიწამებით ცოცხლობდნენ, ახალ ჩიპში მათმა სიცოცხლისუნარიანობამ საშუალოდ 20 წამს მიაღწია. კომპანია ამ პროგრესს ადარებს ტელეფონს, რომელსაც ყოველდღიური დატენვის ნაცვლად, ენერგია რამდენიმე წლის განმავლობაში ჰყოფნის.
ამ მიღწევაზე დაყრდნობით, Microsoft-ის კვანტური განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი, ზულფი ალამი აცხადებს, რომ 2029 წლისთვის კომპანიას ექნება კომერციულად სიცოცხლისუნარიანი კვანტური მანქანა, რომელიც პრაქტიკული პრობლემების გადაჭრას შეძლებს. ამჟამად ჩიპს 12 კუბიტი აქვს, თუმცა სრულყოფილი მუშაობისთვის მომავალში მილიონობით კუბიტი იქნება საჭირო.
Microsoft უკვე 20 წელია, კვანტური გამოთვლების „ტოპოლოგიურ“ მიდგომას ავითარებს. ეს მეთოდი ეფუძნება იტალიელი ფიზიკოსის, ეტორე მაიორანას მიერ 1930-იან წლებში თეორიულად ნაწინასწარმეტყველებ კვაზი-ნაწილაკებსა და მატერიის სრულიად ახალ მდგომარეობას. ახალ ჩიპში მნიშვნელოვანი ცვლილებაა ისიც, რომ ზეგამტარად ალუმინის ნაცვლად ტყვია გამოიყენეს, რაც, კომპანიის თქმით, ადამიანმა მეცნიერებმა მოიფიქრეს და არა ხელოვნურმა ინტელექტმა.
მიუხედავად ამისა, მეცნიერთა ნაწილი კომპანიის განცხადებებს სკეპტიკურად უყურებს. ამის მიზეზი ნაწილობრივ ისიცაა, რომ 2018 წელს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული სტატიის უკან გაწვევა მოუწიათ. ზოგიერთი ექსპერტი იმასაც კი ამბობდა, რომ Microsoft-ის კვლევა მეცნიერებას დაშორდა და რწმენის სფეროში გადავიდა. თუმცა კომპანიაში საკუთარ შედეგებში დარწმუნებულები არიან. ამჟამად ისინი აშშ-ის თავდაცვის კვლევითი სააგენტოს (DARPA) პროგრამის ფინალურ ეტაპზე იმყოფებიან და მონაცემებს შესაფასებლად მათ უზიარებენ, მაგრამ უახლეს მიღწევაზე გამოქვეყნებულ სტატიას დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასება ჯერ არ გაუვლია.
კვანტური კომპიუტერების წარმატებით განვითარებამ შეიძლება ისეთი გლობალური პრობლემები გადაჭრას, რომლებსაც დღეს ათწლეულები სჭირდება. Microsoft-ის წარმომადგენლები ასეთ გამოწვევებად მიკროპლასტმასის განადგურებასა და სურსათის წარმოებისთვის უკეთესი სასუქების შექმნას ასახელებენ. მათი ხედვით, ადამიანების, ხელოვნური ინტელექტისა და კვანტური კომპიუტერების სინერგია ამ პროცესებს მნიშვნელოვნად დააჩქარებს და საზოგადოებას დიდ სარგებელს მოუტანს.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტექნოლოგიური გიგანტები ერთმანეთს ეჯიბრებიან სრულყოფილი კვანტური კომპიუტერის შექმნაში, რადგან კუბიტები ტემპერატურის უმცირესი ცვლილებისა თუ ვიბრაციის მიმართაც კი უკიდურესად მგრძნობიარენი არიან. თუმცა, მიუხედავად კვანტური ტექნოლოგიის პოტენციალისა, Google DeepMind-ის თანადამფუძნებელი დემის ჰასაბისი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ უცნობია, სად გადის ტრადიციული კომპიუტერების შესაძლებლობების რეალური ზღვარი და შესაძლოა, მათი ჩამოწერა ნაადრევი იყოს.

