1999 წლის შემდეგ, როდესაც New York Knicks-მა ბოლოს ითამაშა NBA-ის ფინალში, გუნდში ბევრი რამ შეიცვალა – მოთამაშეების ფორმის დიზაინით დაწყებული, Madison Square Garden-ის 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების რენოვაციით დასრულებული. თუმცა ერთი რამ პრაქტიკულად უცვლელი დარჩა: მათი ლოგო.
პროფესიონალურ სპორტში, სადაც ახალი ტრენდების, წაგებების სერიის ან უბრალოდ სიახლის ძიების გამო გუნდები რებრენდინგს ხშირად მიმართავენ, Knicks-ის ერთგულება ძველი ლოგოსადმი ნამდვილი იშვიათობაა.

ლოგო 1992 წელს დიზაინერმა მაიკლ დორეტმა (Michael Doret) შექმნა. 1995 წელს მას მცირედი კორექტივები შეუტანეს (შეიცვალა ფერების პალიტრა და დაემატა დიდი ასოებით დაწერილი „New York“), თუმცა ძირითადი ფორმა დღემდე იგივეა:
- ფორმა და ფერები: მკვეთრი, მასიური ასოები კალათბურთის ბურთისა და ამოტრიალებული სამკუთხედის ფონზე. ლურჯი და ნარინჯისფერი პალიტრა უშუალოდ ნიუ-იორკის დროშის ფერებს იმეორებს.
- არქიტექტურული პერსპექტივა: NBA-ის კრეატიულ დირექტორს თავდაპირველად ლოგოზე Empire State Building-ის დატანა სურდა, თუმცა იურიდიული მიზეზების გამო შენობა საბოლოო ვერსიიდან ამოიღეს. ამის საკომპენსაციოდ, დორეტმა ლოგოს სპეციფიკური 3D ეფექტი და ჩრდილები მიანიჭა – წარწერა ისე გამოიყურება, თითქოს მას ქვემოდან, ცათამბჯენის მსგავსად ვუყურებთ.

იმ ქალაქში, სადაც სიმბოლოების ნაკლებობა არასდროს ყოფილა (დაწყებული ცნობილი ცათამბჯენების სილუეტებით, დასრულებული მილტონ გლეიზერის „I Heart New York“-ითა და Yankees-ის მონოგრამით), Knicks-ის ლოგომ საკუთარი, მყარი ადგილი დაიმკვიდრა.
ის იმდენად შეერწყა ქალაქის იდენტობას, რომ სხვადასხვა სფეროშიც გადაინაცვლა:
- მოდა: 2024 წელს ცნობილმა მოდის სახლმა Kith-მა დორეტის ძველი, ალტერნატიული ესკიზები გამოიყენა და სპეციალური კოლექცია გამოუშვა.
- პოლიტიკა: 2025 წელს ნიუ-იორკის მერმა, ზოჰრან მამდანიმ, საარჩევნო კამპანიაში ლოგოს პაროდიული ვერსია გამოიყენა, რაც თავად დიზაინერმაც დადებითად შეაფასა, რადგან ეს ლოგოს საყოველთაო პოპულარობაზე მეტყველებს.
ბრენდინგის სააგენტო Motto-ს თანადამფუძნებლის, სანი ბონელის განმარტებით, სპორტული ბრენდები ხშირად ექცევიან თანამედროვეობის წნეხის ქვეშ. ბევრი ცვლილება მხოლოდ დროებით ტრენდს პასუხობს და მალევე ძველდება. Knicks-ის მაგალითი კი აჩვენებს, რომ ტრადიციულობა და ნაცნობი ვიზუალი შეიძლება სტრატეგიულ უპირატესობად იქცეს.
გუნდების უმეტესობა აუცილებლად შეცვლიდა ლოგოს თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში, თუმცა ძველი დიზაინის შენარჩუნებით Knicks-მა საკუთარ ბრენდში ისეთი ინვესტიცია ჩადო, რომელსაც შედეგი დღესაც მოაქვს.
წყარო: Fast Company

