Adobe თავის ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს აძლიერებს და ფოტო-ვიდეო მასალის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პოპულარული პროგრამების შემქმნელ კომპანიას, Topaz Labs-ს ყიდულობს. გარიგების ფინანსური დეტალები უცნობია, თუმცა ტრანზაქციის საბოლოოდ დასრულება, მარეგულირებლების თანხმობის შემდეგ, 2026 წლის მეორე ნახევარში იგეგმება. ამ ნაბიჯით Adobe მილიონობით Creative Cloud-ის მომხმარებელს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის გამოსახულებასა და რედაქტირების მძლავრ ფუნქციებს შესთავაზებს, რითაც საკუთარ Firefly AI პლატფორმას მნიშვნელოვნად გააძლიერებს.
ორ ათწლეულზე მეტი ხნის წინ დაარსებული Topaz Labs ცნობილია ისეთი აპლიკაციებით, როგორებიცაა Topaz Photo AI, Topaz Video AI და Gigapixel. ისინი გენერაციული კონტენტის შექმნის ნაცვლად, უკვე არსებული მედიის ხარისხის გაუმჯობესებაზე, ე. წ. ხმაურის (Noise) შემცირებაზე, დეტალების გამოკვეთასა და ძველი კადრების აღდგენაზე არიან ფოკუსირებულნი. კომპანიის ტექნოლოგია იმდენად მაღალი დონისაა, რომ მას ემის ჯილდოც კი აქვს მოპოვებული და ფართოდ გამოიყენება პროფესიონალი ფოტოგრაფებისა თუ კინემატოგრაფისტების მიერ.
Adobe-სთვის განსაკუთრებით მიმზიდველი აღმოჩნდა Topaz Labs-ის ექსკლუზიური ტექნოლოგია, სახელწოდებით Neurostream. ის რთულ AI მოდელებს საშუალებას აძლევს, ძვირადღირებული ღრუბლოვანი სერვერების ნაცვლად, უშუალოდ რიგითი მომხმარებლის კომპიუტერულ ტექნიკაზე ეფექტიანად იმუშაოს. შედეგად, ეს Photoshop-ში, Lightroom-სა და Premiere Pro-ში რედაქტირების პროცესს ბევრად უფრო სწრაფსა და მოქნილს გახდის.
მაშინ, როცა ბაზარზე ისეთი კონკურენტები, როგორებიცაა Canva და Blackmagic Design, დიზაინერებისა და ვიდეომემონტაჟეებისთვის მუდმივად ახალ ინსტრუმენტებს ამატებენ, Adobe ამ შესყიდვით ცდილობს, საკუთარი AI შეთავაზებები მხოლოდ ახალი სურათების გენერირებით აღარ შემოფარგლოს. რაც შეეხებათ Topaz Labs-ის უკვე არსებულ მომხმარებლებს, კომპანიის ცნობით, მათთვის მყისიერად არაფერი შეიცვლება. აღმასრულებელი დირექტორი, ერიკ იანგი გუნდის ხელმძღვანელად დარჩება, ხოლო Topaz-ის პროგრამები დამოუკიდებელ აპლიკაციებად კვლავ ხელმისაწვდომი იქნება. პარალელურად კი, დროთა განმავლობაში, ეს ფუნქციები Adobe-ის ეკოსისტემაშიც უფრო ღრმად ინტეგრირდება.
წყარო: Design Taxi

