სამ, 16 ივნ, 2026
რობოტიკა

პირველი ჰუმანოიდი რობოტი, რომელმაც 6000-მეტრიანი მწვერვალი დაიპყრო

ალპინიზმი ტრადიციულად ადამიანის ამტანობასთან ასოცირდება, თუმცა ეკვადორში მდებარე ჩიმბორასოს ვულკანზე ასვლით, ჰუმანოიდმა რობოტმა, სახელად Pemba, დაამტკიცა, რომ ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოს ყველაზე მკაცრ...

ალპინიზმი ტრადიციულად ადამიანის ამტანობასთან ასოცირდება, თუმცა ეკვადორში მდებარე ჩიმბორასოს ვულკანზე ასვლით, ჰუმანოიდმა რობოტმა, სახელად Pemba, დაამტკიცა, რომ ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოს ყველაზე მკაცრ გარემო-პირობებსაც წარმატებით უმკლავდება.

5 ივნისს მოდიფიცირებულმა Unitree G1 მოდელის რობოტმა ზღვის დონიდან 20 300 ფუტზე (6 180 მეტრზე) მაღლა მდებარე მწვერვალს მიაღწია, რითაც ისტორიაში პირველი ჰუმანოიდი გახდა, რომელმაც 6 000-მეტრიანი სიმაღლე დაძლია. პროექტს ინჟინერი პაბლო ბერლანგა ბოემარე ხელმძღვანელობდა, კომპანიებთან Eastworlds Labs და Geologic Dome პარტნიორობით.

ექსპედიციის დროს რობოტი ლაბორატორიული პირობებისგან სრულიად განსხვავებულ, ექსტრემალურ გარემოში მოხვდა – ტემპერატურა -15°C-მდე დაეცა, ხოლო ქარის სიჩქარე 90 კმ/სთ-ს აღწევდა.

ინჟინრებმა Pemba-ს სტრუქტურა მთის პირობებს მოარგეს:

  • სპეციალური აღჭურვილობა: რობოტი აღიჭურვა დამცავი ტანსაცმლითა და კომპოზიტური მასალის ფეხებით, რათა ვულკანურ კლდეზე, თოვლსა და ყინულზე უკეთესად ემოძრავა.

  • მოძრაობა და ტრანსპორტირება: 30 გრადუსზე ნაკლები დახრილობის ფერდობებზე რობოტმა ავტონომიურად იარა, უფრო რთულ ტექნიკურ მონაკვეთებზე კი მას ალპინისტები ეხმარებოდნენ. რობოტი დაახლოებით 35 კგ-ს  იწონის და ბანაკებს შორის მარტივად გადასატანად იკეცება.

  • წინასწარი სიმულაცია: მთაში წასვლამდე, მისი მოძრაობის სისტემები NVIDIA-ს Isaac Sim პლატფორმაზე გაიტესტა, სადაც ინჟინრებმა ქარისა და უსწორმასწორო რელიეფის სიმულაცია ხელოვნურად შექმნეს.

ჩიმბორასოს ექსპედიცია კონცეფციის დასამტკიცებელ ტესტს წარმოადგენდა უფრო ამბიციური მისიისთვის: 2026 წლის ბოლოს ან 2027 წლის დასაწყისში გუნდი ევერესტის დალაშქვრას გეგმავს. ორგანიზატორების თქმით, მზადება უკვე დაწყებულია ნეპალელი შერპების საზოგადოებისა და Netflix-ის დოკუმენტური ფილმის, 14 Peaks: Nothing Is Impossible, შემქმნელთა გუნდთან დაკავშირებული პირების მხარდაჭერით.

მთამსვლელი რობოტი მხოლოდ სიმბოლური მიღწევა არ არის; მკვლევრები მას მნიშვნელოვან პრაქტიკულ ექსპერიმენტად განიხილავენ. ჩიმბორასოზე ასვლამ გუნდს ექსტრემალურ პირობებში რობოტის ბალანსის, ამტანობის, ნავიგაციისა და კომუნიკაციის შესახებ ძვირფასი მონაცემები მიაწოდა.

სენსორებით, კამერებითა და სატელიტური კავშირით აღჭურვილი Pemba სამომავლოდ მეცნიერებს მყინვარების, ველური ბუნებისა და ეკოსისტემების მონიტორინგში დაეხმარება ისეთ რეგიონებში, სადაც ადამიანებისა და დრონების შესაძლებლობები შეზღუდული ან ზედმეტად სახიფათოა.

წყარო: Design Taxi