სამ, 21 ივლ, 2026
ახალი ინტერაქტიული ქვიზები დაემატა საიტს — შეამოწმე შენი ცოდნა. ნახვა →
მეცნიერება

„გონებრივი დრამა“: როგორ ვებრძოლოთ ზედმეტ ფიქრს და დავაღწიოთ თავი რუმინაციას

მეცნიერების ჟურნალისტი დონა ჯექსონ ნაკაზავა თავის ახალ წიგნში „გონებრივი დრამა“ (Mind Drama) განიხილავს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, როდესაც ადამიანი მუდმივად უბრუნდება ნეგატიურ ფიქრებსა და...

მეცნიერების ჟურნალისტი დონა ჯექსონ ნაკაზავა თავის ახალ წიგნში „გონებრივი დრამა“ (Mind Drama) განიხილავს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, როდესაც ადამიანი მუდმივად უბრუნდება ნეგატიურ ფიქრებსა და წარსულში მომხდარ სტრესულ მოვლენებს. ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგების კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები ფხიზელი დროის დაახლოებით 46.9%-ს აწმყოს ნაცვლად, სხვა რამეებზე ფიქრში ატარებენ. ეს ე. წ. „გონებრივი ხეტიალი“ უბედურების შეგრძნების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. გამუდმებული ნერვიულობა და წარსულზე ფიქრი (რუმინაცია) აზიანებს არა მხოლოდ ფსიქიკურ, არამედ ფიზიკურ ჯანმრთელობასაც. როდესაც გონება სტრესულ სიტუაციას თავიდან იაზრებს, სხეულიც თავიდან განიცდის მას. ამ დროს გამოიყოფა ჰორმონი კორტიზოლი, რომლის ჭარბი და მუდმივი გამომუშავება იწვევს ქრონიკულ ანთებას, მეხსიერების დაქვეითებას და ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა თუ კიბოს ზოგიერთი ტიპის განვითარების რისკს.

ნაკაზავას თქმით, რუმინაცია არის „გადარჩენის ინსტინქტის არასწორი მუშაობა“. პრეისტორიულ დროში საფრთხეებზე მუდმივი ფიქრი ჩვენს წინაპრებს ფიზიკურ გადარჩენაში ეხმარებოდა, თუმცა დღეს, როცა სასიკვდილო საფრთხეები იშვიათია, ეს მექანიზმი მშვიდად ცხოვრებაში გვიშლის ხელს. ეს პროცესი ტვინის კონკრეტულ ნაწილში, ე. წ. „ნაგულისხმევი რეჟიმის ქსელში“ მიმდინარეობს. ის პასუხისმგებელია ოცნებაზე, მოგონებებზე, მომავლის სცენარების წარმოდგენასა და ჩვენი იდენტობის ფორმირებაზე. როდესაც რუმინაციას განვიცდით, ეს ქსელი დახურულ წრეზე მუშაობს და ტვინის სხვა ნაწილებთან, მათ შორის პრობლემის გადაჭრაზე პასუხისმგებელ ცენტრებთან, კავშირს წყვეტს.

მიუხედავად იმისა, რომ კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია (CBT) ფსიქოთერაპიის ოქროს სტანდარტად ითვლება, სისტემურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ის რუმინაციის დროს ყოველთვის არ მუშაობს. ნაკაზავა გვთავაზობს სპეციალურ MIST მიდგომას, რომელიც სამი ძირითადი გამოცდილების გაანალიზებას გულისხმობს: მენტალური ვიზუალების, ინტენსიური ემოციებისა და სხეულებრივი შეგრძნებების აღქმას, რათა ეს ყველაფერი ერთიან სურათად შეიკრას.

ამ მეთოდის პირველი ნაბიჯი ემოციების, სურათებისა და შეგრძნებების სიტყვებით აღწერაა. კვლევები ადასტურებს, რომ ემოციის სიტყვიერად გადმოცემა ტვინში საფრთხის დეტექტორს (ამიგდალას) ამშვიდებს. მეორე ნაბიჯი საკუთარი თავის მოსმენაა. ფიქრების ჩახშობისა და იგნორირების ნაცვლად, მათ უნდა დავაკვირდეთ, რადგან ხშირად რუმინაცია პრობლემებისგან გაქცევის მცდელობაა. საბოლოო ჯამში, უმეტესად ადამიანები ერთსა და იმავე რამეზე ვნერვიულობთ და გვაწუხებს ფარული შიში – ვართ თუ არა მნიშვნელოვანი ჩვენთვის ძვირფასი ადამიანებისთვის. როგორც კი ამ ფარულ განცდებს მოვუსმენთ, პრობლემის მოგვარების გეგმის დასახვასაც შევძლებთ.

წიგნში ასევე საუბარია სხვა დამხმარე ტექნიკებზეც. მაგალითად, რიტმული სუნთქვა (ამოოხვრა) და საკუთარ თავთან მესამე პირში (დისტანცირებულად) საუბარი ემოციების დარეგულირებაში ეფექტურად გვეხმარება. გარდა ამისა, წერის თერაპია და შემოქმედებითი პროცესები რუმინაციის დაძლევის შესანიშნავი გზაა. კრეატიულობის დროს DMN ქსელი დახურული წრიდან გამოდის, ფუნქციას იცვლის და ტვინის სხვა უბნებთან იწყებს ურთიერთქმედებას. ყველაზე საიმედო კი ის ფაქტია, რომ ადამიანის ტვინი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინარჩუნებს ნეიროპლასტიკურობას. ნეგატიური ფიქრების სპირალი და ზედმეტი ნერვიულობა ტვინში ადრეულ ასაკში ჩამოყალიბებული ნერვული ბილიკებია, რომელთა შეცვლა, გადაპროგრამება და ახლით ჩანაცვლება ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი.

წყარო: Big Think