კვი, 26 ივლ, 2026
ახალი ინტერაქტიული ქვიზები დაემატა საიტს — შეამოწმე შენი ცოდნა. ნახვა →
მეცნიერება

დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტა სულ რაღაც 25 სინათლის წლის მანძილზე აღმოაჩინეს

ცოტა ხნის წინ აღმოჩენილი ეგზოპლანეტა, რომელიც ჩვენგან მხოლოდ 25 სინათლის წლითაა დაშორებული, ჩვენს პლანეტას ბევრად უფრო ჰგავს, ვიდრე ადრე ეგონათ. შორეული სამყარო,...

ცოტა ხნის წინ აღმოჩენილი ეგზოპლანეტა, რომელიც ჩვენგან მხოლოდ 25 სინათლის წლითაა დაშორებული, ჩვენს პლანეტას ბევრად უფრო ჰგავს, ვიდრე ადრე ეგონათ. შორეული სამყარო, სახელწოდებით GJ 3378b, წითელი ჯუჯა ვარსკვლავის საბინადრო ზონაში ბრუნავს – ეს იმ ტიპის ვარსკვლავია, რომელიც ჩვენს მზეზე გაცილებით პატარა და გრილია – სადაც ტემპერატურა ისეთია, რომ ზედაპირზე თხევადი წყლის არსებობა შესაძლებელი ხდება.

თუმცა თავიდან, ამის მიღმა სიცოცხლის შენარჩუნების პერსპექტივა ბუნდოვნად გამოიყურებოდა. ასტრონომები ეჭვობდნენ, რომ ეს კლდოვანი სამყარო იყო, მაგრამ მისი მასა დედამიწისას სულ მცირე ხუთჯერ აღემატებოდა – ასტრონომების ენაზე „სუპერ-დედამიწა“. ასეთ მძიმე პლანეტას, წარმოუდგენელ ზედაპირულ გრავიტაციასთან ერთად, იმდენად მკვრივი ატმოსფერო ექნებოდა, რომ სიცოცხლის არსებობის ნებისმიერ შანსს ჩააქრობდა.

თუმცა, როგორც ჩანს, ეს აღარ შეესაბამება სინამდვილეს. The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში კალიფორნიის უნივერსიტეტის (ერვაინი) მკვლევრები ეგზოპლანეტას ხელახლა დააკვირდნენ და აღმოაჩინეს, რომ მისი მასა ბევრად„მოსახერხებელი“ – დედამიწისას ორჯერ აღემატება. ჩვენს მზის სისტემასთან სიახლოვესთან ერთად, ის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი უახლოესი კანდიდატია სიცოცხლის პოტენციური არსებობისთვის.

„ეს პლანეტა ნამდვილად საინტერესოა“, – თქვა კვლევის წამყვანმა ავტორმა პოლ რობერტსონმა, ერვაინის უნივერსიტეტის ასტრონომიის ასოცირებულმა პროფესორმა, სამუშაოსთან დაკავშირებულ განცხადებაში. „ეს ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი კოსმოსური მეზობელია. 25 სინათლის წელი შორ მანძილად ჟღერს, მაგრამ ირმის ნახტომი დაახლოებით 100 000 სინათლის წლის სიგანისაა, ასე რომ, ამ თვალსაზრისით ის ჩვენი კარის მეზობელია“.

სანამ გავიგებთ, რამდენად სტუმართმოყვარეა GJ 3378b სიცოცხლისთვის, კიდევ ბევრი კვლევაა ჩასატარებელი. ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი მისი ატმოსფეროა. საერთოდ აქვს თუ არა ის, და თუ აქვს, საკმარისად მკვრივია, რომ ვარსკვლავის რადიაციისგან დაიცვას? და რა წნევას ქმნის?

ეს ნატიფი წონასწორობაა. „თუ დედამიწას ვაშლის ზომამდე შევამცირებთ“, – განმარტა რობერტსონმა, – „მისი ატმოსფერო დაახლოებით ვაშლის კანივით სქელი იქნება“. ეს კი სწორედ ის რაოდენობაა, რომელიც თხევად წყალსა და სასუნთქ ჰაერს არსებობის საშუალებას აძლევს და ამავე დროს კოსმოსური რადიაციისგანაც იცავს, დასძინა მან.

ასტრონომიაში მწვავე დებატებია იმის თაობაზეც, საერთოდ საცხოვრებელია თუ არა წითელი ჯუჯების სისტემები. ითვლება, რომ ეს ვარსკვლავები უაღრესად არასტაბილურია და რეგულარულად უშვებენ მძლავრ მზის ნათებებს. რადგან მათი საბინადრო ზონები უფრო მცირეა, სიცოცხლის შემნახველი პოტენციური არეალი ამ ამოფრქვევებთან გაცილებით ახლოსაა, რაც პლანეტებს ატმოსფეროს ჩამოაცლიდა და ახლადწარმოქმნილ სიცოცხლეს გაასტერილებდა. ვარსკვლავთან ასეთი სიახლოვე იმასაც ნიშნავს, რომ ასეთი პლანეტები, სავარაუდოდ, მოქცევითად ჩაკეტილია – ვარსკვლავის გრავიტაცია მათ ბრუნვას უშლის ხელს, ისე რომ ერთი მხარე მუდამ ვარსკვლავისკენაა მიმართული.

წყარო: Futurism